ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 15 საგამოცდო ცენტრი საქართველოს 12 ქალაქში 09:00 საათზე გაიხსნა. აბიტურიენტები დღეს პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

დღესვე, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, ტარდება ერთიანი სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები. საგამოცდო პროცესს თვალყურს 1200 მეთვალყურე ადევნებს, გამოცდების წარმატებით ჩატარებისთვის კი პოლიციის 30-მდე ბრიგადა მუშაობს. ყველა საგამოცდო ცენტრთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 4 საათს გაგრძელდება. საგამოცდო პროცესი მთლიანად ვიდოთვალებით კონტროლდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 30 ივნისიდან  21 ივლისამდე გაგრძელდება. გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 30 ივნისსა და პირველ ივლისს გაიმართება. 4-5 ივლისს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ, 6 ივლისს ჩატარდება გერმანული, ფრანგული და ინგლისური ენების ტესტირება. ინგლისური ენის ტესტირება 7-8 ივლისსაც გაგრძელდება. 11 ივლისს აბიტურიენტებს რუსული ენის ჩაბარება მოუწევთ. 12 ივლისს ისტორიის, 13 ივლისს მათემატიკის, 14 ივლისს ლიტერატურის, 18 ივლისს ბიოლოგიის, 19 ივლისს გეოგრაფიის, 20 ივლისს ქიმიის, ხოლო 21 ივლისს ფიზიკის გამოცდები ჩატარდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *