2010 წლის შემოდგომაზე საქართველოში განხორციელებული ტერაქტებში ბრალდებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს, რის გამოც დღეს, 3 მაისს დაგეგმილი სასამართლო განხილვა 8 მაისამდე გადაიდო.

ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით კეკუტიას ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურა ტერორიზმში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ 1.7 წლიდან 22 წლამდე პატიმრობას სთავაზობს. ყველა ბრალდებულს პროკურორმა სხვადასხვა პირობა შესთავაზა, მოლაპარაკების საწარმოებლად კი დამატებითი დრო ითხოვა.

როგორც გელა ნიკოლაიშვილი ამტკიცებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დავით კეკუტია, რომელსაც საპროცესო შეთანხმებით 20-წლიანი სასჯელის მოხდა შესთავაზეს,  კატეგორიულად არ ეთანხმება პროკურატურის ბრალდებას ტერორიზმში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამის აღიარებას არანაირი პირობის სანაცვლოდ არ აპირებს. 

”მან თქვა, რომ შესაძლოა, ის მაქსიმუმ პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევის აღიარებას დათანხმდს, რისთვისაც მაქსიმალური სასჯელი 5 წელია, არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს ტერაქტებში მონაწილეობას,” – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა. მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთ დაკავებულთან – გოდერძი არქანიასთან პროკურატურამ წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ამ შეთანხმების მიხედვით კი, გოდერძი არქანია მხოლოდ 1.7– წლიან სასჯელს მოიხდის, თუ მისი ძმა, გოგიტა არქანია, რომელიც ასევე დაკავებულია, დათანხმდება 22-წლიანი სასჯელის მოხდას. მას ამჟამად 30-წლიანი პატიმრობ აქვს მისჯილი.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, დანარჩენ მსჯავრდბულებსაც სასჯელის მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქებას დაპირდნენ, მათ შორის მერაბ ყოლბაიასაც, რომელსაც 30-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ აფეთქებებში ბრალდებული 7 პირი შსს-მ 2010 წლის 4 დეკემბერს დააკავა. ბრალდებულები არიან:  გოგიტა რევაზის ძე არქანია, ჯონი მურადის ძე აბულაძე,  მარიამ მურმანის ას ნიკოლავა, გოჩა მალხაზის ძე ხურცილავა, გოდერძი რევაზის ძე არქანია,  ლელა მალხაზის ას. ხურცილავა  და მერაბ შერმადინის ძე ყოლბაია, მეტსახელად “კოჭოია”. 

დაკავებულთაგან მხოლოდ ყოლბაიამ და არქანიამ მისცეს აღიარებითი ჩვენებები. დანარჩენებმა დანაშაული არ აღიარეს. ყველა მათგანს 25-30 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. 

მსჯავრდებულმა მერაბ ყოლბაიამ, იგივე “კოჭოაიმ”,  24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხდა, რომ პირვანდელი აღიარებითი ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მისცა. მის განცხადებას სახალხო დამცველის ოფისიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები ტერორიზმში ბრალდებულებს მუდმივად აკვირდებიან. 

 

ამავე თემაზე:

ტერორიზმში ბრალდებულებს ომბუდსმენის ოფისი აკვირდება 

ტერაქტებში ბრალდებული აცხადებს, რომ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა

რატომ აპირებს ტერაქტებში ბრალდებული შიმშილობის დაწყებას


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *