200-ზე მეტი ქართული ძეგლი Google Maps-ზე

საქართველოს საჯარო რეესტრის ცნობით, Google Maps-ზე უკვე 200-ზე მეტი ქართული ძეგლის მოძიებაა შესაძლებელი.

Google Maps-ზე უკვე განთავსებულია ნიკორწმინდა, მოწამეთა, გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, ბოდბის მონასტერი, გერგეტის სამება, ვარძია, უფლისციხე, უჯარმა, იყალთოს მონასტერი, გრემი, ნეკრესი, შუამთა, ყინწვისის მონასტერი და სხვ. თითოეულ მათგანს ფოტოები, სასარგებლო ინფორმაცია და გეოგრაფიული კოორდინატები ახლავს თან. 

 

მომხმარებლებს რუკის დახმარებით შეუძლია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მიახლოება ან დაშორება (ზუმირება).

 

“მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერვისზე – Google Maps-ზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი გავრცელებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული დანარჩენი ძეგლების Google Maps-ზე ეტაპობრივად განთავსება კვლავაც გაგრძელდება, რაც საქართველოს უძველესი არქიტექტურისა და მისი მხატვრული ღირებულების წარმოჩენას უფრო მეტად შეუწყობს ხელს”, – აცხადებენ საჯარო რეესტრში. 

 

საჯარო რეესტრი Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია, რომელიც  მეოთხე წელია გეოგრაფიულ  მონაცემებს აგროვებს რუკისთვის. რუკაზე ძეგლების გარდა განთავსებულია თბილისის მონაცემები, შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეების შესახებ.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი