ახალი ამბები

საიას მოსაზრებები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე

5 ივლისი, 2013 • • 1916
საიას მოსაზრებები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე

საიას განცხადებით, უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციური ცვლილების თაობაზე კანონპროექტები დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მოამზადეს.

 

“კონსტიტუციური ცვლილების დახურულ ფორმატში შემუშავება ხელს ვერ შეუწყობს დემოკრატიულ პროცესში ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას, რაც აუცილებლად მიგვაჩნია ქვეყნის უზენაესი კანონის შეცვლის პროცესში”.

 

საია მიესალმება კონსტიტუციური ცვლილების იმ ნაწილს, რომელიც პრემიერ-მინისტრს ართმევს შესაძლებლობას, რომ კანონი, ფაქტობრივად, პარლამენტის თანხმობის გარეშე მიიღოს. 2010 წელს შეტანილი ცვლილებით, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს (თუ ის არ შეიცვალა), პრემიერ-მინისტრს უფლება ექნება, მთავრობის ნდობა მიაბას პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტს. მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება ხანგრძლივი პროცესია. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, კანონპროექტი ავტომატურად მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონპროექტი პარლამენტის მხარდაჭერას საერთოდ ვერ მიიღებს.

“საია ასევე დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრისთვის მთავრობის ფორმირების ფაქტობრივად ულიმიტო ძალაუფლების შეზღუდვის იდეას.

 

განსხვავებით ზემოაღნიშნული ცვლილებებისგან, საია უარყოფითად აფასებს შემოთავაზებული პროექტით საბიუჯეტო პროცესში პარლამენტისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტებას და ამის პარალელურად მთავრობის უფლებამოსილების გაზრდას. შემოთავაზებული ცვლილებით, თუკი პარლამენტი დადგენილ ვადაში არ დაამტკიცებს ბიუჯეტის პროექტს, ის ვალდებულია, უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას. ეს პროცედურა საკმაოდ რთულია და დიდი ალბათობით პარლამენტი ყოველთვის წარმატებით ვერ განახორციელებს მას. ეს ცვლილება არის უკან გადადგმული ნაბიჯი 2004 წლის კონსტიტუციურ ცვლილებასთან შედარებით, ვინაიდან მაშინ პრეზიდენტს ჰქონდა არჩევანის შესაძლებლობა – ან გადაეყენებინა მთავრობა, ან დაეთხოვა პარლამენტი. 82 დეპუტატის მიერ ინიცირებული პროექტი პრეზიდენტს ამ არჩევანის საშუალებას უსპობს და მისგან იმპერატიულად მოითხოვს იმ პარლამენტის დათხოვნას, რომელმაც ჩააგდო ბიუჯეტის პროექტი. ამასთან, მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, რომ მთავრობასა და პარლამენტს შორის დავაში პრეზიდენტი, შესაძლოა, სწორედ საკანონმდებლო ორგანოს პოზიციას იზიარებდეს.

 

რაც შეეხება იმას, თუ რაში გამოიხატება პარლამენტის ფუნქციის შესუსტება საბიუჯეტო პროცესში: ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს მთავრობა. შემოთავაზებული ცვლილებით, პარლამენტს იმის უფლებაც კი არ რჩება, რომ მასში მთავრობის თანხმობის გარეშე შეიტანოს ცვლილებები. პარლამენტის ამ ისედაც სუსტ პოზიციას ემატება ისიც, რომ თუკი პარლამენტი მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს ჩააგდებს, მას პრეზიდენტი დაითხოვს”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საია ასევე უარყოფითად აფასებს კონსტიტუციური ცვლილებების მისაღებად და ამ ცვლილებებზე ვეტოს დასაძლევად საჭირო კვორუმის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-დან 2/3-მდე შემცირებას.

 

“უდავოა, რომ რაც უფრო მეტი კონსენსუსი არსებობს საზოგადოებაში კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მით უფრო მეტია მისი ლეგიტიმაციის ხარისხი და მომავალში კონსტიტუციის ხელახალი გადახედვის საჭიროებაც მცირდება. ამასთან, კონსტიტუციაში ხშირი ცვლილებები აკნინებს მისი, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონის, მნიშვნელობას. მაღალი კვორუმი კონსტიტუციური ცვლილებების პროცესში არა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის, არამედ ფართო საზოგადოების ჩართულობას უწყობს ხელს, რაც საპარლამენტო უმრავლესობას აიძულებს, მეტად აუხსნას თავის ოპონენტებსაც და საზოგადოებასაც კონსტიტუციური ცვლილებების მნიშვნელობა. მაღალი კვორუმი აძლიერებს დემოკრატიას და ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უწყობს ხელს. უმჯობესი იქნება, თუ უცვლელი დარჩება 2011 წელს დადგენილი კონსტიტუციური ცვლილებების კვორუმი. საქართველოს უახლოესმა ისტორიამ და განსაკუთრებით 2004 წლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ერთი პოლიტიკური ძალისათვის არცთუ ისე რთულია 2/3-იანი უმრავლესობის მოპოვება, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ ცვლილებები მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდეს.

 

ამრიგად, პრემიერ-მინისტრისათვს პარლამენტის გვერდის ავლით საკანონმდებლო ფუნქციის ჩამორთმევის პოზიტიური ნაბიჯის პარალელურად, საია უარყოფითად აფასებს პარლამენტის საბიუჯეტო როლის კიდევ უფრო დაკნინებას და კონსტიტუციური ცვლილებების პროცესის გამარტივებას. განსახილველ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით საია ამზადებს ვრცელ დასკვნას, რაც უახლოეს დღეებში გახდება საჯარო”.

 

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდს კონსტიტუციის იმ მოდელში, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, გარკვეული ცვლილებების შეტანა აქვს განზრახული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აპირებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები არასამთავრობო სექტორს და მოსახლეობას გააცნონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი