ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო მანანა კობახიძეს პასუხობს

8 ივნისი, 2014 • • 1280
საკონსტიტუციო სასამართლო მანანა კობახიძეს პასუხობს

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოეხმაუროს 2014 წლის 5 ივნისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, თოქ-შოუში “დებატები მაესტროზე” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქ-ნ მანანა კობახიძის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას.

გადაცემაში საუბარი შეეხო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებას საქმეზე “საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული თანამდებობის პირის გადაყენება. ამასთან, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე შეეძლო.

ქალბატონი მანანა კობახიძის სიტყვებით, გიორგი პაპუაშვილი და მისი უწყება ვერ გაბედავდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას წინამორბედი ხელისუფლების პირობებში.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონ მანანა კობახიძეს, ასეთი განცხადებით, იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობა კითხვის ქვეშ არ დაუყენებია, თუმცა მან აღნიშნა, რომ წარსულში საკონსტიტუციო სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. მისი აზრით, სასამართლოს ასეთი სითამამე ახალი ხელისუფლების დამსახურებაა.
საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ 2006 წლიდან დღემდე (მას შემდეგ, რაც სასამართლოს თავმჯდომარე ბ-ნი გიორგი პაპუაშვილია) საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა არაერთი სარჩელი, რომელზეც მოსარჩელის ინტერესებს წარმოადგენდა თავად ქ-ნი მანანა კობახიძე ან/და იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელშიც იგი მოღვაწეობდა.

 

აღნიშნვის ღირსია ის ფაქტი, რომ გიორგი პაპუაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში პირველი საქმე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა (2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე…”საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”), მოსარჩელის ინტერესებს სწორედ ქალბატონი მანანა კობახიძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდნენ. მოქალაქე გიორგი უგულავას მსგავსად, მოქალაქე მანანა კობახიძეც იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ითვალისწინებდა პირის მიმართ საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებას.

 

ქალბატონ ვიცე-სპიკერს ასევე შევახსენებთ, რომ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული სარჩელების 70% დაკმაყოფილდა. აღნიშნული სარჩელების უმრავლესობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, სახალხო დამცველის და ოპოზიციური პარტიების წევრების მიერ იყო შემოტანილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მომავალშიც მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და მის შესაბამისად გააგრძელებს გადაწყვეტილებებს მიღებას”.– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი