ახალი ამბებისაზოგადოება

ხაშურიდან გამოპარულ ბავშვს დღეს ზოოპარკს დაათვალიერებინებენ

22 თებერვალი, 2018 • 38680
ხაშურიდან გამოპარულ ბავშვს დღეს ზოოპარკს დაათვალიერებინებენ

გუშინ ხაშურიდან თბილისში გამოპარულ 10 წლის ბავშვს დღეს, 13:00 საათზე, დაათვალიერებინებენ ზოოპარკს. ბავშვი იმ პატრულის ეკიპაჟს მოჰყავს ხაშურიდან, რომელმაც გუშინ დაკარგული იპოვა.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ბავშვს ერთწლიან აბონემენტს და ზოოპარკის საპატიო მეგობრის სერტიფიკატს გადასცემენ. ხაშურელი ბავშვის მეგზური ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე იქნება:

„ზურა რამდენიმე ვოლიერშიც შეიყვანს პატარას. ის ცხოველების გამოკვებაშიც მიიღებს მონაწილეობას და მოეფერება მათ. მას ექნება საშუალება, რომ ახლოდან გაიცნოს ზოოპარკის შიდა სამზარეულო,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ზოოპარკის მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის უფროსმა, მზია შარაშიძემ.

ზოოპარკის ადმინისტრაციას სურს გაჟღერდეს მათი მესიჯი იმის შესახებ, რომ არ მოხდეს  ბავშვების სახლიდან გაქცევის და მშობლების დაუკითხავად ზოოპარკში წასვლის წახალისება. მზია შარაშიძის თქმით, მშობლებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო, რომ ბავშვები მიიყვანონ ზოოპარკის დასათვალიერებლად.

[red_box]ზოოპარკის სანახავად ხაშურიდან თბილისში 10 წლის ბავშვი გამოიპარა[/red_box]

20 თებერვალს პატრულის ეკიპაჟმა თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვა. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, ბავშვი ზოოპარკის ნახვაზე ოცნებობდა და ხაშურიდან მშობლების დაუკითხავად ცხოველების სანახავად გამოიპარა. პატრულს ბავშვის მამამ უთხრა, რომ მის შვილს ხაშური აქამდე არასდროს დაუტოვებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი