ახალი ამბები

თეა წულუკიანმა თამარ ალანიას გასაუბრებაზე გვანცა ყუფარაძის საქმეზე დაუსვა კითხვა

28 მაისი, 2017 • 15368
თეა წულუკიანმა თამარ ალანიას გასაუბრებაზე გვანცა ყუფარაძის საქმეზე დაუსვა კითხვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და იმ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი ხუთი კანდიდატი უნდა შეარჩიოს, ერთ-ერთ კანდიდატს, თამარ ალანიას გასაუბრებაზე კითხვა დაუსვა გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით.

თამარ ალანია სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის მოსამართლე იყო. 2006 წელს ყუფარაძე 14 წლის იყო, როდესაც თანაკლასელის დანით მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ, სადაც ამ საქმის მოსამართლე თამარ ალანია იყო, ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებდა, რომ  გვანცა ყუფარაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

“თქვენ ხართ ქალი, თქვენ ხართ დედა. თუ გახსოვთ გვანცა ყუფარაძის საქმე?” – ჰკითხა იუსტიციის მინისტრმა ალანიას. იგი დაინტერესდა, თუ როგორი იქნებოდა ალანიას მიდგომა დღევანდელ ვითარებაში.

თამარ ალანიამ ამ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სააპელაციო სასამართლოში მისი მიღებისთანავე. მანვე აღნიშნა, რომ ამ საქმის თითოეული ნიუანსის განხილვა მისთვის ძალიან “რთული და  მძიმე პროცესი” იყო. ალანიას თქმით, მაშინ იყო ძალიან ხისტი და მძიმე კანონმდებლობა, რომელსაც ვერ გაექცეოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მიიღეს დაცვის მხარის მიერ დაყენებული ყველა მტკიცებულება მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკრძალებოდათ.

თამარ ალანიას თქმითვე, მაშინ რომ ყოფილიყო ძალაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც 2016 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს, მაშინ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით წავიდოდა – “მაშინ რომ არასრულწლოვანთა კოდექსი ყოფილიყო, ჩემი მიმართულება იქნებოდა, რომ აღდგენითი მართლმსაჯულება განმეხორციელებინა” – განაცხადა მან.

თამარ ალანიამ განაცხადა, რომ გვანცა ყუფარაძე მას დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც საქმის განხილვა უკვე დასრულებული ჰქონდა. მან თქვა, რომ მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში არც მანამდე ჰქონია და არც შემდეგ. თამარ ალანიას განცხადებით, მან ვერ მოძებნა ფორმატი, თუ როგორ უნდა ეპასუხა მისთვის და როგორ უნდა დაკავშირებოდა მას.

გვანცა ყუფარაძის საქმის გარდა თამარ ალანიას კომისიის წევრებმა სხვა არაერთი კითხვა დაუსვეს. მათ შორის, კითხვები ეხებოდა  თამარ ალანიას ღია მხარდაჭერას ლევან მურუსიძის მიმართ, ერთი და იმავე სქესის მქონეთა ქორწინებას, ასევე, სხვა სამართლებრივ საკითხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი