სააკაშვილის გვერდი ფეისბუქზე რამდენიმე საათით დაბლოკეს

საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი დღეს, 4 ოქტომბერს, რამდენიმე საათის განმავლობაში ჰაკერული შეტევის გამო დაბლოკილი იყო. ინფორმაციას თავად გვერდის ადმინისტრატორი ავრცელებს.

„ოფიციალური გვერდის აღდგენა მალევე მოხერხდა და ახლა ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას,“-წერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე 18 სექტემბერს გაიხსნა და 4 ოქტომბრის მდგომარეობით 2 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მოწონებული.

პოლიტიკურ შეხედულებებში მიხეილ სააკაშვილს „ძალიან ლიბერალი“ აქვს მითითებული, ხოლო რელიგიურში – „ორთოდოქსი ქრისტიანი.“

პრეზიდენტის გვერდზე რეგულარულად ქვეყნდება მისი ოფიციალური შეხვედრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, ასევე ანონსები და ახალი ამბები.

ფეისბუქის გარდა, პრეზიდენტის ანგარიშები გახსნილია სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, მათ შორის ფოტოების ასატვირთ საიტზე flickr.com, youtube.com, twitter.com და livestream.

სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გახსნილი ანგარიშები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტი ჯერჯერობით ყველა ზემოჩამოთვლილ სოციალურ ქსელს აქტიურად იყენებს, გარდა ლაივსტრიმისა. როგორც წესი, ლაივსტრიმი ონლაინ კონფერენციების მოსაწყობად არის გამიზნული, რაც მიხეილ სააკაშვილს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.