ახალი ამბები

გომელაური: აზერბაიჯანის ცნობით, აფგან მუხთარლი მწვანე საზღვრის კვეთისას დააკავეს

31 მაისი, 2017 • 12423
გომელაური: აზერბაიჯანის ცნობით, აფგან მუხთარლი მწვანე საზღვრის კვეთისას დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ აზერბაიჯანიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მწვანე საზღვრის კვეთისას დააკავეს. მისივე თქმით, ამ საზღვარს პასპორტით არ კვეთენ.

“არ უნდა ვიჩქაროთ ჩვენ განცხადებების გაკეთება, თავს შევიკავებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, მიმართა უკვე აზერბაიჯანულ მხარეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს. იქიდან ალბათ გაკეთდება ოფიციალური განცხადებები. თვითონ გააკეთეს, როგორც უკვე ჩემთვის ცნობილია. ჩვენც მოგვწერეს ზუსტად, თუ სად მოხდა ამ ადამიანის დაკავება. რომელ საზღვარს კვეთდა. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ის დააკავეს მწვანე საზღვრის კვეთის დროს და არა გამშვებ პუნქტზე, იქ პასპორტი არ სჭირდებათ, ასე ვთქვათ, პასპორტით არ გადადიან. დაგვიზუსტებენ, რომელ მხარეს გადადიოდა, სად გადადიოდა და შევისწავლით ამ ფაქტს”,- განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს  მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს.

“ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

ადვოკატის ინფორმაციითვე, ნაცემი ჟურნალისტი საქართველო-აზერბაიჯანის ოფიციალური გამშვები პუნქტით არ გადაუყვანიათ აზერბაიჯანში.

“ამბობს, რომ რაღაც სხვა გზებით ჩაიყვანეს ბაქოში, თუმცა თვალები ახვეული ჰქონდა და ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. გარდა ამისა, აზერბაიჯანში, საგამოძიებო უწყებაში მოხვედრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯიბეში 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა”.

შესაბამისად, ადვოკატის ცნობით, აფგან მუხთარლის ბრალი ორი მუხლით წაუყენეს, მათ შორის- “კონტრაბანდის”, ასევე, “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი