შრომითი უფლებები ჰაერში

ავტორები: ჯაბა ანანიძე, დათო ქოქოშვილი, კონსტანტინ სტალინსკი.
ფოტო: ანა ყაჭეიშვილი, თორნიკე თავაძე

09.09.2016

პროექტი "უჩინარები", ნეტგაზეთი, 2016

2016 წლის 9 სექტემბერს სამშენებლო ობიექტზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა. ეს წელს პირველი შემთხვევა არ არის. 2011-2015 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილას 212 მშრომელი დაიღუპა, 691 კი დაშავდა. როგორ პირობებში მუშაობდნენ ისინი და ვინ და როგორ იცავს მათ უფლებებს?

მთავარია გადავრჩი - სამსახურის მირაჟი

32 წლის ირაკლი აბესლამიძე თებრვალში ბათუმში, სამშენებლო ობიექტიდან ჩამოვარდა. გადარჩა, თუმცა უმუშევარი დარჩა და კვლავ კომპანია “მირაჟის” იმედი აქვს. პროკურატურას ამ შემთხვევის გამოძიება ამ დრომდე არ დაუსრულებია.

რა გამოიძიეს, არ ვიცი

[„არ ვიცი, რა მოხდა და როგორ. მთავარია, გადავრჩი და მაგას აღარ ვკითხულობ... საღამოს მივედი სამუშაოზე, ღამე ვიმუშავე და დილას, 6 საათზე მომიხტა ყეზა [უბედური შემთხვევა]“, - ყვება ირაკლი აბესლამიძე.

ის 19 თებერვალს ბათუმში, მშენებარე ობიექტზე იმ კოშკურა-ამწის კაბინაში მუშაობდა, რომელიც ჩამოვარდა. ირაკლიმ მხოლოდ სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობა მიიღო. ამჟამად საკუთარ სახლშია, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აჭარისაღმართში.

„...საავადმყოფოში წამიყვანეს, მენჯიდან დაბეჟილი ვიყავი. მარტო შვიდი საათი გამაჩერეს იქ. სამი იქნებოდა თუ ოთხის წუთები, ჩემი ფეხით წამოვედი სოფელში. ყველა ხარჯი დაფარა კომპანიამ, სადაც ვმუშაობდი.
გამომძიებელთან ვიყავი პროკურატურაში, ყველაფერი მკითხა, რამე არ გამორჩენიათ. რა გამოიძიეს, არ ვიცი, არ მომიკითხავს. ისინიც დაკითხეს, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა იმ ღამეს…”

“მითხრეს, ახლა [სამუშაო] ადგილი არ გვაქვსო”

“ორი თვის კომპენსაციაც მომცეს. ჩამოვარდნის შემდეგ [კომპანიის წარმომადგენლებს] ვუთხარი , რომ შიში მქონდა სიმაღლის და ერთი-ორი თვე უნდა დავისვენო-მეთქი და კარგიო. მერე მივაკითხე, მაისი იყო, მგონი, და მითხრეს, ახლა ადგილი არ გვაქვსო. ველოდები. სექტემბერში უნდა დამიძახონ, ასე დამპირნდნენ…”

მშენებლობაზე დაშავებული მუშა ახლა ზარს თურქეთიდან ელოდება, სეზონურ სამუშაოზე რომ დასაქმდეს:

“თურქეთში ერთხელ უკვე ვიყავი, ჩაის ვკრეფდი, თან ტვირთი გადამქონდა. მძიმე სამუშაოა, მარა რას იზამ? ახალგაზრდა კაცი უმუშევარი ვერ გაძლებ“

“რთული ის იყო, რომ ღამე საქმე მიწევდა”

ირაკლიმ 9 კლასი სოფლის სკოლაში დაასრულა. სხვაგან აღარ უსწავლია. 5 წლის წინ გაუგია, რომ მშენებლობებზე კარგი ანაზღაურებააო და ბათუმში ჩამოსულა:

„უმუშევარი ვიყავი, ძალიან გვიჭირდა და სადმე ხომ უნდა დავსაქმებულიყავი?! ამიტომ გადავწყვიტე მშენებლობაზე მემუშავა. მითხრეს, ჯერ სწავლაო და ქობულეთში რომ პროფესიული სკოლაა, „ახალი ტალღა“, იქ ვისწავლე სამი თვე. საკმარისი იყო თუ არა? ალბათ, საკმარისი იყო, რადგან დიპლომები მოგვცეს, ისე ხომ არ მოგვცემდნენ? ვინც მშენებლობაზე მუშაობდა, ყველას მაქ ჰქონდა დამთავრებული, მე უფრო გამოცდილი ვარ, ხუთი წელი მშენებლობაზე ვმუშაობ, ბოლო ერთი წელი კრანზე ვმუშაობდი, მაგას მიმამაგრეს... არ მიჭირდა. სოფელში მარტო დასვენების დღეებში ამოვდიოდი, როცა ვმუშაობდი. 10 დღე ვმუშაობდი, 10 - ღამე... ასეა, რთულია, როცა მშენებელი ხარ, საფრთხეს გრძნობ, დღეა თუ ღამე, სად რა დეგემართება, არ იცი, საფრთხე გაქვს სულ“.

მშენებლის თქმით, მთავარი სირთულე მაინც ღამით მუშაობაა: „ჩემთვის რთული ის იყო, რომ ღამე საქმე მიწევდა, დანარჩენი მშენებელ კომპანიასთან მე რამე გართულება არ მქონდა... მთავრობა იმ დონეზე დასული არაა, რომ მაი ვერ მიხვდნენ, ღამით მუშაობა შეიძლება თუ არა. სადაც ვმუშაობდი, იქ კარგი განათება იყო ისე, შეიძლებოდა მუშაობა, მარა ღამე სამსახური არის საერთოდ სისულელე, ამ დროს პური უნდა ჭამო, დაწვე და დაისვენო, დაიძინო, მეტი რამე არა“.

ირაკლი სოფელ აჭარისაღმართში დედ-მამასთან და დასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახს ძირითადად სიმინდი მოჰყავს, რაც წლის განმავლობაში ყოფნით:

„მეტი არაფერი მოდის, ბოსტნეული კულტურა არის, მაგრამ შედეგი აქვს რამე? საქონელიც გვყავს, არ გვყოფნის. ძირითადად დედ-მამის პენსიაზე ვართ, როცა არ ვმუშაობ... იმედი მაქვს, რომ ისევ დამასაქმებენ მშენებლობაზე, ამას ველოდები. ხვალ ან ზეგ თურქეთში წავალ ისევ, ჩაია მოსაკრეფი, სეზონია, ზარს ველოდები...“

“მირაჟი”

ფოტო: ქსნის მინის ტარის ქარხანაში დასაქმებულების გაფიცვა. 2016. ფოტო: თამაზ დოლაბერიძე

ირაკლი აბესლამიძე დასაქმებას ისევ კომპანია „მირაჟისგან“ ელოდება, სადაც აქამდე მუშაობდა. „მირაჟი“ სამშენებლო კომპანია „ორბის“ ქვეკონტრაქტორია და სხვადასხვა მისამართზე აშენებს საცხოვრებელ ბინებს. მშენებლობა, საიდანაც ირაკლი ჩამოვარდა, კაჩინსკების ქუჩაზეა. იქ კომპანია „ორბმა“ 38-სართულიანი კორპუსის მშენებლობა თითქმის დაასრულა.

„ჩვენ ველოდებით ირაკლის სრულ გამოჯანმრთელებას და მას აუცილებლად დავაბრუნებთ სამსახურში“ - გვითხრა ომარ ბერიძემ. ის კომპანია „მირაჟის“ მენეჯერია. პროკურატურას ამ შემთხვევის გამოძიება ამ დრომდე არ დაუსრულებია.

212 დაღუპული, 691 დაშავებული

ილუსტრაცია: ლია უკლებას ნამუშევარი. არტისთმა ასე გამოუცხადა სოლიდარობა ტყიბულელ მუშებს

საწარმოო შემთხვევები 2011-15 წლებში.

EMC-ის მონაცემებით 2011-15 წლებში საქართველოში 212 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 691 კი დაშავდა. 2016 წელსაც არაერთი მუშა დაიღუპა სამუშაო ადგილზე.

„შახტაში რომ შევდივართ, კარს ბოქლომით გვიკეტავენო“ – უთხრა ტყიბულელმა მეშახტემ “ნეტგაზეთს” 2016 წლის თებერვალში. თებერვალში ტყიბულში მეშახტეებმა მასობრივი გაფიცვები დაიწყეს. ისინი ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ზამთრისათვის თბილი უნიფორმას ითხოვდნენ.

ვინ და როგორ იცავს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს საქართველოში, არიან თუ არა მშენებელობებსა თუ საწარმოებში დასაქმებული მოქალაქეები დაზღვეულები რისკებისაგან და რატომ არ იცავს სახელმწიფო მათი სიცოცხლის უფლებას? პროექტ “უჩინარების” ფარგლებში გამართული დისკუსიის მონაწილეები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია და არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებებისა და სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლინა ღვინიანიძე: