კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მომხმარებლები ხშირად მიმართავენ და ჩივიან იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მათ პირად ტელეფონის ნომრებზე კომპანიები, სარეკლამო მესიჯებით, სხვადასხვა მომსახურებისა თუ პროდუქტის შეძენას სთავაზობენ.
ვინ გვიგზავნის სარეკლამო მესიჯებს
სარეკლამო მესიჯებს გზავნიან როგორც მობილური ოპერატორები, ასევე კერძო არასაკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები და უშუალოდ რეკლამის მსურველები საკუთარი ბაზების გამოყენებით.
საკუთარი ბაზები გააჩნიათ კომპანიებს, რომელთან ურთიერთობისასაც მომხმარებელს პირადი მონაცემების, მათ შორის ტელეფონის ნომრის დაფიქსირება უწევს. ასეთია მაგალითად “თი–ბი–სი” ბანკი:
“მესიჯებს ვუგზავნით მხოლოდ ჩვენს მომხმარებლებს, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ჩვენს ბანკთან, ხოლო სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და უარი თქვან რეკლამის მიღებაზე”, – აცხადებენ “თი–ბი–სი” ბანკში, იგივეს აცხადებენ Unicard–ში და რამდენიმე სხვა კომპანიაშიც.
თუმცა ზოგიერთი კომპანია საკუთარი ბაზების შედგენას ფულის გადახდას ამჯობინებს და ამ სერვისს პირდაპირ მობილური, ან კერძო კომპანიებისგან ყიდულობს. ასეთია მაგალითად მაღაზია “ტექნო ბუმი”, ასევე“ბაზისბანკი” და სხვ.
აქვს თუ არა თქვენს პროვაიდერ კომპანიას უფლება გამოგიგზავნოთ სარეკლამო მესიჯი?
როგორც იურისტი ქეთი კრაწაშვილი განმარტავს თქვენი პირადი მონაცემის, მათ შორის ტელეფონის ნომრის დაცვას კომპანიას “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი” ავალდებულებს. თუმცა შეთანხმების საფუძველზე ნებისმიერი პირადი მონაცემი შეიძლება გამჟღავნდეს. აბონენტის პირადი მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემის თანხმობა კომპანიამ შესაძლოა კონტრაქტში ჩადოს:
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც პერსონალური, ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის და ბიომეტრიული მონაცემიც კი შეიძლება გადაეცეს სხვა პირს (დამუშავდეს), მონაცემის სუბიექტის თანხმობით. შესაბამისად, თუკი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში ჩადებულია მსგავსი წინასწარი თანხმობა, სატელეფონო კომპანიას სრული და მართლზომიერი უფლება ექნება გადასცეს აბონენტის სატელეფონო ნომერი სხვა სუბიექტს”, – აცხადებს ქეთი კრაწაშვილი.
წინასწარი თანხმობა ჩადებულია კომპანია “ბილაინის” კონტრაქტში. წინასაარჩევნო პერიოდში “ბილაინის” აბონენტებმა სხვა რეკლამასთან ერთად პოლიტიკური შინაარსის რეკლამაც მიიღეს, მაშინ კომპანიის პრესსამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ განმარტა, რომ კომპანია ამ ქმედებას ლეგალურად ახორციელებს:
“ჩვენ ოფიცილურად ვყიდით ამ მომსახურებას. ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და იყიდოს. დამკვეთს აბონენტების სრულ ბაზას გადავცემთ, ვავრცელებინებთ ესემეს შეტყობინებებს. სერვისს სტანდარტული ფასი არ აქვს. ფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი აბონენტი მიიღებს ამ შეტყობინებას”, – განაცხადა თეონა ბაღდავაძემ.
კომპანია “ჯეოსელში” აცხადებენ, თანხმობის გარეშე აბონენტისთვის მესიჯების გაგზავნა არც მათი მხრიდან ხდება და სარეკლამო მესიჯის მიწოდებამდე ისინი მომხმარებელს შეკითხვას უგზავნიან იმის შესახებ, სურთ თუ არა მიიღონ რეკლამა:
“არის ორი ვარიანტი, ერთ შემთხვევაში ვგზავნით კითხვას, მაგალითად, გსურთ შეიძინოთ თანამედროვე ფეხსაცმელი? ვინც ამაზე გამოგზავნის OK–ს, მას მიუვა სარეკლამო ტექსტი. მეორე ვარიანტი ჩვენი სარეგისტრაციო ფორმებია, რომელიც არის როგორც facebook-ზე, ასევე, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. მომხმარებელი დარეგისტრირებისას სხვა მონაცემებთან ერთად უთითებს ტელეფონის ნომერს, შედეგად ჩვენ გვაქვს ბაზა, რომელიც 200–250 000 ნომრისგან შედგება. თუმცა რეგისტრაციის გავლისას მომხმარებლებს აუცილებლად ეგზავნება მესიჯი სურს თუ არა მიიღოს რეკლამა, იქვე წერია ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეუძლია გათიშოს აღნიშნული მომსახურება ნებისმიერ დროს”, – აცხადებს “ჯეო–რეკლამის” წარმომადგენელი ალეკო სვანიძე.
თუმცა მომხმარებლები იხსენებენ შემთხვევებს, როდესაც კომპანიისგან რეკლამა ყოველგვარი შეკითხვის გარეშე მიიღეს.
სალომე მეტრეველი “ჯეოსელის” აბონენტია, ის ამბობს, რომ თანხმობა არც მესიჯის და არც რაიმე სხვა ფორმით არ განუცხადებია, მაგალითად, “ბაზისბანკისგან” რეკლამის მიღებაზე, ამ ბანკთან არც არასოდეს ჰქონია შეხება, მიუხედავად ამისა, რეკლამა მის ნომერზე მაინც მიდის. “ბაზისბანკის” წარმომადგენლის განცხადებით კი ესემეს რეკლამას ბანკი “ჯეოსელს” უკვეთავს.
“ჯეოსელში” ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნიან:
“თუ თქვენ მოგდით ჩვენი კონტრაქტორისგან თარგეთულად შეკვეთილი sms-ები და არ მიგიღიათ შეკითხვა – გსურთ თუ არა ამ ინფორმაციის მიღება, მაშინ ეს არის “სპამი”. მე პირადად მქონდა შემთხვევა, როცა ვიღებდი მესიჯებს, ნამდვილად ვიცი, რომ ეს არ იყო “ჯეოსელისგან”, ეს იყო ალბათ შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ნომრების კომბინაციას არჩევენ და სპამის სახით აგზავნიან რეკლამას”, – აცხადებს “ჯეოსელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირმა ცქიტიშვილი.

ვინ უნდა დაიცვას მომხმარებლის უფლებები
მომხმარებლის არასასურველი ელექტრონული გზავნილისგან დაცვის მექანიზმები გაწერილია “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტში.
რეგლამენტი მომხმარებლის დაცვის ვალდებულებას აკისრებს მხოლოდ მობილურ ოპერატორებს, ხოლო არასაკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ სპამის დაგზავნის შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიას ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ რეგლამენტში ამ კუთხით ხარვეზებია, საჭიროა ცვლილებების განხორციელება რათა ”მომხმარებლის სპამისგან დაცვის ვალდებულება დაეკისროს არა მხოლოდ ინტერნეტ–მომსახურების მიმწოდებელს, არამედ სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიმწოდებლებსაც”
გარდა“ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტში არსებული რეგულაციებისა მომხმარებლის დასაცავად რეგულაციები, მათ შორის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ქეთი კრაწაშვილის თქმით თუკი მომხმარებელს არც ხელშეკრულების და არც რაიმე სხვა ფორმით თანხმობა არ განუცხადების საკუთარი მონაცემების გაცემაზე მისი უფლებების დასაცავად სწორედ ამ კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომელშიც წერია, რომ:
“პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები. მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენება ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით”
თუმცა ამ კანონის აღსრულების ზედამხედველობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ევალება, ეს ინსტიტუტი კი ჯერ არ ამოქმედებულა.
პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევი კომისია უკვე შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამეტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების უფროსის მოადგილე ალექსანდრე წულაძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
კომისიამ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა შეარჩიოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურა და წარუდგინოს პრემიერ-მინისტრს, რომლის არჩევაც 3 წლის ვადით მოხდება.
