ახალი ამბები

შს მინისტრის თქმით, “ნაცმოძრაობა” თბილისში “ევრომაიდნის” სცენარის გამეორებას შეეცდება

7 აპრილი, 2014 • • 1458
შს მინისტრის თქმით, “ნაცმოძრაობა” თბილისში “ევრომაიდნის” სცენარის გამეორებას შეეცდება

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ევრომაიდნის სცენარის თბილისში გამეორებისთვის ემზადება: “შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება,” – განაცხადა ჭიკაიძემ.

 

მისივე თქმით, ოპონენტებს ექნებათ არეულობის მცდელობები, მაგრამ ასეთ იდეებს რეალობაში განხორციელება არ უწერია:

 

“მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდანის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობიზილებას მოახდენენ. მე მჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მოუტანს”, – აცხადებს შს მინისტრი..

ალექსანდრე ჭიკაიძე
ალექსანდრე ჭიკაიძე

ჭიკაიძის თქმით, ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად დაისჯებიან:

 

“ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ, პირველ რიგში, საზოგადოება უპასუხებთ და გაცილებით მკაცრად. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სისხლი დაიღვარა. ეს ხალხს აღარ სჭირდება, ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნორმალური განვითარება”.

 

როგორც ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, ოპონენტები “შეეცდებიან, ევროპელ პოლიტიკოსებს ცრუ ინფორმაციები მიაწოდონ და ამით გარკვეული წრეების მხარდაჭერა მოიპოვონ. მიზანი შეიძლება იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა, ხელისუფლების შეცვლა და ა.შ. არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს სცენარი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აამუშაონ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, გარკვეული ნიადაგი მანამდეც მოსინჯონ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი