სამართალი

დანაშაულის სტატისტიკის ლაბირინთი საქართველოში

27 აპრილი, 2015 • • 2199
დანაშაულის სტატისტიკის ლაბირინთი საქართველოში

“სიახლე, რომელიც დღეს წარმოგიდგინეთ, არის ის, რომ ყველა საგამოძიებო ორგანო უერთდება უკვე ამ ერთიან სტატისტიკას. შსს-სთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მთავარი პროკურტურა, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულების სამინისტრო, ანუ ყველა უწყებაში არსებული საგამოძიებო დანაყოფი იწყებს სტატისტიკის ელექტრონულად აღრიცხვას”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ დღეს, 27 აპრილს.

 

ამ გადაწყვეტილებაში სიახლეს ვერაფერს ხედავს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი, რომელიც ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ თქვა თავიდანვე ამ პრაქტიკაზე უარი შსს-მ და რატომ აქვეყნებდა ამ წლების განმავლობაში მხოლოდ პოლიციის მონაცემებს. იგი ეჭვობს, რომ სტატისტიკურ მანიპულაციას აქვს ადგილი:

 

“ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, მათ გააცალკევეს ეს ყველაფერი, რადგან სურდათ ეჩვენებინათ, რომ დანაშაულმა იკლო, ახლა ისევ გააერთიანეს იმიტომ, რომ ძალიან ჩაგვივარდა ციფრები… ოფიციალური მონაცემებით გამოდის, რომ 2012 წლის შემდეგ დაახლოებით სამჯერ შემცირდა დანაშაულის საერთო რაოდენობა და ძალიან არაბუნებრივად რომ არ გამოჩენილიყო ეს სტატისტიკა, თქვეს, რომ მხოლოდ პოლიციას კი არა, ამიერიდან ყველას დავითვლითო. თავის დროზე ამის გაყოფას დიდი აზრი არ ჰქონდა, ისევ გააერთიანეს… ახალი რა არის? სიახლე არაფერი არ არის”, – ამობს უტიაშვილი.

 

შსს-ს ცნობით, 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში რეგისტრირებულია 8970 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4697. დანაშაულის გახსნის პროცენტი, შსს-ს ცნობით, 52.36%-ია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა 15.24%. შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, მათ ყველა საგამოძიებო უწყებაში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო კატალოგით აღრიცხვა 2014 წლიდან დაიწყეს, შესაბამისად, 2015 წლის მონაცემების შედარება მხოლოდ 2014 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკის მიმართ იქნება შესაძლებელი, რადგან 2013 წელს მსგავსი სტატისტიკა არ იწარმოებოდა. ნეტგაზეთის კითხვას, რატომ არ დაიწყო შსს-მ ანალოგიური მეთოდით სტატისტიკის წარმოება 2013 წლიდან, იზორიამ უპასუხა, რომ იმ დროს მეთოდი სატესტო რეჟიმში იყო. ამ წლის გაერთიანებული მონაცემები შესადარებლად არ გვაქვს.


2015 წლის იანვარ-მარტის მონაცემებს, მაგალითად, 2010 წლის ანალოგიური პერიოდს თუ შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ წელს დანაშაულის რაოდენობა 3063 ერთეულით გაიზარდა (2010 წლის იანვარ-მარტში 5907 დანაშაული იყო რეგისტრირებული), თუმცა დღევანდელი ხელისუფლების განმარტებით, მსგავსი შედარება რელევანტური არ არის, რადგან ისინი 2013 წლიდან მოყოლებული დანაშაულის სტატისტიკას ახალი მეთოდოლოგიით აღრიცხავენ, რაც, საერთო ჯამში, უფრო მეტ საქმეს აფიქსირებს, ვიდრე ეს ენმ-ს მმართველობის დროს ხდებოდა. შსს-ს ცნობით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები არ აღირიცხებოდა და, შესაბამისად, დანაშაულის დაბალი სტატისტიკა იყო შენარჩუნებული გარკვეულ შემთხვევებში, ახლა კი ყველა დანაშაული აღირიცხება, მიუხედავად იმისა, შემდგომში რა მიზეზით შეწყდება: განრიდება თუ სხვა.

 

მძიმე დანაშაულების ხვედრითი წილი 2015 წლის სტატისტიკაში

 

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა 15 პროცენტით არის შემცირებული, სტატისტიკის ანალიზი მოწმობს, რომ არის მძიმე კატეგორიის გაკრვეული დანაშაულები, სადაც არა კლება, არამედ ზრდა ფიქსირდება. დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ რაოდენობრივად 0,38 პროცენტით არის გაზრდილი [ძირითადად მკვლელობის მცდელობის ხარჯზე], დანაშაული ჯანმართელობის წინააღმდეგ- 28,72 პროცენტით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის დანაშაული 33,33 პროცენტით შემცირდა, დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 20,66 %-ით გაიზარდა (მათ შორის გაუპატიურების ფაქტები 62%-ითაა გაზრდილი), დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 38,54 პროცენტითაა გაზრდილი, დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ 25 პროცენტითაა გაზრდილი, ასევე გაზრდილია სამოხელეო დანაშაული, მაგალითად, ქრთამის აღება, თუმცა შემცირებულია საკუთრების წინააღმდეგ დანაშაული, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, გაიზარდა გამოძალვის შემთხვევები.

 

აყალბებს თუ არა შსს სტატისტიკას?

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების ნამდვილობა დანაშაულის რაოდენობის შესახებ არაერთხელ დამდგარა ეჭვის ქვეშ, მათ შორის ნეტგაზეთში გამოქვეყნებულ ორ პუბლიკაციაში.  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შსს-მ დანაშაულის სტატისტიკა გააყალბა, გაზეთმა “ბათუმელებმა” 2014 წლის 24 ივნისს გამოქვეყნა. “ბათუმელების” სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ გარკვეული ტიპის დანაშაულები (მათ შორის ტრეფიკინგი) რომლის შესახებაც შსს-ს პრესსამსახურმა ცნობები გაავრცელა, სტატისტიკაში არ მოხვდა. შსს-ს პრესცენტმა მაშინ კომენტარი არ გააკეთა. დღეს ლევან იზორიამ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ წაყენებული ბრალდებები, მისი თქმით, გადაკვალიფიცირდა და სხვა მუხლით აისახა საერთო სტატისტიკაში:

 

“ვთქვათ, იანვრის თვეში მოხდა დანაშაულები, რომელიც დარეგისტრირდა და რაოდენობაში ეს წარმოადგენს ასეულ ერთეულს ან მეტს. თებერვლის თვეში კი შეიძლება რამდენიმე დანაშაული გადაკვალიფიცირდეს და ერთი დანაშაულის სახე მიიღოს გამოძიების შედეგად, აქედან გამომდინარე ის ფაქტები, რაც თქვენ დაასახელეთ, უკავშირდება გადაკვალიფიცირებას, საქმეთა გაერთიანებას… შეიძლება იანვარში უფრო მეტი საქმე იყოს, მაგრამ შემდეგში გაერთიანდეს და რაოდენობა შემცირდეს”, – გვითხრა იზორიამ.

 

თუმცა მისი ეს ლოგიკა წინააღმდეგობაში მოდის ნეტგაზეთის მეორე პუბლიკაციასთან, რომლის მიხედვითაც სტატისტიკაში დაჯამებული დანაშაულის რაოდენობა კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. 2013 და 2014  წლებში დანაშაულის სტატისტიკის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, ცდომილება 1500 ერთეულ დანაშაულს აღემატება, რომელიც შსს-მ საზოგადოებას შესაძლოა დაუმალა.  2013 წლის 6 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2013 წლის 7 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მომხდარი დანაშაულების საერთო რაოდენობამ 16 590 შეადგინა. 2014 წლის 7 თვის სტატისტიკა შსს-მ გასული წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნა. შსს თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 15 064 დანაშაული.

 

ამავე განცხადების ქვემოთ, შსს-ს ვებგვერდზე მიმაგრებული აქვს PDF დოკუმენტი, რომელიც 2014 წლის იანვარ-ივლისის დანაშაულის სრულ სტატისტიკურ მონაცემებს ასახავს 2013 წლის მონაცემებთან მიმართებაში. ამ PDF დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-ივლისში არა 16 590 ერთეული დანაშაული მოხდა, როგორც ეს პოლიციის 2013 წლის 6 აგვისტოს განცხადებაშია აღნიშნული, არამედ 18 170, საიდანაც გახსნილია 9921 (54,6%) ფაქტი. 18 170 – 16 590 = 1580 – სწორედ ეს რიცხვია სხვაობა 2013 წლის 7 თვის მონაცემების ორ სტატისტიკას შორის, რომელთაგან ორივე შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

როგორ აიხსნება ეს გარემოება? შსს-მ ნეტგაზეთს არც მაშინ უპასუხა, როდესაც სტატია გამოქვეყნდა, დღეს კი ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დიმიტრი შადური ამბობს, რომ ეს ფაქტი ძველ მეთოდოლოგიას უკავშირდება. მისი თქმით, “2013 წელს ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკა გავიდა”. მისი თქმით, ძველი მეთოდოლოგიით უფრო ნაკლები დანაშაული აღირიცხებოდა სტატისტიკაში, ვიდრე ახლით, რომელსაც უწყება ახლა იყენებს, თუმცა შსს-ს ვებგვერდზე დღემდე იძებნება განცხადება, რომელშიც წერია, რომ უწყება ახალი მეთოდოლოგიით სტატისტიკას 2013 წლის დასაწყისიდან ითვლის.


“იმისათვის, რომ ეს კითხვები და ეჭვები აღარ იყოს, ჩვენ კვარტალურ სტატისტიკას გთავაზობთ, ეს საერთო სურათს გაძლევთ, კვარტალურმა მონაცემებმა სწორედ ეს კითხვები უნდა გაგიქარწყლოთ. ჩვენ მომავალში ამ სტატისტიკას პერიოდულად მოგაწვდით, პერიოდულობაში ვგულისხმობ, როგორც ყოველთვიურად გამოქვეყნებულ სტატისტიკას, ისე, დაჯამებულს. 2 თვე, 3 თვე კვარატლურიც იქნება და წლის ბოლოსაც გვექნება მთლიანი საანგარიშო წლის სტატისტიკა, ანუ 2015 წლის 2014 წელთან შედარება”, – აცხადებს იზორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი