“მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ოლიპმიადას და ჩვენი მხრიდანაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ის ღირსეულად ჩატარდეს. როგორც კი ხელისუფლებაში მოვედი, მე იმთავითვე განვაცხადე თანხმობა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, წინა მთავრობა წინააღმდეგი იყო. ვფიქრობ, რომ ოლიმპიადამდე ბევრი რამ მოხდება და შეიძლება თავად ეს ოლიმპიადაც იქცეს გარდამტეხად ჩვენს შორის ურთიერთობაში,” – აცხადებს საქართველოს პრემიერი და იქვე დასძენს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სოჭის ოლიმპიადამდე ვერ მოხერხდება.
ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამს, თუ რა პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში ბოლო თვეებში:
“რამდენიმე დადებითი წინსვლა უკვე სახეზეა, პრაქტიკულად აღმდგარია სავაჭრო ურთიერთობა, ქართული პროდუქცია უკვე შევიდა რუსეთის ბაზარზე. აქტიურად ვმუშაობს რეგულალური ავიარეისების განახლებაზე მოსკოვსა და თბილისს შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სავიზო რეჟიმის გამარტივების და საერთოდ გაუქმების თაობაზე. მაგრამ ჯერ ისევ რჩება პრობლემები, მაგალითად, მავთულხლართების გაბმა და ადამიანების დაპატიმრება მესაზღვრეების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. ჩვენ ამ საკითხებზე ვითხოვთ პასუხებს, მაგრამ არა მგონია, ეს კეთდებოდეს ცენტრალიზებულად კრემლიდან. საერთო ჯამში, პირველი ეტაპი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ჩვენ ძალიან სწრაფად და წარმატებით გავიარეთ. არის ურთიერთობის შემდგომი ნორმალიზების პერსპექტივა”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის მოგვარების გზებზეც საუბრობს. ივანიშვილის თქმით, აფხაზებმა და ოსებმა თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება:
“ჩვენ კი უნდა შევძლოთ აფხაზებისა და ოსებისთვის მიმზიდველი სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ არა მიწისთვის, არამედ ხალხისთვის. ხალხს უნდა გაუჩნდეს ჩვენთან ერთად ცხოვრების სურვილი, ეს იქნება გადამწყვეტი. მეგობრული ურთიერთობისა და მოლაპარაკებების გარდა, სხვა გზა არ არსებობს. ვფიქრობ, რუსეთისთვის არ არის სასარგებლო ის, რომ მის გვერდით სეპარატისტული რეგიონებია განთავსებული, ეს დამატებით საფრთხეებს წარმოშობს. რუსეთს კი თავისი შიდა საფრთხეებიც საკმარისად აქვს,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას იხსენებს, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ გააკეთა: “ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა უარვყოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება”.
ივანიშვილის თქმით, რა თქმა უნდა, რთულია უარის თქმა აღიარებაზე, მით უმეტეს, რომ რუსეთს აქვს ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან:
“პუტინის ტექსტის ქვეშ იკითხება: ადამიანებმა თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ ქართველებთან ერთად სურთ ცხოვრება, მაშინ რუსეთისთვის უფრო ადვილი იქნება მისი აღიარების უარყოფა. სულ ტყუილად ფიქრობენ, რომ რუსეთს შეუძლია, როცა მოისურვებს, მაშინ წაგვართვას მიწა და დაგვიბრუნოს. ეს არც ისე ადვილია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ძმები, რომ ჩვენთან ცხოვრება უკეთესია, ვიდრე – ჩვენს გარეშე”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
