3 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ქართულ მედია–გარემოში წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას შეეხო სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართული მრგვალი მაგიდა – პრესის თავისუფლება და არჩევნები საქართველოში.

მრგვალი მაგიდა აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭო (IREX)–ისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)-ის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას სერთაშორისო, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვერდაზე, მედია ექსპერტებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ხელისუფლება სხვადასხვა საშუალებებით თითქმის სრულად აკონტროლებს მედია გარემოს.

მათი შეფასებით, აქ იგულისხმება არა მარტო მის დაქვემდებარებაში მყოფი მედია–საშუალებები, არამედ მარეგულირებელი ორგანო, სარეკლამო ბაზარი, ზოგადად გავლენა ბიზნესს–სექტორზე. ამით კი იქმნება ძალიან მძიმე გარემო დამოუკიდებელი მედიის არსებობისთვის.

რამდენად დამოუკიდებელია ქართული მედია გარემო პოლიტიკური მოთამაშეების ჩარევისგან და რას შეცვლის ქართულ მედია სივრცეში ახალი ტელეკომპანია “მე–9 არხის” გამოჩენა წინასაარჩევნო პერიოდში.

მედია ექსპერტებს ახალი ტელევიზიის სამომავლო მიმართულებაზე ამ ეტაპზე უჭირთ კონკრეტული შეფასებების გაკეთება. თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ ტელევიზიის უკან მდგომი მფლობელის მიუხედავად, “მეცხრე არხის” გამოჩენა  უფრო პლურალისტულს გახდის მედია გარემოს.

“მედია კლუბის” წარმომადგენლის, ჟურნალ “ლიბერალის” რედაქტორის შორენა შავერდაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ მე–9 არხის მფლობელი არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი, თავისთავად ცხადია, რომ ტელევიზია  უკვე არის ამ პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი.

“თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მე–9 არხი აცნობიერებს იმას, რომ კონტრპროპაგანდა კი არ არის საჭირო, არამედ უბრალოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა მნიშვნელოვანი.
“მეცხრე არხის” გამოჩენა რა თქმა უნდა, უფრო პლურალისტულს გახდის მედია გარემოს. ნამდვილად იქნება ალტერნატიული ინფორმაციის წყარო”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” “მედია კლუბის” წარმომადგენელი შორენა შავერდაშვილი.

“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე, ჟურნალისტი ია ანთაძე მე–9 არხზე საუბრისას, რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს.

“რა თქმა უნდა, ამ ტელევიზიის მფლობელი არის ოჯახი, რომელსაც აქვს სერიოზული პოლიტიკური ინტერესი და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ტელევიზია იქნება თავისუფალი ამ პოლიტიკური ინტერესის გატარებისგან, არ ვიქნებით გულწრფელნი. მაგრამ, არის მეორე რამ. რა არის კონკრეტულად ამ ტელევიზიის მფლობელების ინტერესი, ის რომ პროპაგანდას დაუპირისპიროს პროპაგანდა, თუ ის, რომ პროპაგანდას დაუპირისპიროს სიმართლე”, – მიიჩნევს ჟურნალისტი ანთაძე.

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” უფროსს ანალიტიკოსსა და პროგრამების მენეჯერს მათიას ჰუტერს მიაჩნია, რომ “მეცხრე არხი”, მისი მფლობელიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს უზრუნველყოს დამოუკიდებელი ინფორმაციის უზრუნველყოფა.

“მე ვფიქრობ, მას არ შეეძლება უზრუნველყოს დამოუკიდებელი ინფორმაცია, იმიტომ რომ ყველამ იცის, რომ ეს ფინანსდება ივანიშვილის მიერ. ზოგადად, როდესაც მედია საშუალებები ფინანსდება პოლიტიკური ჯგუფის მიერ, ის ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელ და პოლიტიკური მოვლენების კრიტიკულ შეფასებას”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან”  ჰუტერი და აქვე დასძენს, რომ პრობლემის გადაჭრის გზა საზოგადობრივი მაუწყებლის ნეიტრალური ახალი ამბებია.  

“გადაჭრის გზაზე ძნელია ამ შემთხვევაში საუბარი, თუმცა ძირითადი გადაწყვეტა  რომელზეც ჩვენ შეთავაზებებიც გვქონდა, იგივე აჭარის ტელევიზიის, საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალი ამბებია, რომლებიც არიან შედარებით ნეიტრალურები, რადგანაც ისინი არ არიან სახელმწიფო მაუწყებლები, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლები და მათ უნდა უზრუნველყონ თავისუფალი ინფორმაცია. იმისათვის რომ საქართველო გახდეს განვითარებული დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ გვინდა მეტი დამოუკიდებელი მედია საშუალება და ისეთი მედია, რომელიც  კრიტიკული თვალით შეხედავს ყველა საკითხს და არა მედია, რომელიც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების ქვეშ მოექცევა”, – მიჩნია ანალიტიკოსსა და პროგრამების მენეჯერს მათიას ჰუტერს.

მას ასევე მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი მედია–ორგანიზაციები არიან პოლიტიკური მოთამაშეების ხელში, რაც თავისთავად მცირე სივრცეს ტოვებს თავისუფალი მედიისთვის.

“დამოუკიდებელი მედია კი არის მარგინალიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აკეთებდნენ მაღალხარისხიან მედია–პროექტებს”, – აღნიშნავს  “მედია კლუბის” წარმომადგენელი შორენა შავერდაშვილი.

კითხვას სხვა ფორმულირებით სვამს, მედია ექსპერტი, ფონდ “ღია საზოგადოება– საქართველოს” წარმომადგენელი ზვიად ქორიძე, და აღნიშნავს, “რომ არ გამოჩენილიყო მე–9 არხი, რა, უფრო პლურალისტული გარემო გვქონდა მედიაში. მე ამაში არ ვარ დარწმუნებული. კითხვის ნიშნები არის მე–9 არხთან დაკავშირებით. თუნდაც ის, რომ ეს ტელევიზია დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან, რა თქმა უნდა, ეს აჩენს გარკვეულ კითხვებს საზოგადოებაში. მაგრამ მისი არ არსებობა, რომ არსებითად განსხვავებულ სურათს არ მოგვცემდა, ამაში დარწმუნებული ვარ. უფრო ჩაკეტილი იქნებოდა მედია სივრცე”, – აღნიშნავს მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე “ნეტგაზეთთან”.  

თუმცა, ექსპერტები ასევე მეორე საკითხსაც გამოყოფენ. რატომ იბლოკება ტელეკომპანიის გავრცელების შესაძლებლობები და ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი “მე–9 არხის” ინფორმაცია.   

მათი თქმით, ეს ტელევიზია შეიქმნა იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მივიდეს იქ, სადაც მანამდე მსგავსი სახის ინფორმაცია არ მიდიოდა.

“ამაში არ უნდა ჩაერიოს მთავრობა და მან არ უნდა შეუწყონ ხელი ისეთი ტიპის დიფერენცირებას, რომ აი შენ შეიძლება მიაწოდო სიგნალი მთელ მოსახლეობას და შენ არა. ანუ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საკაბელო ოპერატორები არ რთავენ მე–9 არხის სიგნალს, ჩვენ ზუსტად იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ეს არ არის მათი ერთპიროვნული გადაწყვეტილება”, – აღნიშნავს ზვიად ქორიძე.

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭოს პროგრამების (IREX)–ს ხელმძღვანელი მეთ შელი კი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრა იძლევა იმის საშუალებას, რომ გადავწყვიტოთ პრობლემა მოახლოებული არჩევნების ჭრილში, რამდენდ შეიძლება დავეხმაროთ ჩვენ ამომრჩევლებს, რომ მიიღონ სწორი და ინფრომაციული გადაწყვეტილებები არჩევნებს დროს თავისუფალი მედიის დახმარებით.

“მე შეხვედრა მქონდა ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან. ისინი მესაუბრნენ მათი კომპანიის დამოუკიდებელ რედაქციაზე, ხელშეუხებლობაზე, დაბალანსებულ ინფორმაციაზე. მე არ შემიძლია გითხრათ, ჯერ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა აღვნიშნავ, რომ მათ აქვთ ყველა ის ფინანსური შესაძლებლობა, ფული ბიუროებისთვის, ჟურანლისტებკის ტრენინგისთვის, კითხვა რჩება მხოლოდ, როგორ მიმართავენ ამ რესურს, თავისუფალი გარემოსკენ თუ არადამოუკიდებლობისკენ”, – მიიჩნევს  IREX–ის პროგარმების ხელმძღვანელი მეთ შელი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *