ახალი ამბები

პარლამენტი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განსახილველად ემზადება

8 ნოემბერი, 2017 • 7814
პარლამენტი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განსახილველად ემზადება

საქართველოს პარლამენტი ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს, რომლის მიხედვითაც მცირე დოზით, საკუთარი მოხმარებისთვის ნარკოტიკის ქონა სისხლის სამართლებრივ დევნას აღარ დაექვემდებარება, ასევე გაჩნდება ახალი სერვისები, რომლებიც ნარკოდამოკიდებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები მომავალი კვირიდან დაიწყება და იმედოვნებს, რომ ნოემბრის ბოლოს კანონპროექტის შეჯერებული ვერსია მზად იქნება.

კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ 2017 წლის ივნისში დაარეგისტრირა. კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები ამბობენ, რომ კანონპროექტს მოწინააღმდეგეები პარლამენტარებს შორისაც ჰყავს.

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ საზოგადოების ბევრ წევრს მცდარი წარმოდგენა აქვს, თუ რას ეხება აღნიშნული ცვლილებები და პარლამენტარების ნაწილსაც სჭირდება მეტი ინფორმაციის მიღება კანონპროექტის შესახებ.

ამ საკითხზე გუშინ, 7 ნოემბერს, პარლამენტში გაიმართა შეხვედრა, ხოლო დღეს, 8 ნოემბერს, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრის, ექიმ-ნარკოლოგ დავით ოთიაშვილის თქმით, რეფორმის მთავარი მიზანი არის “სწორხაზოვანი, სადამსჯელო რეფორმიდან ზრუნვის და დახმარების მიმართულებაზე გადასვლა.”

ოთიაშვილის თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნა აღარ დაიწყება იმ ადამიანზე, რომელსაც ექნება მცირე დოზის ნარკოტიკი მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, თუმცა ეს ცვლილება არ შეეხება ნარკოტიკების გამსაღებლებს. კანონპროექტის მიხედვით, თითოეულ ნარკოტიკულ საშუალებაზე შესაბამისი უმცირესი რაოდენობაა განსაზღვრული.

ექიმ-ნარკოლოგის თქმით, მცირე დოზით ნარკოტიკების ფლობისთვის ადმინისტრაციული სანქცია დაწესდება. მისი თქმით, ასეთი სანქცია შეიძლება იყოს მართვის მოწმობის შეზღუდვა, გარკვეულ ადგილებში გამოჩენის უფლების შეზღუდვა, ან საზოგადოებისთვის სასიკეთო შრომა.

დავით ოთიაშვილის თქმით, ამ სისტემისთვის მნიშვნელოვანი იქნება კომისიების არსებობა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 15 წერტილში, რეგიონების მიხედვით შეიქმნება.

კომისიები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან იმუშავებენ. ოთიაშვილის თქმით, კომისიების მიზანი ადამიანების დასჯა არ იქნება, არამედ მათი დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკებთან შემხებლობის მქონე პიროვნება არ გაითვალისწინებს კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, ამის შემდეგ მიმართავს კომისია სასამართლოს, კონკრეტული სანქციის დაკისრების თაობაზე იმსჯელოს.

კანონპროექტის მიხედვით, ამ ადამიანებს მიეცემათ მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობა, თუმცა ამისთვის სახელმწიფომ უნდა განავითაროს შესაბამისი სერვისები. სერვისეის განვითარების კონცეფცია კანონპროექტთან ერთად პარლამენტშია წარდგენილი.

“ცალკე აღებული დეკრიმინალზიაცია ვერ იქნება სასურველი შედეგის მომტანი, მხოლოდ კომპლექსურად, სისტემურად განხორციელებული კანონმდებლობის ცვლილება. მეორე მხრივ, დახმარების პროგრამების გაფართოება არის ის, რაც მოგვიტანს დადებით შედეგს”, – ამბობს დავით ოთიაშვილი.

დავით ოთიაშვილის თქმით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია შიში, რომ დეკრიმინალიზაციის შემდეგ გაიზრდება ნარკოტიკების მოხმარება. ამას საქართველოს პარლამენტის წევრებიც შიშობენ. გუშინ გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა ისკო დასენმა განაცხადა, რომ დეკრიმინალიზაციის შემდეგ თბილისში “ნარკომანი ტურისტები ჩამოვლენ”.

პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე კი მხარს უჭერს ნარკოპოლიტიკის შეცვლას, თუმცა ამბობს, რომ “უკიდეგანო ლიბერალიზმი და ლეგალიზაციის ტოლფასი დეკრიმინალიზაცია საფრთხის შემცველია.”

ხუნდაძის თქმით, შენიშვნები აქვს კანონპროექტთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ ზოგიერთ ნარკოტიკთან დაკავშირებით დოზები შესაცვლელია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებით.

პარლამენტარი მარიამ ჯაში მხარს უჭერს კანონპროექტს და ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის გადახედვა პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა ინფექციური დაავადების წინააღმდეგ ბრძოლასთან.

“თუ ჩვენ ნარკოპოლიტიკის რევიზია ბოლომდე არ მივიყვანეთ, წყალში იყრება პრაქტიკულად არა მხოლოდ ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია შიდსის პროგრამებში, არამედ მილიარდობით ინვესტიცია C ჰეპატიტის პროგრამებში. მთავარი შედეგი, რაც ამ პროგრამებს უნდა მოჰყოლოდა – შემცირებულიყო ტენდენცია აივ ინფექციის ახალი შემთხვევების გამოვლენის, ეს არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა გვაქვს ხელმისაწვდომი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პრევენციის კუთხით გვაქვს პრობლემა”, – ამბობს მარიამ ჯაში.

კითხვას, უჭერთ თუ არა მხარს აღნიშნულ კანონპროექტს, პარლამენტარი ეკა ბესელია ცალსახად არ პასუხობს.

“მიზანი არის ის, რომ გვყავდეს ქვეყანაში რაც შეიძლება ძალიან ცოტა, იდეალურ შემთხვევაში კი, არც ერთი ნარკომანიით დაავადებული ადამიანი; შემცირდეს საზოგადოებრივი ზიანი, შევამციროთ ასეთი ადამიანების რაოდენობა იმით, რომ მათ ვუმკურნალოთ; დაიხარჯოს მეტი რესურსი იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ მიდრეკილება ნარკოტიკების მიმართ, ამ ცვლილებას ვუყურებ ასეთ კომპლექსურ ჭრილში”, – ამბობს ეკა ბესელია.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ პრინციპული საკითხია ნარკოტიკების დეკრიმინალიზება და მინიმალური რაოდენობების განსაზღვრა, თუმცა შესაძლებელია მსჯელობა, სხვადასხვა ნარკოტიკის შემთხვევაში რა შეიძლება იყოს მინიმალური ოდენობა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრის, კონსტანტინე ლაბარტყავას თქმით, მინიმალურ ოდენობად სპეციალისტებმა განსაზღვრეს დღიური დოზა, რისი არმიღების შემთხვევაში ადამიანს აბსისტენციის სინდრომი [განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ნარკოტიკების მიღების ერთბაშად და სრული აღკვეთის შემთხვევაში] ეწყება.

“ჩვენ გვაქვს საქმე დაავადებასთან, რომელსაც ახასიათებს მწვავე და სუფთა ხასიათის მონაცვლეობა, წარმოუდგენელია ძალოვანი ღონისძიებებით ამ პრობლემასთან ბრძოლა”, – ამბობს ლაბარტყავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი