მალხაზ არქანია 2011 წლის 5 თებერვალს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვისათვის დააკავეს ენგურის ხიდზე და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა თავად არქანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისგან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სანაცვლოდ ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მოპოვებას, რომ თითქოს ის მონაწილეობდა 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში.
პარლამენტის მიერ დამტკიცებულ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში თავდაპირველად მალხაზ არქანიას სახელიც ეწერა, თუმცა, მოგვიანებით ამოიღეს.
„13 დეკემბერს ადვოკატთან ერთად გახლდით ქუთაისში, პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, სადაც მალხაზი არც ერთხელ არ მოიკითხა კომიტეტის თავმჯდომარემ, თუმცა იყო სიაში. მალხაზი იყო მოხსენიებული “კოჭოიას” საქმეში, რაც უცნაურად მოგვეჩვენა, თუმცა არ გაგვიპროტესტებია“, – განუცხადა ნინო არქანიამ „ნეტგაზეთს“. მისი თქმით, მალხაზ არქანიას საქმე ტერორიზმის საქმესთან(„კოჭოიას” საქმე) ერთად არ უნდა განხილულიყო.
„მალხაზის არაერთი წერილი გამოვიდა ციხიდან, სადაც წერდა, რომ დაკავების მიზეზი არანაირი ნარკოტიკი არ ყოფილა. მიზეზი იყო

პოლიტიკური. მას აიძულებდნენ ეღიარებინა 2008–2010 წლებში ტერაქტებში მონაწილეობა, რის გამოც მას ციხეში აწამებდნენ. მან ბევრჯერ გამოგზავნა წერილი ციხიდან. ცოტა უსამართლოდ მეჩვენება, რომ ყოფილი ოპოზიციონერები და ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ასეთ გულგრილობას იჩენენ მალხაზის საქმის მიმართ“, – ამბობს ნინო არქანია.
ნინო არქანიას თქმით, გასული წლის 5 დეკემბერს შეხვდა პარლამენტარ ეკა ბესელიას, რომელმაც უთხრა, რომ მუხლს, რომლითაც მალხაზ არქანია გაასამართლეს, ამნისტია ეხებოდა და ის ციხეს დატოვებდა.
„ბესელიამ მითხრა, რომ გამოვიდოდა იმ დღეს, რა დღესაც პოლიტპატიმრები დატოვებდნენ ციხეს, მაგრამ ასე არ მოხდა. შეიძლება 1–2 დღე ვინმესთის არაფერს არ ნიშნავდეს, მაგრამ მალხაზისთვის ეს მძიმე დარტყმა იყო და არის. პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება მისთვის იქნებოდა იმის აღიარება, რომ მას მოექცნენ უსამართლოდ და მასზე განხორციელდა ზეწოლა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ეს სტატუსი მისთვის მნიშვნელოვანი იყო“, – უთხრა ნინო არქანიამ „ნეტგაზეთს“. თუმცა უჭირს იმის თქმა, ვის ინტერესში შედიოდა მალხაზ არქანიას ამოღება პოლიტპატიმართა სიიდან.
„მალხაზი 1 ოქტომბრამდე ძალიან აქტუალური იყო, მერე კი არავის არ გახსენებია. არ ვიცი, რა დავარქვა, ზუსტად ვერ გეტყვით, ძალიან გაოგნებული ვარ. ისიც გულდაწყვეტილია. მითხრა, რომ როცა პრესასა და ტელევიზიაში ჩემზე საუბრობდნენ, მე არავინ არ მეკითხებოდა ამას, თუმცა შემდეგ ზეწოლა ჩემზე ხორციელდებოდა ადმინისტრაციის მხრიდან და ახლა, როცა თამამად საუბარი შემიძლია, დახმარებას ვერ ვგრძნობ ვერავისგანო“, – ამბობს ნინო არქანია.
