ახალი ამბებისამართალი

ცრუ დასმენის საქმეზე სასამართლომ გიორგი ოქროპირიძე გაამართლა

10 ნოემბერი, 2017 • 7915
ცრუ დასმენის საქმეზე სასამართლომ გიორგი ოქროპირიძე გაამართლა

დღეს, 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა როგოც ცრუ დასმენის (სსკ-ს 373ე მუხლი), ასევე, ცრუ ჩვენების მიცემის (სსკ-ს 370-ე მუხლი) ნაწილში.

განაჩენი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოიტანა. მან განაჩენის წაკითხვისას განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა გიორგი ოქროპირიძის მიერ ამ დანაშაულის ჩადენა, რაც გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი გახდა.

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე ოქროპირიძეს პროკურატურამ ეს ბრალი წაუყენა. რომ არა ცრუ დასმენის შესახებ ბრალის წაყენება, ოქროპირიძე საპატიმროს დატოვებდა.

პროკურატურა ამ განაჩენს არ ეთანხმება. ლაშა კოტრიკაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.

ცრუ დასმენის საქმე ეხება ბათუმის ციხეში ყოფნის პერიოდში, სახალხო დამცველისადმი 2014 წლის 22 სექტემბერს მიცემულ ახსნა-განმარტებას. ამ ახსნა-განმარტების გამო გიორგი ოქროპირიძეს ბრალი თითქმის 9 თვის შემდეგ, 2015 წლის ივნისში წაუყენეს. ახსნა-განმარტებაში, რომელიც პროკურატურამ “ცრუ დასმენად” შერაცხა, ოქროპირიძე აღწერდა, თუ როგორ აწამებდნენ. სასამართლომ ცრუ დასმენის საქმის განხილვა 2 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ დაასრულა.

პროკურატურის მიერ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალის წაყენებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 5 ივნისს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს. რამდენიმე დღეში ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და, შესაბამისად, მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. თუმცა 2 დღის შემდეგ, 8 ივნისს, მას პროკურატურამ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი კვლავ შეუფარდა აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამ ოქროპირიძე დამნაშავედ ცნო ლაშა მახარაძის მკვლელობაში და სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოქროპირიძე ამჟამად სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდის.

10 ოქტომბრის პროცესზე ოქროპირიძემ განაცხადა, რომ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით შიმშილობას იწყებდა.  10 ნოემბრის პროცესზე ისე მოვიდა, რომ შიმშილობა შეწყვეტილი არ ჰქონდა. პროცესზე დასკვნითი სიტყვა მან თავად წარმოთქვა.

გიორგი ოქროპირიძის დედამ, ცირა გოდერძიშვილმა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მოითხოვს, პროკურატურამ გააგრძელოს შეწყვეტილი გამოძიება ოქროპირიძის წამების საქმეზე, რადგან, სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ გიორგი ოქროპირიძეს ცრუ ჩვენება არ მიუცია ციხეში წამებასთან დაკავშირებით.

“შეწყვეტილი გამოძიება უნდა განახლდეს და ბათუმის #3 დაწესებულების ჯალათები უნდა აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ხოლო ვერდიქტის ვერმიღების შემდეგ უსაფუძვლო ბრალი რომ წაუყენეს 8 თვის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში ამყოფეს, ნაფიც მსაჯულთა წინაშე ამყოფეს პატიმრის და ცრუ დამსმენის სტატუსით და მოვითხოვთ დიდი მორალური ზიანის ანაზღაურებას, რამაც პირდაპირ იმოქმედა ვერდიქტზე,”- განაცხადა ცირა ოქროპირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი