ახალი ამბები

“პროქართული ნიშნავს პრორუსულს” – ჟურნალისტები “მაესტროდან” წასვლის მიზეზებზე საუბრობენ

23 დეკემბერი, 2014 • • 2197
“პროქართული ნიშნავს პრორუსულს” – ჟურნალისტები “მაესტროდან” წასვლის მიზეზებზე საუბრობენ

“მაესტროს” უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილებები საერთო დიდი პროცესის ნაწილია, თუმცა განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს არხზე კოკა ყანდიაშვილის მისვლას, რომელიც სხვადასხვა უფლებით იქნება აღჭურვილი. კოკა ყანდიაშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს მთავრობის კონსულტანტია, უფრო ადრე კი პრემიერ–მინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 

“კოკა ყანდიაშვილი არის კანცელარიის თანამშრომელი. არ შეიძლება ეს დაგვავიწყდეს. ჩვენმა მენეჯმენტმა გვითხრა, რომ ის მოდის ყველა უფლებით. თუ მის ბექგრაუნდსაც გავიხსენებთ, მას თვითონ აქვს ნათქვამი, რომ შეუსრულებია პოლიტიკური დაკვეთა. კაცი, რომელსაც ერთხელ უკვე შეუსრულებია პოლიტიკური დაკვეთა, მოდის ნიუსრუმში, სადაც ექნება ბევრი უფლება, იოლად გამოსაცნობია, რომ ის ჩაერეოდა სარედაქციო პოლიტიკაში. ამიტომ ჩვენ ერთ კაცს, კოკა ყანდიაშვილს კი არ შევუშინებივართ, ეს იყო სარედაქციო პოლიტიკაში ღიად ჩარევის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო ჩვენთან შეუთანხმებლად”,- ამბობს “მაესტროს” ყოფილი პროდიუსერი სოფო ზურაბიანი.

 

ჟურნალისტებმა დღეს ასევე წარადგინეს დოკუმენტი, რომელსაც ხელს არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აწერს. სწორედ ამ წერილით დასტურდება, რომ ყანდიაშვილი მუშაობდა გადაცემაზე “ლაპარაკობს თბილისი” და ეს გადაცემა “მაესტროს” ეთერით უნდა გასულიყო.

 

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც არხის ყოფილი თანამშრომლები ხაზს უსვამენ,  “მაესტროს” მიერ პროქართული იდეოლოგიის გატარებას უკავშირდება. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს აზრი გავრცელდა, როგორც არხის მფლობელისგან კოტე გოგელიასგან, ისე გენერალური დირექტორისგან ბაია გადაბაძისგან. “მაესტროს” ყოფილი პროდიუსერი  სოფო კვინტრაძე ამბობს, რომ მედიაკომპანია, როდესაც რაიმე იდეოლოგიის გამტარებელი უნდა იყოს, უკვე პრობლემაა:

 

“სადმე გინახავთ, ბიბისი ამბობდეს, რომ პრობრიტანული იდეოლოგიისაა. ასეთი რამ არ ხდება, როდესაც იდეოლოგიაზეა საუბარი, აუცილებლად გვახსენდება საბჭოთა კავშირი, რუსეთი და იქ არსებული მედიასაშუალებები და სხვა არათავისუფალი ქვეყნები,”- ამბობს კვინტრაძე.

 

მისივე თქმით, პროქართული იდეოლოგია ნიშნავს პრორუსულს:

 

“მე ხშირად გამიგია და, ალბათ თქვენც, პოლიტიკოსების მესიჯები, რომ მე ვარ პროქართული, არა პროდასავლური ან ნატოს მომხრე, არც რუსეთის, არამედ პროქართული. არც ნატო და დასავლეთი არ გვინდა, რადგან ისინი გვატყუებენ – ვერასოდეს შევალთ ევროკავშირში და რუსეთზეც ცოტა რბილად საუბრობენ. ამიტომ ვარ პროქართული. ეს, რასაკვირველია, არის ტყუილი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვარ პროქართველი და აუცილებლად ვარ დასავლური ორიენტაციის, რადგან დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანას უკეთესი მომავალი, გარდა ევროკავშირის და ნატოსი, არ აქვს. ამიტომ მე არ ვტყუი. ის, ვინც ამბობს, რომ მე პროქართული ვარ და დასავლეთი ცუდია და რუსეთიც, სინამდვილეში გულისხმობს, რომ დასავლეთი და ევროკავშირი ცუდია და რუსეთი კარგია. ამ იდეოლოგიაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის რამდენიმე თანამშრომლის ბედი ტელეკომპანია მაესტროში. სხვა მასშტაბებზეა საუბარი. სხვა ორიენტაციაზე და კურსზეა საუბარი. მე, როგორც რიგით ადამიანს, არ მინდა ჩრდილოეთისკენ მივექანებოდეთ”,- ამბობს კვინტრაძე.

 

ჟურნალისტები ამბობენ, რომ კოკა ყანდიაშვილის არხზე მისვლა და “მაესტროს” იდეოლოგიურ ვექტორზე საუბარი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, თუმცა ვინ დგას ამ ცვლილებების უკან, არ საუბრობენ:

 

“ჩვენ არ ვიცით ვინ დგას ამის უკან, ჩვენ ეს გზავნილები მივიღეთ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორისგან თათბირზე, რომელსაც ესწრებოდა 50-მდე ადამიანი და ჩვენ ვიცით ეს. ბუნებრივია, შეიძლება ყველას ჰქონდეს სხვადასხვა ვერსია, მაგრამ ეს იქნება ვერსია და არა ზუსტ ინფორმაციაზე და ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნუ შეგვიყვანთ სპეკულაციებში. ჩვენ გიყვებით, რაც ვიცით  და ვფიქრობთ, რომ ეს უკვე საგანგაშოა”,- განაცხადა “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა.

 

ტელეკომპანია მაესტროს ყოფილი თანამშრომლების პრესკონფერენცია
ტელეკომპანია მაესტროს ყოფილი თანამშრომლების პრესკონფერენცია

 

მისივე თქმით, ის შედეგი, რომელიც უკვე დღეს არსებობს, დროის პერსპექტივაში განვითარებადი მოვლენების შედეგია. არხი დატოვა რამდენიმე წამყვანმა სახემ, მეტიც, 10 დღის წინ “მაესტროს” წილის დათმობის შესახებ განცხადა არხის დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა.

 

“მე არ მაქვს უფლებამოსილება მის ნაცვლად ვისაუბრო, მაგრამ  მისი ეს პროტესტი გამოწვეული იყო არხზე ამ ბოლო ცვლილებებით და მან ეს ფორმა აირჩია, რომ საერთოდ არ მიეღო მონაწილეობა იმაში, რაც დაიგეგმა არხზე. თუმცა ამაზე მეტს ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი. დანარჩენი დამფუძნებლებიც გასვლის პროცესში არიან. ამ წუთში არხზე არის ერთადერთი მმართველი მენეჯერი, [კოტე გოგელია] რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან დაპირისპირებაშია”,- ამბობს ჟიჟილაშვილი.

 

საკუთარი 25-პროცენტიანი წილის დათმობას არ აპირებს გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც 25%-იანი წილის მფლობელია. როგორც მან “რუსთავი 2”-ს განუცხადა, იგი მაესტროსთან დაკავშირებულ პროცესებში რამდენიმე წელია არ ჩარეულა, თუმცა ახლა დაინტერესდა, რატომ ტოვებენ ჟურნალისტები ტელეკომპანიას და რა გადაცემის დაწყებას აპირებს კოკა ყანდიაშვილი არხზე:

 

“მე გაჩუმებული ვარ და არაფერს ვაკეთებ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ის წილი არის ჩემი. ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ჟურნალისტები წავიდნენ, გასარკვევი მაქვს, რატომ მიდიან ეს ჟურნალისტები “მაესტროდან” და როგორ მიდიან, ზუსტად გარკვევის პროცესში ვარ ახლა. მე 3-4 წლის განმავლობაში გათიშული ვიყავი [პროცესებიდან], არც მის მენეჯმენტში ჩავრეულვარ და არც ბადეში, ახლა დავინტერესდი, რატომ მიდიან ჟურნალისტები. კოკა ყანდიაშილს აქვს თავისი სამსახური. ის თუ მაესტროში გადაცემას იწყებს, ჩემთვის სიახლეა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ რუსთავი 2-თან საუბარში.

 

ნინო ჟიჟილაშვილი ამბობს იმასაც, რომ მას “მაესტროზე” თოქ-შოუს გაკეთება დამოუკიდებლობის სრული გარანტიებით შეთავაზეს, თუმცა ეს შეთავაზება მისთვის იმ ცვლილებების საპირწონე არ არის, რომელიც არხზე განხორციელდა:  

 

“მე ძალიან სერიოზულად მარწმუნებდა არხის დამფუძნებელი კოტე გოგელია, რომ მე აბსოლუტურად თავისუფალი სივრცე მექნებოდა იმ თოქ-შოუში, რომ შემიძლია გავაკეთო, რაც მინდა იმ ერთი საათის განმავლობაში. თუმცა ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა უკვე ერთსაათიან კომფორტში თუნდაც ყოფნა იმ არხზე, სადაც ბევრი ფაქტორი, არა მხოლოდ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ასევე მაყურებლისთვისაც ყოფილიყო დისკომფორტული. მე, როგორც ერთი ჟურნალისტი, ჩემი ერთი სათით ვერაფრით ვერ დავძლევდი  შეიძლება იმ ბევრ არასასიამოვნო თემას, რომლის გამოც შეიძლებოდა კვირის განმავლობაში შემრცხვენოდა. კვირაში ერთხელ მე ამას ვერ მოვერეოდი,”- ამბობს ჟიჟილაშვილი.

 

ტელეკომპანია “მაესტრომ” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია “მაესტრომ” არხის რეორგანიზაცია გამოაცხადა.

 

“გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ახალი ამბები” რჩება არხის პრიორიტეტად, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ განახლებული ფორმატით და ბადით დაუბრუნდება სატელევიზიო სივრცეს”, -ნათქვამია “მესტროს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი