უხილავი უმრავლესობა მკვლელობის პირისპირ

[ელენე ხაჭაპურიძე, დათო ქოქოშვილი, კონსტანტინე სტალინსკი. ფოტო: EPA, netgazeti.ge]

14.09.2016

პროექტი “უხილავების ზეპირი ისტორია და დისკუსია”

“მინდა, რომ ქალებმა არ მოითმინონ ძალადობა და თავს დროულად უშველონ”, - ამბობს ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი, რომელმაც “ნეტგაზეთს თავისი ისტორია გაუზიარა. სახალხო დამცველის ინფორმაციით 2016 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 10 ქალი მოკლეს. 2016 წელს პარლამენტმა კი ფემიციდის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

რა მესიჯი გაუგზავნეს ამით პოლიტიკოსებმა ქალებს და რატომ ვერ იცავს მათ სახელმწიფო ძალადობისა და სიკვდილისგან?

თამარი [ სახელი შეცვლილია]

20 წლისაა და უკვე ორი შვილის დედა. 16 წლის ასაკში დაქორწინდა. 3 წლის მანძილზე ქმრისგან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა. დღეს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ცხოვრობს.

საკუთარ ისტორიას იმ იმედით გვიყვება, რომ მასავით მსხვერპლი ქალები ოდესმე ძალადობრივ სივრცეს თავს დააღწევენ.

ძმა, ძალადობა ბავშვობაში, კაკალი

2 წლის ვიყავი, დედა რომ დამეღუპა. მამამ სმა დაიწყო და ღვიძლზე პრობლემები შეექმნა. 7 წლის რომ ვიყავი, ლოგინად ჩავარდნილი მამა შვილებს უკვე ვეღარ გვცნობდა. არ გვქონდა იმის საშუალება, ექიმი გამოგვეძახა და წამალი გვეყიდა.

გარდაცვლილი მამაჩემი პირველმა მე ვნახე. ერთად გვეძინა. დილით რომ გავიღვიძე და სახეზე შევხედე, ცოცხალი აღარ იყო. დაკრძალვის ხარჯებიც მეზობლებმა გაიღეს...

მამის დაღუპვის შემდეგ დეიდაჩემმა წამიყვანა, რომელიც თბილისში ცხოვრობს. 4 წლის მანძილზე მასთან ერთად ვცხოვრობდი. არაფერი მაკლდა, როგორც საკუთარ შვილს, ისე მზრდიდნენ დეიდაჩემი და მისი ქმარი. სახლში რომ არ დავბრუნებულიყავი, დარწმუნებული ვარ, ჩემი ცხოვრება სხვაგვარი იქნებოდა. არ ვიცი, რატომ დავბრუნდი. თითქოს რაღაც მექაჩებოდა უკან. დავბრუნდი და ჩემი ცუდი ცხოვრებაც დაიწყო.

11 წლის ვიყავი. ჩემი და-ძმები ჩემზე უფროსები იყვნენ. და სახლიდან წასული იყო და ნათესავთან ცხოვრობდა. ერთი ძმა იქ ათენებდა ღამეს, სადაც დარაჯად მუშაობდა და ჩხუბის დროს დაიღუპა. მეორე ძმას კი ცოლი-შვილი ჰყავდა და მათთან ერთად ვცხოვრობდი მეც. თავს ოჯახში ზედმეტად ვგრძნობდი.

ძმა და რძალი აგრესიულად მექცეოდნენ. იმასაც მეუბნებოდნენ, რომ მათი ჩხუბის მიზეზი მე ვიყავი. რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, მათი მხრიდან მით უფრო სერიოზულ აგრესიას ვგრძნობდი. ჩემმა ძმამ ორჯერ ხელიც კი გამარტყა იმ მიზეზით, რომ არ ვუჯერებდი. არადა, ჩემი გადმოსახედიდიან არაფერს ვაშავებდი. მართალი გითხრათ, დეიდასთან დაბრუნებაზე არ მიფიქრია, რა უნდა მეთქვა, იქ ცუდად მექცევიან, თავს ცუდად ვგრძნობ-მეთქი?! ხომ მეტყოდა, რას წახვედიო?! შემრცხვა.

14 წლიდან ჩემით ვირჩენდი თავს. ვცდილობდი ტვირთად არ დავწოლოდი ჩემს ძმას და რძალს. ვკრეფდი ხილს და კაკალს და ვყიდდი. იმდენ თანხას მაინც ვაგროვებდი, რომ ელემენტარული ჰიგიენური საჭიროებებისთვის და რვეულებისთვის მყოფნოდა. წიგნების საყიდლად ფული აღარ მრჩებოდა. სკოლის პერიოდში კლასელების წიგნებიდან ვიწერდი გაკვეთილებს და ისე ვსწავლობდი. მინდოდა სწავლა, მაგრამ პირობები არ მქონდა.

მერე ერთ-ერთ სასტუმროში დავიწყე მუშაობა. ჭურჭელს ვრეცხავდი, მზარეულს ვეხმარებოდი და ვალაგებდი. 150 ლარს მიხდიდნენ თვეში და საკვებსაც მაძლევდნენ. ძალიან დიდ მიღწევად ვთვლიდი მაშინ, ამ ფულს ჩემით რომ ვშოულობდი.

“ჩემს ძმას უნდოდა შეძლებულ კაცზე გავეთხოვებინე”

16 წლი ვიყავი, როდესაც ძმამ მითხრა, რომ ვიღაც ბიჭი უნდა გამეცნო, შემყვარებოდა და ცოლად გავყოლოდი. პირდაპირ არ უთქვამს, შეძლებულია და გარჩენსო, მაგრამ ეს იყო რეალური მიზეზი - ამ ბიჭს დიდი სახლი აქვს, მანქანები აქვსო. თავი დამცირებულად ვიგრძენი, ამიტომ გადავწყვიტე სხვას გავყოლოდი.

ერთი კვირის გაცნობილი მყავდა, ცოლად რომ გავყევი. მე 16 წლის ვიყავი, ქმარი 30-ის. მის დეიდასთან და დეიდაშვილებთან ვახლობლობდი მანამდე, ძალიან კარგად მექცეოდნენ.

ძმამ ჩემი გათხოვების ამბავი რომ გაგიგო, საშინელი რეაქცია ჰქონდა. ახალ ოჯახშიც კი არ გამომყვა, არ დაინტერესდა, სად მივდიოდი. ქმარი ამაზე გაბრაზდა და ძმასთან ურთიერთობის გაწყვეტაც მაიძულა - იმის უფლებაც კი არ მქონდა, მისთვის დამერეკა. სტუმრობაზე ხომ ზედმეტია საუბარი.

არ ამომიღია ხმა, დამცველი არ მყავდა, წასასვლელი არ მქონდა

ვერც წარმომედგინა, რომ ჩემს ქმარს ადამიანის ცემა შეეძლო. დაქორწინებიდან 3-4 თვის თავზე მიყვიროდა, მაგინებდა, მლანძღავდა. მერე ხელითაც შემეხო. მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

ერთხელ ოთახში ქმრის ბიძაშვილი შემოვიდა და ქმრის დეიდაშვილის პატარა შვილებმა, რომლებიც იქვე იყვნენ, მითხრეს, შენი შეყვარებული მოვიდაო, რადგან ამ ადამიანთან ვმეგობრობდი. ამ ნათქვამს დიდი აჟიოტაჟი და ეჭვიანობის სცენები მოჰყვა. ყოველ კამათზე დედამთილი წამომაძახებდა, რომ ვიღაც სხვა მიყვარს. ზოგადად, ჩემი ქმარი ეჭვიანია, ხშირად გვქონდა ასეთი სცენები, მაგრამ ხშირად დედამთილის ნათქვამის გამო.

თავდაპირველად გინებას ყურადღებას არ ვაქცევდი, კაცია და იგენება-მეთქი. 7 თვის ორსული ვიყავი პირველ ბავშვზე, სტუმრები გვყავდა და დალია, ფეხზე ვერ დგებოდა. სტუმრები რომ წავიდნენ სხვა ძმაკაცთან მოინდომა წასვლა დასალევად, ვცდილობდი, არ გამეშვა. დედამთილს ვუთხარი, შენ ქვემოთ ჩადი, იქნებ დავაწვინო-მეთქი - მარტოები რომ ვრჩებოდით, უფრო ადვილად ვახერხებდი მის დაყოლიებას. დედამთილმა ამის გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ჩათვალა, რომ ოთახიდან ვაგდებდი. საკუთარი სახლიდან მაგდებო. ამაზე ქმარი გაღიზიანდა. ოთახში პატარა ტუმბო გვედგა, ზედ ხილი იდო. დიდი ვაშლი აიღო და ჩემი მიმართულებით ისროლა. ამცდა და კედელს შეენარცხა, კურკებიც კი შუაზე გაიყო.
არ ამომიღია ხმა, დამცველი არ მყავდა, წასასვლელი არ მქონდა.

ცემა

მეუბნებოდა, რომ ჩვენი შვილი მისგან არ მყავდა. ასეთ ხმებს სოფელშიც მივრცელებდნენ. უკვე გარეთ გასვლის მრცხვენოდა. როგორია, როცა ვიღაც გაბრალებს, რომ ქმარს მის ბიძაშვილთან უღალატე.

ორსულობის დროს არ ვუცემივარ, მაგრამ მაშინებდა, გცემო. ბავშვი რომ გაჩნდა, მერე აღარ მერიდებოდა.

1 წლის იქნებოდა გიო, როცა მის თვალწინ თმებით მითრია. მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ასე იყო. ფული მთხოვა, ძმაკაცებთან ერთად ლუდის დალევა მინდაო. ბავშვის საჭიროებების გამო არ მივეცი. ამის გამო თმით მითრია და წიხლის ქვეშ გამიფინა. რომ მომვარდა, ბავშვი ხელში მეჭირა და გამივარდა. მადლობა ღმერთს, საწოლზე დაეცა, მაგრამ მკლავი ეტკინა.

ზოგადად, ჩემი ქმარი მთელ დროს და რესურსებს ძმაკაცებს ახმარდა, რაც მაღიზიანებდა. არც მე ვმუშაობდი, არც თვითონ. საქონელი გვყავდა. სოციალური დახმარება გვქონდა და ჩემი ობლობის პენსია. ეს იყო ჩვენი შემოსავალი. სულ 250 ლარი.

პირველი გაქცევა

იმ დღეს ჩემი ქმრის დაბადების დღე იყო. ღორი დაკლა. ყველაფერი საკუთარი ხელით გავუმზადე, რომ ძმაკაცებთან ერთად აღენიშნა. სახლში გვიან დაბრუნდა. მუშტების ბრახუნით შემოვარდა. სახლი მოუწესრიგებელი იყო, საჭმელი მზად არ მქონდა და არც საქონელი იყო დაბინავებული. ბავშვს ვუვლიდი და ვერ მოვახერხე. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ჩემმა დედამთილმა შეაგულიანა. მან უთხრა, რომ არაფერს ვაკეთებ. საჭმელი მომიტანეო და ვერ მივუტანე, ვამზადებდი. დანა აიღო. რომ არ გავწეულიყავი, ყელის არეში მომხვდებოდა. მეორე სართულზე ავედი და კარი ჩავკეტე. ბავშვთან ერთად სიცივეში ვიყავი. ვკანკალებდით მთელი ღამე. დილით იმ იმედით ჩავედი, გამოფხიზლებული დამხვდებოდა და მშვიდად ვიქნებოდით. არ მეგონა, რომ იმავეს გააგრძელებდა, მაგრამ შევცდი. სამხედრო ჩექმა მომიქნია, ხელზე მომხვდა, სისხლი წამომივიდა. ეს იარა დღემდე მეტყობა. ჩემი ქმრის დეიდის სახლში წავედით მე და ბავშვი. 3 თვის მანძილზე მასთან ვცხოვრობდით.

მეორე შვილი

ამ დროს ორსულად ვიყავი. ნაყოფი დიდი იყო, როცა ორსულობის შესახებ შევიტყვე, მოცილებაზე აღარ მიფიქრია. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, როგორ უნდა მერჩინა ჩემი თავი და შვილები. გადავწყვიტე, როგორც შევძლებდი, ისე გავზრდიდი ორთავეს.

როდესაც ქმარს ვუთხარი, ორსულად ვარ-მეთქი, დაჟინებით ითხოვდა, რომ არ გამეჩინა. ორსულობის ნახევარი დეიდის სახლში გავატარე, დანარჩენი თავშესაფრებში. სანამ თავშესაფარში წავიდოდი, მოვიდა და ხვეწნა-მუდარით შემომირიგა. ნასვამი იყო, მუხლებზე დადგა, შვილის გარეშე არ შემიძლიაო, მეორე ბავშვს ველოდებიო, ცოდვები მაწუხებსო, გპირდები, მსგავსი რამ აღარ განმეორდებაო. მეგონა, შეიცვალა და შევრიგდით.

მაგრამ სხვა პრობლემამ წამოყო თავი. დედამისი სახლში არ გვიშვებდა - არც ჩემს ქმარს, არც მე და არც ბავშვს. სახლში შესვლა რომ დავაპირე, ჯოხი ეჭირა და უნდოდა მუცელში მოერტყა, მაგრამ ხელზე მომხვდა. საბოლოოდ პოლიციის დახმარებით შევედით სახლში. თუმცა დედამთილმა ყველაფერი წაგვართვა - ნემსიდან დაწყებული, ჭიქით დამთავრებული. ეს ამბავი სოფელმა რომ გაიგო, მეზობლები და ნათესავები, ვისაც რით შეეძლო გვეხმარებოდნენ. ჭურჭელი, ლეიბი საბანი, ბალიში მოგვიტანეს. ჩვენ და დედამთილი იზოლირებული ვიყავით, მაგრამ ერთ სახლში ვცხოვრობდით, ამიტომ კონფლიქტური სიტუაცია მაინც სულ იყო. მას შემდეგ, რაც სახლში არ გვიშვებდა, ჩემი ქმრის დამოკიდებულება შეიცვალა დედამისის მიმართ, თუმცა ამბობდა, დედაჩემია, რა ვქნაო.

ბოლოს მაინც იგივე განმეორდა, რაც მანამდე ხდებოდა. დედამთილმა ქმარს უთხრა, რომ მასზე ნათესავებში ცუდად ვსაუბრობდი. სახლში რომ მოვიდა, ფანჯარასთან ვიდექი, მომვარდა და ცემა დამიწყო - დედაჩემზე რატომ ჭორაობო. მივხვდი, რომ კიდევ მცემდა. ამიტომ სახლიდან წამოვედი.

ძმას დავურეკე, ქმრის დეიდასაც. ჩამოვიდნენ. მათი თანდასწრებით ვუთხარი ქმარს, რომ მისგან სამუდამოდ მივდიოდი. ამ ლაპარაკის დროს ჩემმა ძმამ ჩემს ქმარს დაარტყა. ქმარი ნასვამი იყო, წაბორძიკდა და თავი ბეტონის კიბეს დასცხო. სისხლი სდიოდა. ამაზე ჩემი დედამთილი გადაირია, იქვე შეშა იყო დაპობილი და ჩემს ძმას მოუქნია. ერთი ძმის სიკვდილს უკვე ვუყურე და იმავეს ვერ დავუშვებდი, ამიტომ ჩემს დედამთილს ზურგიდან მოვქაჩე და წაიქცა. ამაზე პოლიცია გამოიძახეს. ქმარს ხელი ჰქონდა გაჭრილი, შუშა ჩაამსხვრია გაბრაზებულზე. ამ ყველაფრის ფონზე ქმარმა მითხრა, პოლიციაში არ წახვიდე, დედაჩემის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეო. ყველაფრისგან ძალიან ვიყავი დაღლილი და პოლიციაში წავედი. სანამ მე განყოფილებაში ვიყავი, დედამთილმა ქმრის დეიდაშვილის შვილი სცემა, 11 წლის გოგო, ის ბავშვი, ვინც თავიდან ჩემი ქმრის ბიძაშვილს ჩემი შეყვარებული უწოდა. ახლა ჩემს დედამთილს პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი.

თუ არ წახვალ მოგკლავო, ყელს გამოგჭრიო - შემაკავებელი ორდერი

იმ ღამეს პოლიციაში დილის 4 საათამდე ვიყავი. ორსული, თან უფროსი შვილი ხელში მეჭირა. პოლიციის დამცინავი მზერა და აგდებული საუბარი ძალიან რთული ასატანი იყო. მშიერი ვიყავი, გული მერეოდა და პოლიციელებს ვუთხარი, რომ წყალი მწყუროდა. რომ არ მომიტანეს, კიდევ ვითხოვე და შენ თავი სასტუმროში ხომ არ გგონიაო. რატომ გგონიათ, ჩემი დამცირების უფლება გაქვთ-მეთქი?! შენ თუ ასეთი მაგარი გოგო ხარ, შენს ქმართან იბლატავეო, მიპასუხეს. ამის შემდეგ მათი მოტანილი წყალი როგორ უნდა დამელია?!

ჩემი ქმარი სახლში გაუშვეს, ნასვამი ხარ, დაისვენე, დაიძინეო. ხელის დამუშავებაც შესთავაზეს, შეგიხვევთო. ჩემი ძმაც სოფელში გაუშვეს. იმ საღამოს მხოლოდ დაკითხვის ოქმი შეავსეს, მეტი არაფერი. ამის შემდეგ მეც სახლში წავედი. ქმარს ეძინა. ვფიქრობდი, დილით როცა გამოფხიზლდებოდა, მე თუ არა, ბავშვს მაინც უპატრონებდა.

თვალი გავახილე თუ არა, ლანძღვა-გინება დამიწყო - ხომ გითხარი, ჩვენება არ მისცე-თქო. მოგვინებით სოციალური დახმარების ბარათი მომთხოვა. ამ ბარათით კრედიტი მქონდა აღბული, რათა ცოტა ფული მქონოდა. ეს რომ გაიგო, უარესად მცემა. ბარგს თუ არ ჩაალაგებ, რაც მოგივათ, დაინახავთო. თუ არ წახვალ, მოგკლავო, ყელს გამოგჭრიო და შენს ნაბიჭვარსაც ზედ მივაყოლებო. აქ რომ დავბრუნდები და დამხვდეთ, მოგკლავთო. ღერთმა იცის, ვის ნაბიჭვარს მაზრდევინებო. ბავშვი ტიროდა. მივხვდი, აზრი არ ჰქონდა იქ დარჩენას, არაფერი შეიცვლებდა. ჩავალაგე ჩემი ნივთები, ჭურჭელი, ტანსაცმელი…

ეს ყველაფერი 2015 წლის 8 ივნისს ხდებოდა. ამ დღეს გამოწერა პოლიციამ შემაკავებელი ორდერი, რომელიც სასამართლომ 9 ივნისს დაამტკიცა. მე და ჩემი შვილი თავშესაფარში გადაგვიყვანეს.

მან თავშესაფარში გააჩინა მეორე შვილი. ახლაც თავშესაფარში ცხოვრობს. “სტილისტის კურსებს გავდივარ, აქედან გასვლის შემდეგ ჩემი შვილების რჩენა დამოუკიდებად რომ შევძლო. მამას აღარ ვაძლევ შვილების ნახვის უფლებას. მცდელობაც არ ჰქონია დიდად”.

წელი|ოჯახში დანაშაულის, კერძოდ, მკვლელობათა რაოდენობა, წყარო: IDFI

სასჯელი ფემიციდისთვის - აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია

ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის ექსტრემალური ფორმაა. ფემიციდი გენდერული დანაშაულია, რომელიც სტრუქტურული უთანასწორობის, დაქვემდებარებულობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ზოგადი კონტექსტის ნაწილია. საქართველოში ფემიციდთა უმრავლესობა მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერაა ჩადენილი.

აშშ: აშშ-ის ფედერალური კანონი “ქალთა მიმართ ძალადობის” შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 5 წლიდან უვადო პატიმრობამდე. ძალადობის ფაქტი, რომელსაც არ მოჰყოლია სიკვდილი, მაგრამ გამოიწვია სერიოზული ფიზიკური დაზიანება და სხეულის მუდმივი დამახინჯება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე. ძალადობის ფაქტი, რომლის შედეგად ქალს მიადგა სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები და ძალადობა განხორციელდა საშიში იარაღის გამოყენებით, ისჯება 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ძალადობის ფაქტი, რომელსაც შედეგად მოჰყვა მსხვერპლის სიკვდილი, ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით.

საფრანგეთი: საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს და ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას მეუღლის მკვლელობის შემთხვევაში, ან 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ძალადობისთვის, რომელმაც გამოიწვია მსხვერპლის სიკვდილი, თუ მსხვერპლი იყო მეუღლე, ან მოძალადესთან მცხოვრები პირი.

ესპანეთი: ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსი არ შეიცავს ტერმინს – ფემიციდი, თუმცა კოდექსი შეიცავს ნორმებს გენდერული ძალადობის შესახებ. ესპანეთმა მიიღო კანონი “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მრავალმხრივი დაცვითი ღონისძიებების” შესახებ, რომლის მიხედვით შექმნილია სპეციალური სასამართლოები, რომლებიც განიხილავენ შემდეგი სახის დანაშაულებს: მკვლელობა, იძულებითი/ძალადობრივი აბორტი, შეურაცხმყოფელი ფიზიკური კონტაქტი, ემბრიონისთვის ზიანის მიყენება [ორსული ქალის ცემის შემთხვევაში], დანაშაული თავისუფლების და ღირსების წინააღმდეგ, სქესობრივი ხასიათის დანაშაული და ყველა სხვა დანაშაული, რომელიც ჩადენილია ყოფილი ან მოქმედი ქმრის/პარტნიორის მიერ. ამ კანონით, სხეულის დაზიანების შემთხვევაში, თუ მსხვერპლი ცოლია ან ყოფილი ცოლი, ან ქალი, რომელთანაც მოძალადე იმყოფებოდა, ან იმყოფება რაიმე მსგავს კავშირში, ეს გარემოება ითვლება დამამძიმებლად და სასჯელი 2 წლიდან 5 წლამდე იზრდება.

იტალია:
იტალიამ 2013 წელს მიიღო კანონი “ქალთა მიმართ ძალადობის” შესახებ. კანონი ითვალისწინებს სავალდებულო პატიმრობას, თუ პირს წაასწრეს ძალადობის ან დევნის ფაქტზე და ასევე ადგენს სავალდებულო გამოძიების ჩატარებას, თუ პოლიციაში საჩივარი შევიდა. კანონი ამძიმებს სასჯელს, თუ მსხვერპლი ორსული ქალია, ან თუ ძალადობა ბავშვის თანდასწრებით მოხდა.

საქართველოში ფემიციდის 12 შემთხვევაზე სასამართლოს გადაწყვეტილებები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წელს გააანალიზა 2014 წლის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფემიციდის 12 შემთხვევაზე:

სასამართლომ დანაშაულის ჩადენის მოტივი მხოლოდ 5 საქმეში გამოყო და განაცხადა, რომ:
-2 შემთხვევაში დამნაშავემ მკვლელობა ეჭვიანობის მოტივით ჩაიდინა;
-3 საქმეში-ეჭვიანობით, მსხვერპლის „არაჯანსაღი ცხოვრებით და ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე გამოწვეული შურისძიების გამო.
- 7 საქმეში სასამართლოს განაჩენი საერთო არ შეიცავს მსჯელობას მოტივზე.

ფემიციდისთვის რეალური სასჯელის მინიმალური სახე და ზომა იყო ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით (4 წლით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა პირობით მსჯავრად. საქმე ეხებოდა თვითმკვლელობამდე მიყვანას), ხოლო მაქსიმალური, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა (მიესაჯა ნასამართლობის მქონე პირს საპროცესო შეთანხმების შედეგად).
იხილეთ დეტალურად სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელები მუხლების მიხედვით:

საქმე/მუხლი აღნიშნული 12 საქმიდან სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელი
თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი 2000-ლარიანი ჯარიმა და 4 წლით პირობითი სასჯელი
გაზრახ მკვლელობის მუხლი (ქალი გარდაიცვალა მანქანის დაჯახებით, მას შემდეგ, რაც ცეცხლსასროლმა იარაღმა არ გაისროლა) 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან ერთი წელი პირობითი სასჯელი. დამნაშავე, რომელმაც დანაშაული აღიარა ციხეში გაატარებს 6 წელს. განზრახ მკვლელობის მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განზრახ მკვლელობის მუხლი (ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა) 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განზრახ მკვლელობის მუხლი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა
განზრახ მკვლელობის მუხლი 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა
განზრახ მკვლელობის მუხლი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა
განზრახ მკვლელობის მუხლი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (ჩადენლია პარტნიორის მიერ) 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
განზრახ მკვლელობის მუხლი 11 წლით თავისუფლების აღკვეთა
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში , ჩადენილი არაერთგზის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საპროცესო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში სასჯელი იქნებოდა 16-20 წლამე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა (ერთადერთი შემთხვევა, როცა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებზე მიუთითა)

საქართველოს პარლამენტმა ფემიციდის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

საქართველოს კანონმდებლობა დანაშაულს „ფემიციდი“ არ იცნობს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს ცალკე მუხლი, რომელიც ფემიციდს, ანუ გენდერის ნიშნით ჩადენილ ქალის მკვლელობას/თვითმკვლელობამდე მიყვანას, დასჯადად გამოაცხადებდა. მკვლელობის ჩადენა გენდერის ნიშნით ასევე არ არის გამოყოფილი, როგორც განზრახ მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება. შესაბამისად, ფემიციდის დანაშაულების სხვა სახის მკვლელობებისგან განცალკევებული კლასიფიკაცია და სტატისტიკის წარმოება არ ხდება.

2016 წლის 10 ივნისს ფემიციდის შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კანონს მისაღებად 2 ხმა დააკლდა. აქ შეგიძლიათ ნახოთ იმ ფემიციდის შესახებ კანონპროექტის მომხრეთა და მოწინააღმედე დეპუტატთა სია.

რატომ კლავენ ქალებს გენდერული მოტივაციით და რატომ თქვა უარი პარლამენტმა ამ პრობლემის აღიარებაზე, როდესაც ფემიციდის კანონპროექტი ჩააგდო. ნეტგაზეთის დისკუსიის მონაწილეები არიან სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე. გადაცემა მიჰყავს ჟურნალისტ დათო ქოქოშვილს:

პროექტი "უჩინარების ზეპირი ისტორიები და დისკუსია", ნეტგაზეთი, 2016

Leave a Reply

Your email address will not be published.