სამხრეთ ოსეთი: „პატარა შვეიცარია“ დონბასისთვის?

სტატია პირველად გამოქვეყნდა გამოცემა ‘ევრაზიანეტზე’. ავტორი: ნიკოლაუს ფონ ტვიკელი


 

სამხრეთ ოსეთი მოულოდნელად ჩამოყალიბდა საბანკო სერვისების ცენტრად, რომელიც  ფინანსურად ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთსა და კრემლისგან მხარდაჭერილ დე ფაქტო რესპუბლიკებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინული „სახალხო რესპუბლიკების“ სურვილია, ეკონომიკის კურსი რუსეთისკენ მიმართონ, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთმა დონბასში დიდი ინდუსტრიული დაწესებულებები უნდა გაამაგროს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო დედაქალაქი – ცხინვალი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსულ სუბსიდირებაში.

აპრილში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო თანამდებობის პირებმა გამოაცხადეს, რომ ტერიტორიაზე არსებულ მთელ რიგ მასიურ ინდუსტრიულ დაწესებულებებს უქვემდებარებდნენ ნაკლებად ცნობილ ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთშია დაფუძნებული. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ცხინვალი მასპინძლობს ბანკს, რომელიც მოსკოვსა და ორ უკრაინულ დე ფაქტო რესპუბლიკას – ლუგანსკსა და დონეცკს შორის გადახდებს ახორციელებს.

ჰოლდინგური კომპანია, ვნეშტორგსერვისი, ამჟამად ცხრა უდიდეს ქარხანას აკონტროლებს დონეცკში, სამს კი- ლუგანსკში. დონეცკის დეფაქტო ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრის, ალექსეი გრანოვსკის კომენტარის მიხედვით, რომელიც რუსულ ყოველკვირეულ კომერსანტ-ვლასტის მაისის დასაწყისის ნომერში გამოქვეყნდა, ფირმას მართავს ვლადიმირ პაშკოვი, რუსეთის მოქალაქე და ციმბირის რეგიონის, ირკუტსკის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე.

დონეცკის დე ფაქტო ოფიციალურმა პირებმა უკომენტაროდ დატოვეს Eurasia.net-ის შეკითხვა კომპანიის რეგისტრაციის ადგილის თაობაზე. ლუგანსკის დე ფაქტო ლიდერის, იგორ პლოტნიცკის პრესსამსახურმაც უარი განაცხადა კომენტარზე.

მაგრამ ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ, რომელსაც ადრე მაღალი თანამდებობა ეკავა დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკაში, საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ კომპანია სამხრეთ ოსეთში იყო დარეგისტრირებული. მან უკმაყოფლება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული შეთანხმება დონბასის ხალხთა ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა: „სანამ ამ ჰოლდინგური კომპანიებისთვის იურიდიული საფუძველი არ გვექნება, ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ  [დონბასის დე ფაქტო] მთავრობა ორმაგ გარიგებებს დებს და თვალთმაქცობს. მათ სურთ, რომ ყველაფერი ძველ ოლიგარქებს დაუბრუნონ ან გაყიდონ ისეთ ხალხზე … რომელთათვისაც ჩვენი რესპუბლიკის ინტერესები საერთოდ არაფერს ნიშნავს“.

სამხრეთ ოსეთის ოფიციალურმა პირებმაც უპასუხოდ დატოვეს Eurasia.net-ის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეკითხვები. თუმცა ადგილობრივმა ლიდერებმა ოფიციალურად დაადასტურეს საბანკო კავშირი. აპრილის დასაწყისში დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა დონეცკის დელეგაციას განუცხადა, რომ ახლად ჩამოყალიბებული „ახალგაზრდა რესპუბლიკები“ ერთმანეთს მხარს უნდა უჭერდნენ: „რისი გაკეთებაც შევძელით თქვენთვის, ეს საერთაშორისო ბანკის გახსნაა“, თქვა თიბილოვმა, ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო RES-ის მიხედვით.

თიბილოვს ბანკი არ დაუსახელებია, მაგრამ უკრაინელმა დე ფაქტო თანამდებობის პირებმა რამდენჯერმე მოიხსენიეს ის, როგორც „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი“ (Mezhdunarodny Rashchyotny Bank / MRB). სამხრეთ ოსეთის ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე ამ ბანკის მისამართად დაფიქსირებულია სტალინის ქ. #20. საპასუხოდ, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ ცენტრალურმა ბანკებმა ოფიციალურად დააფიქსირეს სამხრეთოსური MRB საერთაშორისო მოკორესპონდენტო ბანკად.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბანკი ორი წელია ფუნქციონირებს და დამკვირვებელთა აზრით, მისი არსებობის მთავარი მიზანია რუსეთიდან ნაღდი ფულის გატანა დე ფაქტო რესპუბლიკებში, რომლებიც ძირითადად გარე ფინანსურ დახმარებაზე არიან დამოკიდებული. ბანკის როლი, სავარაუდოდ, გაიზარდა პირველი მარტის შემდეგ, როდესაც დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო პირებმა უკრაინელთა მფლობელობაში მყოფ ყველა ქარხანაზე კონტროლი დაამყარეს.

ამ ნაბიჯით, რომელიც ნაწილობრივ უკრაინელი აქტივისტების მიერ დაწესებული სავაჭრო ბლოკადის პასუხად გადაიდგა, დე ფაქტო რესპუბლიკები იმედოვნებდნენ, რომ გაზრდიდნენ შემოსავლებს, თუ ქარხნებს აიძულებდნენ, გადასახადები ადგილობრივად გადაეხადათ. თუმცა, გაუთვალისწინებელი შედეგი აღმოჩნდა უკრაინიდან ნედლეულით მომარაგების შეწყვეტა. ამან კი, თავის მხრივ, გამოიწვია ამ ინდუსტრიების მენეჯმენტის დიდი ნაწილის წასვლა, რომლებიც ან ახალმა დე ფაქტო თანამდებობის პირებმა გაუშვეს სამსახურიდან, ან უკრაინელმა მფლობელებმა გაიწვიეს. შედეგად, წარმოება ქარხნებში შეჩერდა.

სამხრეთ ოსეთი ერთადერთი ტერიტორიაა მსოფლიოში, რომელმაც ფორმალურად აღიარა ეს ორი „სახალხო რესპუბლიკა“. თავად სამხრეთ ოსეთი 2008 წელს აღიარა რუსეთმა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩაახშო საქართველოს მცდელობა, დაებრუნებინა ტერიტორია. რუსეთისა და თითებზე ჩამოსათვლელი ქვეყნების გარდა, სამხრეთ ოსეთს ყველა საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

აპრილში გამოქვეყნებულ ვიდეოინტერვიუში დონეცკის საპარლამენტო სპიკერმა და მთავარმა საერთაშორისო წარმომადგენელმა. დენის პუშილინმა განმარტა, რომ ქარხნებთან დაკავშირებული „ყველა პროცესი“, რომელიც ეხება გადახდებს, ნედლეულსა და მათ დოკუმენტაციას, „იმ ქვეყნის გავლით მიმდინარეობს, რომელმაც ჩვენ გვაღიარა – ეს სამხრეთ ოსეთია“.

მოსკოვი ჯერჯერობით მორცხვობს და არ უღიარებია დონბასის რესპუბლიკები, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ რუსეთი უკვე არის დასავლეთის სანქციების ქვეშ, მაგრამ ასევე იმიტომაც, რომ მსგავსი ნაბიჯი დაარღვევს მინსკის შეთანხმებას, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი თავის უკრაინელ, ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან ერთად. (საქართველოს მეორე დე ფაქტო რესპუბლიკას – აფხაზეთს, ასევე არ უღიარებია დონეცკი და ლუგანსკი, თუმცა ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას უკრაინულ რესპუბლიკებთან).

მანამ, სანამ რუსეთი არ აღიარებს „სახალხო რესპუბლიკებს“, ის კომპანიები, რომლებსაც იქ ბიზნესის კეთება სურთ, მთელი რიგი ლოჯისტიკური გართულებების წინაშე დგანან, მათ შორის მნიშვნელოვანია უკრაინის მხრიდან სანქციების დაწესების რისკი. აქედან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის, როგორც „პატარა შვეიცარიის“ როლი დონბასისთვის, მეტად სასარგებლოა რუსეთისა და იმ რუსული ფირმებისთვის, რომლებსაც არ სურთ, ასოცირებული იყვნენ თავიანთი ტრანზაქციების დანიშნულების წერტილისგან.

„საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვი ყოველთვის იტყვის, რომ ეს სამხრეთ ოსეთისა და უკრაინის პრობლემაა“, თქვა ალექსეი მალაშენკომ, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში და ბერლინში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის „ცივილიზაციათა დიალოგის“ დირექტორმა.


პროექტი დაფინანსებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ. მასალაში გამოყენებული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ან ნეტგაზეთის პოზიციებს. პროექტი ითვალისწინებს ყოველთვიური დაიჯესტის ფარგლებში ერთი სტატიის თარგმანს ქართულ ენაზე.