15:57 საათზე რაჭაში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში მინიმუმ სამი სახლის კედელია ჩამონგრეული.
ამის შესახებ ნეტგაზეთს ნიკორწმინდის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
მისი თქმით, აღნიშნულ სამ სახლში არავინ დაშავებულა, რადგან სახლში მცხოვრებნი ამ დროს ეზოში იმყოფებოდნენ, მიწისძვრის შემდეგ კი სოფელში შუქიც გამოირთო.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ერთ-ერთ რესტავრატორს, რომელიც ნიკორწმინდის ტაძრის რეკონსტრუქციაზე მუშაობს. მისი თქმით, ამჟამად ტაძარში ლოცვა მიმდინარეობს. თავად ტაძარი უკვე რამდენიმე თვეა ხარაჩოებშია ჩასმული და ფრესკების აღდგენაზე იქ სპეციალისტები მუშაობენ. როგორც რესტავრატორმა განგვიცხადა, მიწისძვრის დროს ეკლესიაში “მტვერი ჩამოცვივდა”, თუმცა, დაზიანდა თუ არა რამე, ამას სპეციალისტები ლოცვის დასრულებისა და ხარაჩოებზე ასვლის შემდგომ შეამოწმებენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით ამბროლაურის რაიონში რამდენიმე წუთის წინ 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამავე ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ზუსტი ეპიცენტრი ამბროლაურის რაიონის სოფელ ჟოშხაში, 10 კმ-ის სიღრმეში იყო და ის ზუსტად 15:57 საათზე მოხდა.
“ჭაღებმა, ბავშვის საწოლმა და კარადამ რყევა დაიწყო. ძალიან შემეშინდა, ძლიერი ბიძგები იყო. ახლა მეზობლებთან ერთად ეზოში ვარ ჩასული, მეშინია კიდევ არ განემორდეს,” – ასე იხსენებს რამდენიმე წუთის წინ მომხდარ მიწისძვრას ქუთაისში მცხოვრები თამუნა კუპრეიშვილი. მისი თქმით, მას ახლომახლო ნგრევისა და დაზიანების შესახებ ჯერ არ გაუგია.
