ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლენინგორის/ახალგორის ცენტრში “ქართული აგრესიის” შედეგად დაღუპულებს ძეგლს დაუდგამენ, ოსური საინფორმაციო სააგენტო “რეს”-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მათ რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრე ბარათაშვილმა განუცხადა.
“მონუმენტი, მისი თქმით, რაიონული ადმინისტრაციის შენობის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება”- წერს სააგენტო.
სააგენტოს თანახმად, ამჟამად სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროში ძეგლის ესკიზის შემუშავება მიმდინარეობს.
პროექტის რეალიზება კი, როგორც რეს-ი წერს, სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხდება.
სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამას რუსეთის ფედერაცია ახორციელებს.
ახალგორის რაიონზე თბილისმა კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა.