ახალი ამბებისამართალი

საგამოძიებო სამსახურმა “წითელი ცხვირების” დავაში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა

15 თებერვალი, 2018 • 39420
საგამოძიებო სამსახურმა “წითელი ცხვირების” დავაში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ აკა სინჯიკაშვილის განცხადების საფუძველზე ე.წ. წითელი ცხვირების საქმე შეისწავლა, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო, რადგან დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა წარდგენილ დოკუმენტებში. სინჯიკაშვილი ბაღდავაძეს საქველმოქმედო თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, შესაბამისი წერილი ფინანსურმა პოლიციამ აკა სინჯიკაშვილს იანვარში გადასცა.

“უკვე ჩამოწერილია აკა სინჯიკაშვილის განცხადება. არც დაწყებულა საქმის წარმოება იმიტომ, რომ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება განმცხადებელსაც ეცნობა,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

თავად თეონა ბაღდავაძემ მისი და კომპანია RedNose-ს სახელით რამდენიმე თვის წინ შესაძლო რეპუტაციის შელახვის შესახებ ორი სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში აკა სინჯიკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერჯერობით პროცესის თარიღი არ ჩანიშნულა.

როგორც თეონა ბაღდავაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, სასამართლოში ასევე მოითხოვს 35 000 ლარის დაბრუნებას, რომელიც აკა სინჯიკაშვილს გადასცა ე.წ. დღის ცენტრის გასაკეთებლად:

“აკა სინჯიკაშვილი რატომღაც ამის შესახებ არ საუბრობს. რა თქმა უნდა, მე ამ თანხის დაბრუნებას ვითხოვ. ეს თანხა ახლა ისევ მის ხელშია თუ არა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. სასამართლოს პრეროგატივაა, რომ გაარკვიოს.”

ნეტგაზეთი მეექვსე დღეა უშედეგოდ ცდილობდა აკა სინჯიკაშვილთან მობილურის ნომერზე და ფეისბუკზე დაკავშირებას. ამ საკითხის შეფასების გარდა, მისთვის გვინდოდა გვეკითხა, თუ რა ბედი ეწია იმ 35 000 ლარს, რომელიც ცხვირების გაყიდვის შემდეგ გადასცა თეონა ბაღდავაძემ. თუ აკა სინჯიკაშვილი გადაწყვეტს ამ თემაზე საუბარს, ნეტგაზეთი მზადაა, ტრიბუნა დაუთმოს.

შენიშვნა: ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სინჯიკაშვილმა ფეისბუკის გვედრზე დაწერა, რომ ჯერ არაფერი გარკვეულა და ამ საქმეს კიდევ სჭირდება გამოძიება.

“წითელი ცხვირების საქმეზე – ფინანსურმა პოლიციამ 8 თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ გამოიძიოს ეს საქმე. სამაგიეროდ სხვებმა გამოიძიეს და გაჩვენებთ რა უბედურება ხდება საერთოდ. არაფერი არ გარკვეულა ჯერ, ყველაფერს სასამართლო დაადგენს, რომლის თარიღსაც გამოაცხადებენ და გეტყვით. მოდით და ისეთ ამბებს გაჩვენებთ, რომ ვერც წარმოიდგენთ. ვერცერთ სამხილს ვერ დავდებ სასამართლომდე, რაც გავამხილე ისიც არ უნდა მეთქვა. მანამდე კი კიდევ ერთხელ ავიტან ლანძღვა-გინებას, ასე მონდომებით რომ შეუდგა ადამიანების ჯგუფი. სასამართლოს შემდეგ, აქ დავდებ ყველაფერს. აქ ჩემს პირად ამბავზე არ ხდება არაფერი, ამ ფულიდან ერთი ლარი არ არის ჩემი, ეს ხალხის მოგროვილი ფულია, ობლებისთვის და უსახლკაროებისთვის მოგროვილი. ზუსტად ამიტომ არ შევარჩენ არავის არაფერს, ერთ ლარს ვერ დახარჯავს უმიზნოდ ვერავინ. როგორც დაგპირდით, შეგროვილი ფულით, სოციალურად დაუცველებისთვის შენობა აშენდება და ეს აუცილებლად ასე იქნება. ადამიანი არის ის, რასაც აკეთებს და არა ის, რასაც ამბობს. ჰოდა გამოჩნდება სულ მალე, ვინ ამბობს და ვინ აკეთებს,” – წერს აკა სინჯიკაშვილი თავის ფეისბუკის გვერდზე.

აკა სინჯიკაშვილისა და თეონა ბაღდავაძის დავა

აკა სინჯიკაშვილმა საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში ე.წ. წითელი ცხვირების გაყიდვით შემოსული თანხების მითვისებაში ამ კამპანიის ორგანიზატორი და მისი პარტნიორი თეონა ბაღდავაძე 2017 წლის ივნისში დაადანაშაულა. ორივე მხარე საქმის გამოძიებას ითხოვდა – აკა სინჯიკაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა, ხოლო ბაღდავაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

უთანხმოება ე.წ. წითელი ცხვირების გაყიდვით შემოსული თანხების რაოდენობის სიზუსტესა და განაწილებას ეხება. თითოეული “ცხვირი” 5 ლარად იყიდებოდა და შემოსული თანხა, rednose.ge-ზე გამოცხადებული მიზნების თანახმად, უნდა მოხმარებოდა თავშესაფრის აშენებას და ლეიკემიით დაავადებული პირის მკურნალობას.

თანხებთან დაკავშირებით გაუგებრობების შესახებ საზოგადოებამ აკა სინჯიკაშვილის მიერ 2017 წლის 16 ივნისს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტიდან გაიგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი