ახალი ამბები

მასწავლებლისადმი სექსუალურ შევიწროების ბრალდებას შსს შეისწავლის

26 ოქტომბერი, 2017 • 14268
მასწავლებლისადმი სექსუალურ შევიწროების ბრალდებას შსს შეისწავლის

ორგანიზაცია  “საფარის” წარმომადგენელი მარი კურტანიძე ყოფილ მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. შსს ამ ფაქტის შესწავლას აპირებს.

წერილში, რომელიც “საფარის”  ვებ-გვერდზეა  გამოქვეყნებული, მარი კურტანიძე ყოფილ მათემატიკის მასაწავლებელს მიმართვს.  ის წერს, რომ 15 წლის იყო, როდესაც  თამაზ აქუბარდია სექსუალურად ავიწროებდა:

“კვირაში სამჯერ დადიოდით ჩემთან სახლში და კერძო გაკვეთილებს მიტარებდით. ჩემი სახელი და გვარი თუ არაფერს გეუბნებათ, ვეცდები, სხვანაირად გაგახსენოთ: “აბრეშუმივით კანი მაქვს”. თქვენ გიჟდებოდით მასზე. ჩემი დახეული ჯინსის შარვალიც უნდა გაგახსენდეთ, მაგიდის ქვეშ ხელს რომ მისვამდით ხოლმე კანზე, საოცარი კანი გაქვსო, მეუბნებოდით. მას შემდეგ შემძულდა დახეული ჯინსი და აღარ ვიცვამ. თქვენი დაჟინებული თხოვნები არ აყოვნებდა: “რატომ არ გაცვია ჩემი საყვარელი შარვალი, გთხოვ, ჩაიცვი რა”. წავსულვარ და გამომიცვლია რამდენჯერმე, ბევრჯერ! წესით, ისიც უნდა გახსოვდეთ, როგორ მემუქრებოდით: “ამ ამოცანას სწორად თუ არ ამოხსნი, ტუჩებში გაკოცებ”. ერთხელ ამისრულეთ კიდეც დანაპირები: დამშვიდობებისას ლოყაზე კოცნის მაგიერ ტუჩებში მაკოცეთ. დანარჩენი თქვენ უკვე არ გემახსოვრებათ. მე მახსოვს. მახსოვს, როგორ ვტიროდი – თავს ვირწმუნებდი, რომ 50 წლის მასწავლებელი არ იყო “ჩემი პირველი კოცნა”, რომ ეს ყველაფერი “შემთხვევით მოხდა”!”- წერს მარი.

ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ თამაზ აქუბარდიას ყოფილმა სტუდენტმა სოფი გოგიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ისიც ისმენდა “უხამს კომენტარებს” ყოფილი ლექტორისგან. ”

კავკასიის მედია სკოლაში აქუბარდია მას ეკონომიკას ასწავლიდა. სოფი გოგიშვილი წერს, რომ აქუბარდია სტუდენტ გოგონებს მუდმივად უმეორებდა, რომ მათ ტუჩებში არ აკოცებდა, რადგან სიგარეტს ეწეოდნენ.

“მახსოვს, მოკლე შორტებზე კომენტარებს აკეთებდა, ყვებოდა ისტორიას ერთ გოგოზე, რომელიც მის წინ იჯდა და მოკლე კაბა ეცვა, ყვებოდა, რა პოზაში დაჯდა და როგორი საყურებელი იყო მისთვის ეს ხედი, რომელიც აუდიტორიაში ჰქონდა”,- ამბობს გოგიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ყოფილ სტუდენტებს “ფეისბუქზე” ისეთ კომენტარებს  უწერდა, რაც მინიმუმ არაეთიკური იყო ლექტორის მხრიდან.

“ნეტგაზეთმა” მოიკვლია, თუ რა შინაარსის კომენტარებს წერდა აქუბარდია მისი სტუდენტების “ფეისბუქ” პროფილებზე, რომლებსაც გთავაზობთ.

 

“ნეტგაზეთი” ცდილობდა ამ თამაზე აქუბარდიასთან დაკავშირებას, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თამაზ აქუბარდია მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, საარჩევნო ბლოკიდან “მოქალაქეთა კავშირი”. სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში და ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს.

დღეს საქართველოში სექსუალური შევიწროება არ ისჯება კანონით.  24 ოქტომბერს  პარლამენტში “ქალთა მოძრაობამ” სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით შეიტანა 1000 ხელმოწერარომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფეისბუქის საშუალებით შეაგროვეს. მოძრაობის ცნობით, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კანონპროექტები რამდენიმე არასამთარობო ორგანიზაციამ უკვე მოამზადა და გაუგზავნა პარლამენტს, თუმცა ისინი პარლამენტს არ განუხილავს.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება საჯარო სივრცეში. სექსუალური შევიწროება მოიცავს სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე, სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროების მუხლი არ არსებობს დღეს კანონმდებლობაში, ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, ჩვენ უწყებას ვკითხეთ, დაიწყება თუ არა გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით.  შსს-ში განაცხადეს, რომ საგამოძებო უწყება გამოქვეყნებულ მასალში აღწერილ მოვლენებს შეისწავლის:

“მართალია, ჩენთან შეტყობნება არ ყოფილა, მაგრამ პოლიცია დაინტერესდება საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული სტატიით და შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს”,- აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი