ახალი ამბები

შსს-ს პოზიცია იძულებით ნარკოტესტირებაზე: ნარკომომხმარებელი აზიანებს სოციუმსაც

20 ოქტომბერი, 2016 • 3192
შსს-ს პოზიცია იძულებით ნარკოტესტირებაზე: ნარკომომხმარებელი აზიანებს სოციუმსაც

რა შეიცვალა იძულებით ნარკოტესტირებაში მას შემდეგ, რაც 2015 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგინდა ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საფუძვლები? –  ამ საკითხთან დაკავშირებით EMC-ის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია, რომელსაც შსს-ს თანამშრომლებიც დაესწრნენ.

როგორც 19 ოქტომბრის შეხვედრაზე გაირკვა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ის მავნე ტენდენციები, რაც იძულებით ნარკოპოლიტიკას ახლდა, გაგრძელდა ამ ბრძანების გამოსვლის შემდეგაც. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია ქუჩის ნარკოტესტირების არსებული წესი, მეორე საკონსტიტუციო სარჩელით კი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარება) სრულად გაუქმებას ითხოვენ.

შსს-ს წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ ნარკოტიკების მოხმარება კვლავ უნდა ისჯებოდეს, რადგან მომხმარებელი საკუთარი თავის გარდა, სოციუმსაც უქმნის საფრთხეს. ასევე, უწყების წარმომადგენელი არ დაეთანხმება პოზიციას, რომ უფრო მეტად უნდა დაზუსტდეს ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საფუძვლები.

“ამ ეტაპზე ნარკოტიკების მოხმარება რჩება კვლავ სამართალდარღვევად. ამას აქვს თავისი მიზეზები. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლით ადამიანს აქვს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და მას შეუძლია საკუთარ თავს შეუქმნას საფრთხე, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ნარკომომხმარებელთან მიმართებით პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ეს ადამიანი არ აზიანებს მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ის აზიანებს იმ სოციუმს, რომელშიც ცხოვრობს. იცით, რომ ნარკომოხმარება, ზოგადად, ადამიანში საკუთარ თვითკონტროლს სპობს, რის შედეგადაც ძალიან მარტივდება სხვა, უფრო მძიმე სამართალდარღვევების ჩადენა. აქედან გამომდინარე, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა მოითხოვს იმას, რომ ნარკომოხმარება იყოს კვლავ სამართალდარღვევა,”- განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ლანა ცანავამ პრეზენტაციის შემდგ გამართულ დისკუსიაზე.

საფრთხის კონტექსტში ნარკოტიკების მომხარებელთა განხილვამ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენლის, პაატა საბელაშვილის პროტესტი გამოიწვია:

“როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრებაზე, არ შეიძლება ამ ადამიანის აღწერა, როგორც გარშემომყოფისთვის საფრთხის შემცველის. თქვენ შეიძლება არ იცნობთ ნარკომანებს, მე ვარ ნარკომანი და აქ რომ ვზივარ, ვინმე თუ გრძნობს რამე საფრთხეს ჩემგან, არ ვიცი. გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად კრიმინალიზებულის სტატუსისა, მიუხედავად იმ ღირსებისშემლახავი ქმედებებისა, რასაც, სამწუხაროდ, თქვენი კოლეგები ჩვენ მიმართ ახორციელებენ, ჩვენ ღირსებას მაინც არ ვკარგავთ და ამ ბრძოლაში გაჩერებასაც არ ვაპირებთ,”- განაცხადა პაატა საბელაშვილმა ლანა ცანავას პასუხად.

პაატა საბელაშვილი

პაატა საბელაშვილი

ვიდრე 2015 წელს მინისტრის ეს ბრძანება გამოიცემოდა, პოლიციელებს მოქალაქეების გადაყვანა საფუძვლიანი ვარაუდის სტანდარტით შეეძლოთ. EMC-ის იურისტის, გურამ იმნაძის თქმით, არ არსებობდა სამართლებრივი მექანიზმი, რომ შემოწმებულიყო, რამდენად მოქმედებდა პოლიციელი საფუძვლიანი ვარაუდის სტანდარტით.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში, რომლის განხილვასაც შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო, განსაზღვრულია ნარკოტესტირებზე გადაყვანის საფუძვლები:

ა) მოსამსახურე უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს;

ბ) მოსამსახურის მიერ „პოლიციის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ან იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს სსიპ – „112“-ში შესული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ.

იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ პირველი ორი საფუძველი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ლეგიტიმური, თუმცა ბრძანების მესამე საფუძველი “უკარგავს ყოველგვარ აზრს დანარჩენ ორ საფუძველს”, რადგან ნარკოტესტირებაზე გადაყვანის ძალიან დაბალ სტანდარტს ადგენს. მისივე თქმით, სავარაუდო იყო, რომ სწორედ მესამე საფუძვლით გადაიყვანდნენ ყველაზე ხშირად მოქალაქეებს ნარკოტესტირებაზე.

EMC-იმ კვლევის ფარგლებში ბოლო 1 წლის განმავლობაში ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი 16 პირი გამოკითხა. აქედან, გურამ იმნაძის თქმით, 11-მა განაცხადა, რომ ისინი მესამე საფუძვლით (ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე) გადაიყვანეს შესამოწმებლად, დანარჩენებს კი საფუძველი არ განუმარტეს.

იმნაძე ამბობს, რომ შსს-ს მონაცემებით, ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა მხოლოდ 27%-ს დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარება. კერძოდ, მისი თქმით, 2016 წლის 6 თვეში ნარკოტესტირებაზე დაახლოებით 14 ათასზე მეტი ადამაინი გადაიყვანეს, აქედან მოხმარება 3 849-ს დაუდგინდა. გაზეთ ბათუმელების მიერ შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად კი, 2016 წლის 9 თვეში ნარკოტიკის მოხმარება 6 120 პირს დაუდგინდა, თუმცა შსს-მ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, ჯამში, რამდენი ადამიანი გადაიყვანეს ნარკოტესტირებაზე.

“ბრძანების გამოცემას მოჰყვა ნარკოტესტირებაზე გადაყვანილთა კლება, რაც დადებითი ტენდენციაა, თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან დაბალი არის ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა შორის იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც დაუდგინდა მოხმარების ფაქტი. ეს რაოდენობა არის დაახლოებით 27%,”- განაცხადა გურამ იმნაძემ.

მისივე თქმით, ნარკოტესტირებაზე გადაყვანისას გამოიყენება დაკავების პროცედურები, რა დროსაც მოქალაქეებს რიგი უფლებები ეზღუდებათ. მათ ძირითადად ნარკოლოგიურ დაწესებულებებში აყოვნებენ და, მაგალითად, საპირეფარეშოთი სარგებლობის შეზღუდვა შეიძლება 12 საათის განმავლობაში გაგრძელდეს.

“კვლავაც ძალიან დაბალია გასაჩივრების მაჩვენებელი. ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამოკითხული საუბრობდა იმაზე, რომ მათ მიმართ სხვადასხვა ტიპის დარღვევებს ჰქონდა ადგილი, არც ერთ მათგანს არ მიუმართავს სასამართლოსთვის გასაჩივრების მიზნით. ამაზე რამდენიმე პასუხი შეიძლება არსებობდეს- როგორც ის, რომ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, ასევე ის, რომ არ ენდობიან გასაჩვრების მექანიზმებს და მათი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ მშვიდობით დასრულდეს ეს ნარკოტესტირების პროცედურები და შეწყდეს უშუალო კონტაქტი პოლიციასთან,”-  ამბობს გურამ იმნაძე.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუკი პოლიციელი უსაფუძვლოდ გადაიყვანს ნარკოტესტირებაზე მოქალაქეს, ეს სასამართლოს შეფასების საგანი უნდა გახდეს.

 შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსის მოადგილე ლანა ცანავა

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსის მოადგილე ლანა ცანავა

“საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საფუძვლები არის ბუნდოვანი. მოგეხსენებათ, ნებისმიერ სახელმწიფოში პოლიციური ღონისძიების განხორციელების საფუძველი არის ფაქტი ან ინფორმაცია, რომლის საფუძველზე ის იღებს გარკვეულ დასკვნას და იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა განახორციელოს საპოლიციო ღონისძიება. პოლიციელის შეფასება იყო თუ არა სწორი და ემყარებოდა თუ არა ობიექტურ საფუძვლებს, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის თავის სიტყვას ამბობს სასამართლო პრაქტიკა. ასე იყო ამერიკაში, იმავე ევროპის სახელმწიფოებში სასამართლო პრაქტიკა ადგენს, რომ თუ პოლიციელმა მიიღო სრულიად არასანდო ინფორმაცია, ამის საფუძველზე მან არ უნდა განახორციელოს რაიმე საპოლიციო ღონისძიება, განსაკურებით, დაკავება, რომელიც არის, ვთქვათ, მეტად  ინტენსიური ხასიათის ადამიანის უფლების შეზღუდვა. თქვენ რადგან წარმოადგენთ ორგანიზაციას, შეგიძლიათ ადვოკატირება გაუწიოთ, რომ სასამართლომ თქვას თავისი სიტყვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს,”- მიმართა ლანა ცანავამ EMC-ის წარმოამდგენლებს.

ამასთან დაკავშირებით EMC -ის წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ განაცხადა, რომ მოცემულ შემთხვევაში დაკავების სასამართლო კონტროლი არ ხდება და, შესაბამისად, დაკავება სასამართლოში არ საჩივრდება.

“კარგი იქნება, თუ სასამართლო იტყვის თავის სიტყვას იმიტომ, რომ მე პირადად არ მგონია გონივრული, რომ უფრო მეტად დავაზუსტოთ საკანონმდებლო დონეზე, რა შეიძლება იყოს საფუძველი,”- უპასუხა მას ლანა ცანავამ.

მარჯვნიდან: დავით სუბელიანი (თეთრი ხმაურის მოძრაობა), გურამ იმნაძე (EMC), მიხეილ შარაშიძე (ომბუდსმენის აპარატი). EMC-ის ფოტო 19.10.2016

მარჯვნიდან: დავით სუბელიანი (თეთრი ხმაურის მოძრაობა), გურამ იმნაძე (EMC), მიხეილ შარაშიძე (ომბუდსმენის აპარატი). EMC-ის ფოტო 19.10.2016

 

მასალების გადაბეჭდვის წესი