“ქართულმა პარტიამ” 21 ივნისს საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა, გადასინჯოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მასშტაბი და გაზრდის ნაცვლად, გონივრულ დონემდე შეამციროს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნილი ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა.
“ასეთი გადაწყვეტილება, თავის მხრივ, შეამცირებს უცხოეთში ქართველი მეომრების დაღუპვის რისკსა და ალბათობას”, –ნათქვამია “ქართული პარტიის” მიერ დღეს გავრცელებულ პრეს–რეიზისში, რომლითაც პარტია სამძიმარს უცხადებს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, გია გოგუაძის ოჯახს.
„ქართული პარტია“ მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს წარმომადგენლებიც უნდა მონაწილეობდნენ, ოღონდ ქართული სამხედრო კონტინგენტი არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი.
“მიზანშეუწონლად და საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის რეჟიმი გეგმავს, ახლო მომავალში კიდევ უფრო გაზარდოს ისედაც მრავალრიცხოვანი ქართული სამშვიდობო მისია. ეს გადაწყვეტილება არა საქართველოს ინტერესებით, არამედ დღევანდელი ხელისუფლების ვიწრო პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი, რაც წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების გულის მოგებასა და მათი მხრიდან მხარდაჭერის მოპოვების სურვილში გამოიხატება”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
საქართველო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში დამატებით ბატალიონს მომავალ წელს გააგზავნის, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ 9 ივნისს.
საქართველოს, რომელიც ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას 2009 წლის ნოემბრიდან შეუერთდა, უკვე ჰყავს 900-ზე მეტი სამხედრო გაგზავნილი.
