ახალი ამბები

ადვოკატთა ასოციაციის აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

14 ივლისი, 2016 • 2010
ადვოკატთა ასოციაციის აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

დღეს, 14 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის 125 კანდიდატს უყრის კენჭს, სასამართლოების სისტემაში კი ვაკანტური 65 ადგილია.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მიმდინარე პროცესს აპროტესტებენ. ისინი თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილის, ჯემალ კოპალიანის, მამია ფხაკაძის, გიორგი ჩემიას და თამაზ ურთმელიძის მოსამართლეებად დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.

“ეს ხალხი თუ დაინიშნა სასამართლო სისტემაში, ერთი მაინც რომ დაინიშნოს, ეს სასამართლოს ჭაობში ჩარჩენა იქნება,” – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ადვოკატები მოითხოვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე კონკურსის შეჩერებასა და საბჭოს დაშლას.

“იუსტიციის საბჭოს ორი წევრი, მერაბ გაბინაშვილი და გვანცა ყუფარაძის მოსამართლე თამარ ალანია იყრიან კენჭს. მე მაინტერესებს, თუ დღეს ამ ოდიოზურ ფიგურებს მხარს დაუჭერს იუსტიციის საბჭო და გასამართლებელი საბუთი ექნებათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაინიშნოს გირგვლიანის მოსამართლე გიორგი ჩემია, ასევე, ჯემალ კოპალიანი. მამია ფხაკაძე, სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე,”- ამბობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

ადვოკატთა ასოციაციის აქცია იუსტიციის საბჭოსთან, 14.07.2016. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

ადვოკატთა ასოციაციის აქცია იუსტიციის საბჭოსთან, 14.07.2016. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი