კვლევის შედეგად სამი ყველაზე მსხვილი ინტერნეტ– პროვაიდერის მომსახურება შემოწმდება, ესენი არიან: “კავკასუს ონლაინი”, “სილქნეტი” და “ახალი ქსელები”.
მონიტორინგის განმავლობაში აღნიშნული ოპერატორების 400 აბონენტის საცხოვრებელ ბინაში სპეციალური მოწყობილობები დამონტაჟდება, რომელიც ინტერნეტის მიწოდების ხარისხსა და სიჩქარეს შეამოწმებს.
შემოწმდება შემდეგი შეთავაზებები:
1. კავკასუს ონლაინი (ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი) –პაკეტი ‘კარგი’ (5MB), პაკეტი ‘უკეთესი’ (22MB)
2. “სილქნეტი” (ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი) – ‘სტარტი’ (5MB) ‘დრაივი’ (10MB)
3. “სილქნეტი” (DSL ქსელი) – ‘მინი’(1MB) ‘ეკონომი’(2MB)
4. “ახალი ქსელები” (DSL ქსელი) – ‘მინიმალი’(1.5MB) ‘სტანდარტი’ (2MB)
აღნიშნული მონიტორინგის ჩატარებაზე ტენდერი 2012 წლის 20 სექტემბერს გამოცხადდა, რომელშიც ბრიტანულმა კომპანია Red-M Wireless Limited-მა გაიმარჯვა. კომპანია მონიტორინგს Epitiro მოწყობილობებითა და მეთოდოლოგიით განახორციელებს. მონიტორინგი კომუნიკაციების კომისიას 560 000 ლარი უჯდება.
მონიტორინგის დეტალების გასაცნობად დღეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ღია კარის დღე ჩატარდა.
კომისიაში მსხვილი ოპერატორების წარმომადგენლები არ გამოცხადებულან, თუმცა მივიდნენ შედარებით მცირე ოპერატორების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, აღნიშნული კვლევის ჩატარებას აზრი არ აქვს, ხოლო კომუნიკაციების კომისია თანხებს არაეფექტურად ხარჯავს:
“კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მონიტორინგის ჩატარება უკმაყოფილო ინტერნეტ –მომხმარებლებისგან მიღებული წერილების გამო გადაწყვიტეს, თუმცა ჩვენ ვერ ვხვდებით, რა აზრი აქვს მონიტორინგს. კვლევამ შეიძლება აჩვენოს, რომ ‘სილქნეტი’ ან ‘კავკასუსი’ მომხმარებელს იმაზე ნელ ინტერნეტს აწვდის, ვიდრე მომხმარებელს აქვს შეკვეთილი, მაგრამ მერე რა, კომუნიკაციების კომისია რომელიმე კომპანიას საყვედურს დაუწერს და ამით პრობლემა მოგვარდება? პრობლემა პრობლემად დარჩება და უკმაყოფილო მომხმარებლებიც ყოველთვის იარსებებენ”, – აცხადებს “კავკასიის ციფრული ქსელის” დირექტორი დავით თუთბერიძე. მისი თქმით, ინტერნეტ– ბაზარზე დღეს გაცილებით დიდი პრობლემები არსებობს:
“დღეს პრობლემაა მონოპოლია, იმ პრობლემის გადაწყვეტის გზა, რაზეც დღეს იყო საუბარი, არის კონკურენტული გარემოს შექმნა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ყველა კომპანია შეეცდება საკუთარი მომსახურება გააუმჯობესოს და არ არის საჭირო ამისთვის კვლევაში ფულის გადახდა მაშინ, როცა პრობლემის აღმოჩენის და დადასტურების შემდეგ არანაირი ზომების მიღება არ მოხდება”, – აცხადებს დავით თუთბერიძე.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსის თიკო ტყეშელაშვილის განცხადებით, ანალოგიური კვლევა ბევრ სხვა ქვეყანაში ტარდება:
“ამ კვლევას ჩვენთან კონკრეტული ინიციატორი არ ჰყოლია, აღნიშნულ კვლევას ყველა მარეგულირებელი ატარებს, პროექტი სამწლიანია და 3 წლის შემდეგ გადავწყვეტთ, რა ზომები შეიძლება მივიღოთ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, თუმცა კომპანიისთვის იმაზე ცუდი რა უნდა იყოს, როცა ჩვენს საიტზე დავწერთ, რომ აღნიშნული კომპანია ცუდად ემსახურება კლიენტებს, ეს მათი მომხმარებლების დაკარგვას გამოიწვევს”, – აცხადებს თიკო ტყეშელაშვილი.
თიკო ტყეშელაშვილს არ ეთანხმებიან მცირე პროვაიდერების წარმომადგენლები, მათი თქმით, უკმაყოფილება მსხვილი პროვაიდერების მიმართ ინტერნეტ– სივრცეში მუდმივად გამოითქმება, თუმცა ეს მათი კლიენტების დაკარგვას არ იწვევს.
მიუხედავად მცირე პროვაიდერთა უკმაყოფილებისა, პროექტის განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. კომუნიკაციების კომისია აბონენტთა რეგისტრაციას მოახდენს, მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა შეუძლია ყველას, გარდა “კავკასუს ონლაინის”, “სილქნეტისა” და “ახალი ქსელების” თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების, ასევე იურიდიული პირებისა.
