ეკონომიკა

თურქულ–აზერბაიჯანული ბიზნესდესანტი თბილისში

16 თებერვალი, 2012 • 1937
თურქულ–აზერბაიჯანული ბიზნესდესანტი თბილისში

თბილისში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული  ბიზნესფორუმი გაიმართა. ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ: თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი  ზაფერ ჩაღლაიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრი შაჰინ მუსტაფაევი, აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობების წარმომადგენლები და ასამდე ბიზნესმენი აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

ფორუმზე, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, თურქეთის სავაჭრო პალატების გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინცვესტიციების ხელშეწყობის ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და სხვა მნიშვნელოვანი დარგების განვითარების კუთხით საქართველოს შესაძლებლობებსა და ერთობლივი სამომავლო გეგმების განხორციელებაზე იმსჯელეს.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის ქეთი ბოჭორიშვილის თქმით,  ”ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოში ჩამოსულები არიან თურქეთისა და აზერბაიჯანის ასამდე ბიზნესმენი.  ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული ბიზნესფორუმი  კარგი პლატფორმაა  ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის. საქართველოში ჩამოსული თურქი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მიზანია, საქართველოში ბიზნეს–პარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების დამყარება. მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ ორი უცხო ქვეყნის მინისტრი ერთმანეთს საქართველოში ხვდება”.

ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართული კომპანიები პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს შეხვდნენ. შეხვედრების დასრულების შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ზაფერ ჩაღლაიანის განცხადებით, ”საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის საქმიანი წრეების წარმომადგენლების შეხვედრა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას. თბილისის ბიზნესფორუმი ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ორიენტირებულია ბიზნესის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. ფორუმის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ  მიმდინარე ეტაპზე სამივე ქვეყანა ახალი ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს და ეს შეხვედრა საჭირო  საინვესტიციო გარემოს შექმნას წაადგება“.

მისი თქმით, თურქეთის დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საინვესტიციო პროექტების განხილვა და ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ინვესტიციების მოზიდვის სფეროში აქტიურად უნდა ითანამშრომლონ.

ზაფერ ჩაღლაიანმა, ასევე, განაცხადა, რომ ბაქო–თბილისი–ყარსი–ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდება. სარკინიგზო ხაზის პროექტში აზერბაიჯანის მოთხოვნით ნახიჩევანიც ჩაერთვება. ამას გარდა, თურქეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, მათი მოქალაქეები აზერბაიჯანში უვიზოდ, ID ბარათებით გადაადგილებას შეძლებენ, ისე, როგორც ეს საქართველოსთან მიმართებაშია. თურქეთს უვიზო რეჟიმი მსოფლიოს 62 ქვეყანასთან აქვს.

თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ფორუმზე რეგიონში ახალი ეკონომიკური ურთიერთობების დანერგვაზეც ისაუბრა: “ჩვენ დავაარსებთ თავისუფალ სავაჭრო ზონას სამ ქვეყანას შორის. მთლიანი ვაჭრობის 25% მეზობელ ქვეყნებზე მოდის,”– განაცხადა ზაფერ ჩაღლაიანმა.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის შაჰინ მუსტაფაევის შეფასებით, საქართველო აზერბაიჯანისთვის საინტერესო ეკონომიკური პარტნიორია:

„ჩვენ გვაქვს საქართველოსთან საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი –  „ბაქო–თბილისი ჯეიჰანი“, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ნავთობი ევროპის ბაზარზე ხვდება. საქართველოში 272 აზერბაიჯანელი ბიზნესმენი საქმიანობს. მათ ქვეყანაში 7 ათასი სამუშაო ადგილი შექმნეს. გვაქვს ახალი პროექტები, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.”

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას შეფასებით, „სამი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობა კარგი მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის. რეგიონს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას ქმნის“.

ბიზნესფორუმი „რედისონ ბლუ ივერიაში“ 17 თებერვალს დასრულდება.

სამი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ბიზნესფორუმის ფარგლებში გაზაფხულზე თურქეთში, ყარსში, შეიკრიბება, ხოლო შემოდგომაზე შეხვედრა აზერბაიჯანში, ბაქოში, გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი