რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე: სიცრუეა, თითქოს სიმთვრალის გამო თვითმფრინავზე არ დამიშვეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი არ ადასტურებს და სიცურეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლონეთის რეისზე სიმთვრალის გამო არ დაუშვეს. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა.

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის ორი თანამშრომელი პოლონეთის რეისზე არ დაუშვეს, რისი მიზეზიც მათი არაფხიზელი მდგომარეობა იყო. ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, ასევე ავიაკომპანია “ლოტს”, რათა გაერკვია, რატომ ვერ ავიდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თვითმფრინავის ბორტზე.

“მოხდა ის, რომ გავიარეთ ყველა საბაჟო კონტროლი, ავედით ბორტზე. თუმცა მე და კიდევ ჩვენი დელეგატი შეუშვეს, ჩვენს მესამე წარმომადგენელს უარი უთხრეს, განმარტება როდესაც ვთხოვეთ, გვითხრეს, რომ მათ მისი კანის სითეთრე [გაფითრებული იყო] არ მოეწონათ და ვერ დაუშვებდნენ, რომ ბორტზე ვინმე შეუძლოდ გამხდარიყო. გარდა ამისა, მათ თურმე რაღაც შემთხვევა ჰქონიათ, ორი ქართველი გარდაცვლილა მათ ბორტზე,” – განმარტავს ლევან ონიანი.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქალაქ პლონსკში 10 მაისს, გამთენიისას მიემგზავრებოდა, სადაც “ევროპული დღეების” ფარგლებში მათ გარდა 20-მდე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იყო მიწვეული. მისივე განმარტებით, ხარჯების საფასურს ისინი პირადი დანაზოგებიდან აანაზღაურებენ. კითხვაზე, თუ რა გახდა მათი ერთ-ერთი დელეგატის ცუდად გახდომის მიზეზი, ონიანი განმარტავს, რომ მას ფრენის ეშინოდა. მისი თქმით, სხვა დეტალებზე საუბარი “არაეთიკურია. თუმცა საქმე ალკოჰოლი არ ყოფილა”.

ლევან ონიანის თქმით, ჩივილს იმიტომ არ აპირებს, რომ თვითმფრინავის კაპიტანს აქვს უფლება, თავისი შეხედულებისამებრ არ აუშვას მგზავრი ბორტზე.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა იმ ავიაკომპანიას, რომლითაც ლევან ონიანი პოლონეთში მიემგზავრებოდა. “ლოტში” გვითხრეს, რომ არ იციან, თუ რატომ არ შეუშვეს დელეგაცია ბორტზე, თუმცა ამ ფაქტს ადასტურებენ. მათივე თქმით, ბორტის ეკიპაჟს აქვს უფლება გადაწყვიტოს, ვინ არ ავა თვითმფრინავში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან