ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის” წევრმა ჯონდი ბაღათურიამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძეგლების შესახებ დოკუმენტში თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების შეტანაც მოითხოვა.

აღნიშნული განცხადება მან პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის გიორგი კანდელაკის გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ  კომიტეტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოამზადა პარლამენტის პროექტი, რომელიც ეხება ბოლო დროის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე “სამუშაოებს”, რომელთა შედეგადაც ადგილი აქვს ამ ძეგლების დაზიანებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ: 1.  “საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, კატეგორიულად მოთხოვოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს და აფხაზეთის მარიონეტულ მმართველობას, შეწყდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურული და მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე სამუშაოები”.

2.  დაშვებულ იქნან იუნესკოს და სხვა კომპეტენტური საერთასორიშო მისიების წარმომადგენლები ადგილზე.

ამ განცხადების შემდე ბაღათურიამ თქვა:

“მიმაჩნია, რომ განცხადება სწორია, თუმცა, რატომ არ შეგვაქვს ამ განცხადებაში ჩვენ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული ძეგლების მდგომარეობა.

იშხანსა და ოშკზე შემიძლია ვიდეომასალა წარმოგიდგინოთ და განახოთ, რომ პირდაპირ წყალია მიშვებული შეგნებულად. თუ ჩვენ ვაკეთებთ ამ საქმეს, მაშინ ეს საკითხიც შევიტანოთ მაგ გადაწყვეტილებაში. რუსეთს ნუ მივცემთ საშუალებას, თქვან, რომ თითქოს მაგათ ჯიბრზე ვაკეთებთ ამას”, – აღნიშნა ბაღათურიამ

მის ამ გამოსვლას პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიგი წერეთელი გამოეხმაურა: ოკუპირებულ ტერიტორიებზეა საუბარი და  რუსების ჯინაზეა, აბა, ვის ჯინზეა.

ჯონდი ბაღათურია: ოკუპირებული არ არის, სარფი შუაში რომ არის გაჩხერილი, ის რა, ჩვენი ტერიტორია არ არის? ჩვენი ძეგლები ხომ არის. ტაო–კლარჯეთი, არ მიგაჩნიათ, რომ ჩვენი სამშობლო იყო და წაგვართვეს. ამ შემთხვევაში განსხვავება ხომ დროშია.  

გიგი წერთელი:ვაიმე, ვაიმე.

ჯონდი ბაღათურია: აქ არ გამოვდიოთ წინა სხდომაზე და იშხანის ბედზე არ ვზრუნავდით. კაი, ნუ ჩაწერთ, ჩვენი ტერიტორიააო, მაგრამ ძეგლები შევიტანოთ იქ.

გიორგი კანდელაკი: ძალიან არამართებული შენიშვნაა.  მრავალი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს საქართველოს სსრ–ს საზღვრებში. თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს და იმ ტერიტორიას ჩვენ არ განვიხილავთ არანაირად ოკუპირებულ ტერიტორიად. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს საქართველოს საზღვრებში მდებარე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მნიშვნელოვან ძეგლებზე. ძალიან კონკრეტული შინაარსის დოკუმენტია და ძალიან გთხოვთ, ნუ შეეცდებით ამ დოკუმენტის მნიშვნელობის დაკნინებას.

ჯონდი ბაღათურია: თქვენ ხომ იცით, რომ სომხებმა მიაღწიეს და თურქული ბიუჯეტიდან ფინანსდება მათი ძეგლების აღდგენა. და ჩვენ ამაზე რატომ არ ვმუშაობთ, ჩვენ რა ბარტერებს ვაკეთებთ და რა პოლიტიკურ რელიგიაზე გადავდივართ? იქ ჩაგადგმევინებ ოკუპაციის სიმბოლოს და სანაცვლოდ ამას მიიღებ. რად გვინდა ეს, რატომ ვართ წელში გადატეხილნი და მუხლზე დაჩოქილები. მოვითხოვოთ ჩვენი ძეგლების აღდგენა არა იმის სანაცვლოდ, რომ ვინმემ ოკუპაციის ძეგლები დადგას აქ. ჩვენ უნდა შევიტანოთ ეს ძეგლებიც ამ დოკუმენტში და გამოვიყენოთ ის მომენტი, რაც სომხებმა გამოიყენეს.

გიგი წერეთელი: მე ვფიქრობ, ამ კამათს აზრი არ აქვს. ამ დოკუმენტში არის კონკრეტული საკითხი – ოკჯუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლები. ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს ცალკეა. . .

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ბობოხიძე: ეს ხალხი არა მარტო რუსულ ინტერესებს ემსახურება, ისინი ცდილობენ, რუსეთი და თურქეთი ერთ ჭრილში გაიყვანონ დღევანდელი ურთიერთობების თვალსაზრისით საქართველოსთან. ბატონო ჯონდი, გარწმუნებთ, ის კაცი, ვისი თავის მოწონებასაც ცდილობთ და ვისი დავალებითაც თქვენ ცდილობთ თურქეთიც დააყენოთ ოკუპანტის რანგში დღევანდელი  საქართველოსთვის, გარწმუნებთ, ის კაცი მორწმუნე არ არის.

გიგი წერეთელი: ბატონო ჯონდი, ასეთი ტიპის განცხადებების კეთება არ ღირს საქართველოს პარლამენტში. ძალიან ცუდია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *