აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 30იანვარს, პრესკონფერენცია ორგანიზაციის

ფოტო: საია–ს პრესსამსახური
ფოტო: საია–ს პრესსამსახური

ცენტრალურ ოფისში გამართა. პრესკონფერენციას ესწრებოდა ნინო მაისურაძე, რომელმაც საიას თავმჯდომარესთან, კახა კოჟორიძესთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლების დეტალებზე ისაუბრა.

 

ნინო მაისურაძის თქმით, მან ქარელის მუნიციპალიტეტში მუშაობა 2012 წლის შემოდგომაზე დაიწყო, არჩევნების შმედეგ კი ქარელის ახალმა გამგებელმა ივანე ოსაძემ ზეწოლის შედეგად განცხადება დააწერინა. როგორც თავად ამბობს, მისი ქმარი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია, რაც პირად საუბრებში დაუსახელეს კიდეც გათავისუფლების მიზეზად. ნინო მაისურაძე 7 თვის ორსულია. საია–ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ საჯარო სამსახურის ორსული თანამშრომლები დაცვის გაცილებით მაღალი სტანდარტით სარგებლობენ.

 

საია–ს განცხადებით, ეს შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ნინო მაისურაძემ საიას განუცხადა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ფცის ტერიტორიული ორგანოდან იმ დროს გათავისუფლდა, როდესაც ორსულობის გამო დეკრეტულ შვებულებაში აპირებდა გასვლას. როგორც მის განცხადებაშია მითითებული, გათავისუფლების შესახებ დააწერინეს განცხადება იმ მოტივით, რომ ახალი გამგებელი თანამდებობაზე ხელახლა დანიშნავდა. 2013 წლის 8 იანვრით დათარიღებული ბრძანებით, ნინო მაისურაძე სამსახურიდან გათავისუფლდა და საფუძვლად მის მიერვე დაწერილი განცხადება მიეთითა. გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ივ. ოსაძე.


“ერთი შეხედვით, აღნიშნულ ფაქტში უკანონო არაფერია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლი ითვალისწინებს საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესაძლებლობას. თუმცა ამ საქმეში ბევრი ისეთი გარემოებაა, რაც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ნინო მაისურაძის მეირ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა, კერძოდ:


ნაკლებად სავარაუდოა, რომ 7-8 თვის ორსულმა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უპირობოდ სარგებლობს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით, გათავისუფლების შესახებ განცხადება საკუთარი ნებით დაწეროს. მით უფრო მაშინ, როცა, როგორც ნ.მაისურაძე მიუთითებს, ოჯახს მისი ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ორსული მოხელე დაცვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს და მისი გათავისუფლება ,,შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე, ატესტაციის შედეგების” გამოც კი აკრძალულია (,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლი). ამ პირობებში კიდევ უფრო გაუგებარი ხდება თუ რატომ უნდა გასჩენოდა ნ.მაისურაძეს განცხადების დაწერის სურვილი.


აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, როგორც ნ.მაისურაძე მიუთითებს, როცა ვითარებაში გასარკვევად ივ.ოსაძეს მიმართა, მისგან ასეთი პასუხი მიიღო: ,,ზემოდან დამავალეს გამეთავისუფლებინე, რადგან შენი მეუღლე ნაციონალებს უჭერდა მხარსო”, – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.


საია–ს ცნობით, 2012 წლის 18 დეკემბერს ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში ბატონმა ივ.ოსაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ თანამშრომლებს მოსთხოვა გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა (http://gyla.ge/geo/news?info=861), რის შემდეგაც თავად გადაწყვეტდა, ვინ დაებრუნებინა სამსახურში და ვინ არა.  საია აცხადებს, რომ “რიგ მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას კრიტიკულად აფასებს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. თუმცა ფაქტია, რომ სამოქალაქო სექტორის კრიტიკული შეფასებები დარღვევათა პრევენციას ვერ უზრუნველყოფს. თვითმმართველობებთან მიმართებაში განვითარებული მოვლენები ჩრდილს აყენებს იმ დადებით ძვრებს, რასაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ადგილი აქვს და ხელისუფლების მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე მიუთითებს”.


მოცემულ შემთხვევაში საია განმარტავს, რომ  ნინო მაისურაძის საქმის გარემოებები შესაძლებელია შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად ,,სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნა” დანაშაულს წარმოადგენს, რაც სამართალდამცავი ორგანოების შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ახალგარდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ყველა შესაბამის თანამდებობის პირს, რომ თანამშრომლების გათავისუფლების თუ სხვა საკითხების გადაწყვეტის დროს განუხრელად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ეს მათ პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს და თუ ვინმეს ამ ვალდებულების სათანადოდ გაცნობიერება არ სურს ან არ შეუძლია, მისი ადგილი საჯარო სამსახურში არ უნდა იყოს.

 

“თანამდებობის პირთა დაუფიქრებელი და უკანონო გადაწყვეტილებები, რბილად რომ ვთქვათ, შესაძლებელია არასასურველი შედეგებით დასრულდეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ნინო მაისურაძე მიუთითებს, გათავისუფლებით გამოწვეული ნერვიულობის გამო საავადმყოფოში მოუწია ყოფნა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.


საია მოუწოდებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას, გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და გათავისუფლებული მოხელე სამსახურში დაუყოვნებლივ აღადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნ.მაისურაძეს ჩვენ გავუწევთ შესაბამის იურიდიულ დახმარებას და გამოვიყენებთ ყველა სამართებრივ მექანიზმს მისი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით”,– ნათქვამია საქართველს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.


როგორც პრესკონფერენციაზე საია–ს იურისტმა ლელა ტალიურმა განაცხადა, საია აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობების ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს, ორგანიზაციაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეძლებისდაგვარად ყველა დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. იურისტის თქმით, საია ყურადღებით აკვირდება საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში თანამდებობიდან გათავისულფებისა და თანამდბობებზე დანიშვნის პროცესს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *