
ალექსანდრე ცაგარელმა წერილი, რომლითაც მეგობრებს მიმართავს, საკუთარ facebook გვერდზე გამოაქვეყნა:
“მინდა მივმართო ჩემ მეგობრებს, და ვუთხრა, რომ არ ვამართლებ ჩემ საქციელს ერთადერთი რამის გამო – რომ საკუთარ გრძნობებზე კონტროლი დავკარგე. მას შემდეგ, რაც ჩემ ცხოვრებაში ძალიან მძიმე, ბავშვის სიცოცლის ფეხებზე დაკიდებაზე ცილისწამება მოვისმინე ჩემი მისამართით, ვუთხარი მის ავტორს, რომ ამის გამო ბოდიში უნდა მოეხადა. ამის შემდეგ მან თავად მიმიწვია, თავის კაბინეტში სალაპარაკოდ, მედია დაადასტურებს. მე ბუნებრივია არ მსურდა ჩხუბი და ერთგვარი განმუხტვის მოლოდინით მივედი, საკუთარ კაბინეტში საჩხუბრად არ ადგებიან”, – ნათქვამია განცხადებაში. ალექსანდრე ცაგარელი წერს, რომ ცილისწამება ლევან ღამბაშიძის მხრიდან კიდევ ერთხელ მოისმინა, რასაც მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა:
“მე არ ვამართლებ ძალადობას, როგორც კონფლიქტის გადაჭრის საშუალებას, და ასევე არ ვამართლებ ცილისწამებას, რომელიც რაციონალური და გონივრული არგუენტებით საუბარს სრულიად შეუძლებელს ხდის და მხოლოდ ორ გზას უტოვებს ადამიანს – კონფლიქტს, და ჩუმად თავის დახრას და წასვლას. ეს უკანასკნელი მე ვერ შევძელი, ამის გამო ბოდიშს ვუხდი ჩემ მეგობრებს და პირადად მასაც მიუხედავად ყველაფრისა, იმედს ვიტოვებ ლევან ღამბაშიძე ან დაასაბუთებს თავის ცილისწამებას, რომელიც გახდა კონფლიქტის მიზეზი, ან თუ ვერ დაასაბუთებს, თავად მოიხდის ბოდიშს,რადგან არსებობს განსხვავება ბრალდებას,მოსაზრებასა და ამორალურ ცილისწამებას შორის. ყველა ადამიანი საკუთარი სინდისის წინაშე უნდა იყოს მართალი”, – ნათქვამია ალექსანდრე ცაგარელის განცხადებაში.
ალექსანდრე ცაგარელსა და ლევან ღამბაშიძეს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელ facebook-ზე ღამბაშიძის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარს მოჰყვა, რომელიც ეხებოდა აქციას “ყველა ბავშვი ყველას ბავშვია”. აქციის ერთ–ერთი მონაწილე იყო ალექსანდრე ცაგარელი:
“ეს უზრდელი მოჩეგევარო ტიპი არის პარტიული ბიჭი, რომელსაც სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ბავშვის სიკვდილიც, დევნილებიც, სოც. დაცვაც და ა.შ. ხვალ ქარიშხალთან დაკავშირებითაც საზ. მაუსთან ან ნაც. მოძრაობის ოფისთან გამართავს აქციას”, – ნათქვამი იყო ღამბაშიძის კომენტარში.
