“ვიკიპედიას” პროტესტის პირველი შედეგი

”ვიკიპედიას” მიერ ონლაინ ენციკლოპედიის ინგლისურენოვანი კონტენტის პროტესტის ნიშნად 24 საათით გათიშვამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო – რვა ამერიკელმა კანონმდებელმა უარი განაცხადა, მხარი დაუჭიროს ”ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა(PIPA)” და “ონლაინ მეკობრეობის შეწყვეტის აქტს SOPA.” ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

როგორც ტელეარხი იუწყება, ”ვიკიპედიას” 24-საათიანი პროტეტსი დასრულდა, თუმცა ბრძოლა არასასურველი კანონპროექტების წინააღმდეგ გრძელდება.

”ვიკიპედიას” ცნობით, პროტესტის განმავლობაში ენციკლპედია მოინახულა 162 მილიონმა ვიზიტორმა, ხოლო ენციკლოპედიის ხელმძღვანელობის მითითება შეასრულა 9 მილიონმა ადამიანმა. ”ვიკიპედიამ” გუშინ, 18 იანვარს, აქციის დაწყების პარალელურად, ამერიკელ ვიზიტორებს მოუწოდა, დაერეკათ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში მათ მიერ არჩეული პირებისთვის და მოეთხოვათ სადავო კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარის თქმა.

უფასო ონლაინ ენციკლოპედიის ამ ქმედებას კანონპროექტის მხარდამჭერებმა ”უპასუხისმგებლო” უწოდეს.

”ვიკიპედიას” გარდა ამერიკელ მომხმარებლებს ”ტვიტერით” მიმართა ფეისბუქის დამფუძნებელმა და სთხოვა, მათაც დაერეკათ არჩეული კანონმდებლისთვის და მოეთხოვათ PIPA-სა და SOPA-ს მხარდაჭერაზე უარის თქმა.

მარკ ცუკერბერგის თქმით, ”ფეისბუქი” ეწინააღმდეგება წარმოდგენილ კანონპროექტებს და ყოველთვის გაუწევს წინააღმდეგობას იმ კანონპროექტებს, რომლებიც დაემუქრება ინტერენტის თავისუფლებას.

PIPA-სა და SOPA-ს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში Google-ც არის ჩართული. კომპანიის მიერ შექმნილ ონლაინ პეტიციას, BBC-ის ცნობით, ხელი უკვე მოაწერა 4.5 მილიონმა ადამიანმა.

სადავო კანონპროექტების განხილვა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია. ინიციატორების მთავარი მიზანი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ინტერნეტ– მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაა. კანონპროექტს ლობირებენ აშშ-ის სავაჭრო პალატა, ასევე აშშ-ის კინოსა და სამუსიკო ინდუსტრიის გიგანტები.