ეკონომიკა

თბილისში პურის ფქვილი გაძვირდა

11 თებერვალი, 2011 • • 7672
თბილისში პურის ფქვილი გაძვირდა

Image 3244

დედაქალაქში ფქვილზე ფასები იმატებს. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად ფქვილის მწარმოებელ და რეალიზატორ სხვადასხვა კომპანიებს დავუკავშირდით.

„ლუქსი 2004“ – უმაღლესი ხარისხის, 50 კგ–ანი ტომარა ფქვილი მათთან ამჟამად 61 ლარი ღირს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში „წისქვილკომბინატში“ ფქვილის ფასებს სტაბილურად ინარჩუნებენ. ისინი რამდენიმე სახის ფქვილს აწარმოებენ. 50 კგ–ანი პირველი და საშუალო ხარისხის ფქვილის შეძენა მათთან 52 ლარად შეიძლება, იგივე ტევადობის ტომრის უმაღლესი ხარისხის ფქვილი 60 ლარი ღირს, რაც შეეხება 25– კილოიანი პირველი ხარისხის ტომრის ღირებულებას, იგი 26.50 ლარს შეადგენს.

როგორც “ნეტგაზეთთან” საუბარში „ზანდურის“ თანამშრომელმა აღნიშნა, კომპანიაში ფქვილის ფასმა მხოლოდ 2 ლარით მოიმატა და მათთან 50– კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 52 ლარი ღირს.

„სამეფო ხარისხი 2009“-ში ბოლო ერთი თვის მანძილზე ფქვილი 8 ლარით გაძვირდა. ისინი რამდენიმე სახის ფქვილს აწარმოებენ და აღნიშნული პროდუქტის 50– კილოიანი ტომრის საშუალო ფასი დაახლოებით 60 ლარს შეადგენს.

კომპანია „გვრიტა-აგო“  ბოლო ორი კვირის მანძილზე პირველი ხარისხის ფქვილზე ადრინდელ ფასს ინარჩუნებს-50 კილოგრამი ფქვილის ფასი 52 ლარია, მაშინ, როდესაც გაძვირებამდე იგი 47.5 – 49 ლარის ფარგლებში მერყეობდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფქვილის გაძვირება ხორბლის ფასის მომატებამ გამოიწვია, ვინაიდან რამდენიმე კვირის მანძილზე ხორბლის ფასი 10 ლარით გაიზარდა, კერძოდ, 100 ლარიდან 110 ლარამდე მოიმატა. როგორც „გვრიტა-აგომ“ განგვიცხადა, უახლოეს პერიოდში გაძვირება კვლავ მოსალოდნელია, ვინაიდან ხორბალი,  რომელსაც კომპანია ფოთში ელოდება, კიდევ უფრო გაძვირებული ფასით მოდის.

ხორბლის ფქვილის მსგავსად, მოიმატა ჭვავის ფქვილის ფასმაც. როგორც “ნეტგაზეთთან” საუბარში „ჯეო-კინგმა“ განაცხადა, ისინი მხოლოდ ჭვავის ფქვილს აწარმოებენ. ამჟამად კომპანია 45– კილოგრამიან ჭვავის ფქვილის ტომარას ყიდის, რომლის ფასი 40.50 ლარს შეადგენს, თუმცა, როგორც მათ აღნიშნეს, კომპანია ბელორუსიდან ჭვავით დატვირთულ ვაგონს ელოდება, რომელსაც უკვე მომატებული ფასი აქვს და ერთი კილოგრამი ფქვილის ფასი, სულ მცირე, 5 თეთრით მოიმატებს, შესაბამისად, 45– კილოიანი ტომრის ფასი დაახლოებით 43 ლარს მიაღწევს.

რაც შეეხება საბითუმო-საცალო მოვაჭრეებს, ერთი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ფასი მათთან 64 ლარს შეადგენს, თუმცა მისი ფასი გაძვირებამდე ჯერ 53, ხოლო შემდეგ 59 ლარი იყო.

ფქვილთან ერთად ფასების მატება პურზეცაა მოსალოდნელი, რასაც პურის ქარხნებიც ადასტურებენ. როგორც „იფქლში“ გვითხრეს, მათთან პური ჯერ არ გაძვირებულა, თუმცა მომავალში მის გაძვირებას არ გამორიცხავენ, ვინაიდან ფქვილის ფასმა კატასტროფულად მოიმატა. კომპანია „დიკაში“ აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეში პურზე ფასებს მოუმატებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი წარმოების შეჩერებასაც არ გამორიცხავენ. რაც შეეხება „ქარვასლას“, ის პურის ფასს სტაბილურად ინარჩუნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი