რაც არის, იმას გვაჭმევს – ბავშვები სიღარიბეში

[ჯაბა ანანიძე, დათო ქოქოშვილი, კონსტანტინე სტალინსკი ]

16.09.2016

პროექტი "უჩინარების ზეპირი ისტორები და დისკუსია

გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში ბავშვების 28% სიღარიბეში ცხოვრობს, აქედან ბავშვთა 6% უკიდურეს სიღატაკეს განიცდის და დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს.

გიორგი, სოფო და ანუკი მათ რიცხვში შედიან. ისინი აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. ანუკი მომღერლობაზე ოცნებობს, სოფო -ექიმობაზე, გიორგის უნდა, რომ მფრინავი იყოს.

...მინდა, ველოსიპედი მქონდეს

[ ოთარ ვანაძის ოჯახის ისტორია]

16.09.2016

მე გიორგი ვარ, 13 წლის. საჯარო სკოლაში ვსწავლობ... ფრენაზე ვოცნებობ. ძალიან მაგარია, როცა ჰაერში ადიხარ, ფრინავ... მერე ისევ უკან გიწევს დაბრუნება. თვითმფრინავში არასდროს ვყოფილვარ. ერთხელ ზღვაზე ავფრინდი პარაშუტით. ძალიან კარგი შეგრძნება იყო, გრილი ჰაერი... იცი, როცა ზემოდან უყურებ დედამიწას, ყველა ბავშვებივით პატარები ვჩანვართ. ზეცაშიც ხშირად ვუყურებ, როცა თვითმფრინავი მიფრინავს, ლამაზია, ვაკვირდები...

პილოტი მინდა გავხდე. როცა რაღაც პასუხიმგებლობას იღებ საკუთარ თავზე, ის კარგად უნდა შეასრულო. კარგად ვსწავლობ, შვიდიანებზე და რვიანებზე დავამთავრე წელს კლასი, განსაკუთრებით ქართული მიყვარს, ზეპირში უფრო მაგარი ვარ... მინდა, ველოსიპედი მქონდედს. კარგ ველოსიპედს 200 ლარი მაინც უნდა, მამაჩემს ახლა მაგის საშუალება არ აქვს... მესერზე ეს პატარა გზა სათამაშო მანქანებისთვის მე და ჩემმა მეგობრებმა გავიყვანეთ. მაინც ტყუილად ვიყავით და რამე ხომ უნდა გვეკეთებინა? მანქანები ძალიან მიყვარს. მინდა, ჩემი კომპიუტერიც მქონდეს, მაგრამ... ახლა ამის საშუალება არ არის. ამჯერად ასე ვერთობით - მანქანები დაგვყავს ჩვენ მიერ გაყვანილ გზებზე.

დილით საუზმე არ მიყვარს. დედაჩემი მეუბნება, უჭმელი სკოლაში არ უნდა წახვიდე, არ შეიძლებაო. ჩაის და ნადუღს მაჭმევს ძირითადად. რაც არის, იმას მაჭმევს...
შუადღეზე, რა ვიცი, რაც სახლში იქნება, იმას ვჭამ. დედიკო სულ ცდილობს, რაც მიყვარს, ის გამიკეთოს. მაგალითად, შემწვარი კარტოფილი, მაწონიც ძალიან მიყვარს. ძალიან მინდა, სახლში სოსისები და ძეხვეული მხვდებოდეს... კიდევ მწვადი მიყვარს ძალიან.

სოფო და ანუკი: „წავალთ ზღვაზე ხვალაც...“

სოფო: შვიდი წლის ვარ, სკოლაში დავდივარ და კარგადაც ვსწავლობ, განსაკუთრებით ბუნება მომწონს... დირექტორი მასწავლის ამ საგანს და იმიტომ მომწონს. დირექტორს რუსუდანი ჰქვია...

ანუკი: მე ექვსის ვარ. წელს უნდა წავიდე სკოლაში. ბაღში არ მივლია, არ მიმიღეს. ადგილი არ იყოო, ასე თქვა მამიკომ.

სოფო: სკოლაში “მარშუტკით” დავდივარ. აქ გამოივლის ყველა დილას და იმას მივყვები. ისე ძალიან შორია სკოლამდე. იცი, რამდენი უნდა იარო? თუმცა დიდი გზაც არის და მოკლეც. მე ორივე კარგად ვიცი... კბილები მტკივა, უფრო სწორად, მეწვის. ექიმთან არ მივსულვარ. არ მიმიყვანა დედიკომ... დიდი როცა ვიქნები, ექიმი გავხდები და ყველას ნემსს გავუკეთებ. მე არ მომწონს, როცა ნემსს მიკეთებენ.

ანუკი: მე მუსიკის მასწავლებელი ვიქნები, სიმღერა მიყვარს... ვინაა ჩემი საყვარელი მომღერალი, არ გეტყვი... ეს დედიკოს მანიკურებია, ჩვენით წავისვით ორივემ. რით ვერთობით? - ზღვაზე დავდივართ. გუშინ დედიკომ წაგვიყვანა. წავალთ ხვალაც ზღვაზე...

ნანული გუნთაიშვილი, ბავშვების დედა: „ბოლოს ხორცი როდის ვაჭამე ბავშვებს, აღარ მახსოვს“

გუშინ მყავდა ბავშვები ზღვაზე, მეც ძალიან მიყვარს... აქედანაც კარგად მოჩანს, მთიდან. ხანდახან, ფიქრებში როცა მივდივარ, ვუყურებ... დღეს, მაგალითად, კარტოფილის სოუსი გავუკეთე ბავშვებს. ეს იყო ჩვენი სადილი. ხორცით არა, ეს ფუფუნებაა.. ბოლოს ხორცი როდის ვაჭამე ბავშვებს, აღარც კი მახსოვს. ძირითადად ფხალს ვაკეთებ, კარტოფილს ვწვავ, კიტრი-პომიდვრის სალათს ვამზადებ... მას შემდეგ, რაც სოციალური დახმარება მოგვიხსნეს, ძირითადად მეზობლები გვაძლევენ საჭმელს. დილით, როცა სოფიკო და გიორგი სკოლაში მიდიან, ჩაის ვასმევ, ხანდახან ნადუღიც მაქვს...ზოგჯერ მშივრები წასულან. სკოლიდან როცა ბრუნდებიან, ბევრჯერ მშივრები რჩებიან. არაფერი გვაქვს სადილისთვის. საქონელი არ გვყავს. რძის პროდუქტები ბავშვებს ძალიან უყვართ... რაც არ გვაქვს, უფრო იმას ითხოვენ. ხანდახან ნაყინის მანქანა ჩამოივლის და ბავშვები კივილს იწყებენ, ნაყინი გვინდა, ნაყინიო... წყალი სახლში შეყვანილი საერთოდ არ გვაქვს. დილას უნდა მოუშვა ონკანი, რომ საღამომდე გაივსოს ვედრო... გაუმართავია სისტემა, არავინაა მომხედავი. ბოსტნებიც მოსარწყავია, კიტრს და პომიდორს ველოდები... კიდევ ლობიო და ბოსტნეული მაქვს დარგული. მანდარინიც გვაქვს ცოტა, თხილის ბაღიც. თხილს უკვე ეპარებიან ბავშვები... აბაზანა არ გვაქვს. წყალს შეშაზე ვაცხელებთ და ისე ბანაობენ ბავშვები. შეშა ტყიდან გამოგვაქვს. ახლაც იქ ვიყავით, ვიდრე თქვენ მოხვიდოდით. ძალიან შორსაა აქედან... რთულია, მაგრამ რა უნდა ვქნათ?

საშუალო სკოლა ჩელტაში დავამთავრე. მერე აღარ მისწავლია. მინდოდა, მაგრამ საშუალება არ იყო... ექიმობა მინდოდა. ახლა სოფოს ოცნებაა იგივე. მინდა დავეხმარო. არ ვიცი, რის გაკეთებას შევძლებ... რამდენჯერმე ჩავედი ქალაქში, სამსახურს ვეძებდი, იქნებ დამლაგებლად ან მრეცხავად ვომუშაო-მეთქი. არ გამოვიდა.

ოთარ ვანაძე, 6 შვილის მამა: „რას ნიშნავს კანონი?“

სოციალური დახმარება გასული წლის დეკემბერში მოგვიხსნეს. უფროსი შვილი 19 წლისაა, მურმანი ჰქვია და თურქეთში გადავიდა სამუშაოდ. სააგენტოშიც ეს მითხრეს, თურქეთში მუშაობს თქვენი შვილი და დახმარებას ვეღარ მიიღებთ, ასეთია კანონიო.

ვერ გამიგია, ეს რა კანონია: როცა ერთი, დავუშვათ და, აშავებს და სხვები ისჯებიან. მურმანი ახლაც იქაა და უკან ვერ ბრუნდება, ფული აქვს ასაღები. ერთხელ 80 ლარი გამომიგზავნა და სულ ეს იყო... თვითონაც ავადაა. სათნოების სახლში იზრდებოდა. ვერ მივხედეთ და მერე ხერხემლიდან სითხის ამოღება დასჭირდა. მურმანი პირველი შვილია. მისი დედა გარდაცვლილია...

სახლში ახლა სამი შვილი მყავს. კიდევ მყავს 18 წლის გოგო. ის ახლაც დეიდასთანაა, იმან გაზარდა, როცა დედამისი გარდაიცვალა. მეორე გოგო 16 წლისაა უკვე, ბებია ზრდის. დედაჩემიც დაავადებულია, 81 წლისაა, ფეხზე ვერ დადის, ნევროზი აქვს. მისი პენსია ერთადერთი შემოსავალი იყო მას შემდეგ, რაც დახმარება მომიხსნეს. ახლა პენსიასაც ვერ ვიღებთ...

გვითხრეს, რომ მინდობილობაა გასაახლებელიო. წასვლა-წამოსვლა უნდა, დედაჩემი უნდა მივიყვანო ნოტარიუსთან. მერე ერთად დაგერიცხებათ, არ დაგეკარგებათო, მაგრამ ბოლო ორი თვე საერთოდ არაფერი აგვიღია. ყველა რაღაც საბუთებს ავსებს, ყველა თითქოს გვეხმარება, მერე გპასუხობენ, კანონია ასეთიო. ვერ გამიგია, რას ნიშნავს კანონი? რა უნდა იმას, რომ ადამიანს უთხრა, დროზე მოაწესრიგე საბუთი, თორემ პენსიას ვეღარ მიიღებო, ან თუ თურქეთში წასვლა დანაშაულია, ესეც ხომ შეიძლებოდა დროზე ეთქვათ და ამოეწერებოდა ოჯახიდან უფროსი ბიჭი.

სოციალური აგენტები ორი თვის წინაც იყვნენ, უფროსი შვილი რომ ამოვწერეთ, ხელახლა გადაგვამოწმეს. მერე სააგენტოში ჩავედი და მითხრეს, მაინც მაღალი ქულები გაქვთ, ვერ მიიღებთ დახმარებასო. აღარ მომიკითხავს, რამდენი იყო ქულა, რა მნიშვნელობა ჰქონდა?...

აქამდე აჭარაში ყოველთვის ყველაზე დაბალი ქულა მე მქონდა. მანამდე ვფიქრობდი, ისევ მომცემენ დახმარებას-მეთქი და მაღაზიებიდან ვსესხულობდი საკვებს. ბანკის ვალებიც მაქვს. მერე მე რომ აღარ მომცეს სესხი, ნათესავს ვთხოვე და იმან გამომიტანა ფული ბანკიდან. ყველგან ვალი მაქვს, მრცხვენია... ვიმალები.

დახმარება თვეში 520 ლარი გამოდიოდა წინა წლის დეკემბრამდე. მყოფნიდა, შიმშილზე აღარ ვდარდობდი, ახლა... დაახლოებით 3 ათასი ლარი მაქვს ახლა ვალი. ჯანმრთლების მდგომარეობა მძიმე მაქვს, თუმცა ახლა არავითარ მედიკამენტს არ ვიღებ. წამლის კი არა, ბავშვების საჭმლის ფულიც აღარ გვაქვს. საავადმყოფოში არ შემიშვეს, უფასოდ ვერ მოგემსახურებით, ფული უნდა გადაიხადოო. უბნის ექიმმა ასე მითხრა, პოლისი არ გაქვთ და უფასო მარტო პენსიონერს ერგებაო.

„ფოტოგრაფობა მინდოდა... სახლში ვამჟღავნებდი ფოტოებს“

ბავშვობაში ფოტოგრაფობა მინდოდა... სახელოსნოც მქონდა მოწყობილი, ყველაფერი მქონდა. ახლაც, სახლის ზედა სართულზე, სადაც ხშირად წვიმა ჩამოდის, ჩემი შავ-თეთრი ფოტოები მაქვს გამოფენილი. იქ მაშინ ავდივარ, როცა ძალიან გადაღლილი ვარ ცხოვრებისგან...

„ზენიტი“ მქონდა ახალგამოსული, იმით ვიღებდი ფოტოებს. ძირითადად მეზობლებს ვუღებდი, არ ვყიდდი, ისე ვარიგებდი. მახსოვს, ჯერ წითელ სითხეში ჩავდებდი ფირს, მერე თეთრში, მერე წყალში ამოვავლებდი და თოკზე გავკიდებდი. ის „ზენიტი“ თურქეთში გავყიდე გაჭირვების დროს. მას მერე ფოტოაპარტი აღარ მქონია...

მერე რატომ დავივიწყე? არ დამვიწყებია, უბრალოდ, მაგის დრო აღარ იყო. მერე სულ ვმუშაობდი ყანა-ბახჩებში. ნევროზი მომერია... ოცნება ბევრი მქონდა. სპორტული კომენტატორობაც მინდოდა, მუსიკაც მიყვარდა ძალიან... ვერაფერს მივაღწიე.

„ის, რომ ადამიანი გვეცოდება, არ არის მისთვის შესაბამისი ქულის მინიჭების საფუძველი“

ზაირა მელაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე:

ვანაძეების ოჯახი ბოლოს ივნისის თვეში შევისწავლეთ. მას 72 ათასი ქულა დაუფიქსირდა. რომ ვიცოდე, რაზე აქვთ პრობლემა, უფრო ზუსტად გიპასუხებდით.. ვგულისხმობ იმას, რომ მათ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაასახელეს ელექტროენერგიის გადახდის - თვეში 26 ლარი. ეს მონაცემი ელექტრონულ ბაზაშიც დადასტურდა.

გარდა ამისა, ოთარ ვანაძემ არ მიაწოდა ინფორმაცია აგენტს, რა არის მათი ძირითადი შემოსავალი, რით ირჩენენ თავს. დეკლარაციის მიხედვით, ამჟამად ოჯახში სულ 6 წევრია, აქედან ერთი პენსიონერია და ის იღებს ყოველთვიურად 180 ლარს. ოჯახში სამი ბავშვია. ბატონ ოთარს ჰქონდა მეორე ჯგუფის ინვალიდობა, ამას გიდასტურებთ, მაგრამ ეს იყო ვადიანი და შეუწყდა. რატომ ვერ მოახერხა სტატუსის გაგრძელება, არ ვიცი. ოჯახს ასევე აქვს 2 ათას კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი.

ქულა განსაზღვრავს ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენც ხშირად ვართ ხოლმე მორალურად მძიმე სიტუაციაში, მაგრამ ის, რომ ადამიანი გვეცოდება, არაა მისთვის შესაბამისი ქულის მინიჭების საფუძველი... რადგანაც ქულა 100 ათასამდეა, აგვისტოდან ამ ოჯახში მცხოვრები სამივე ბავშვი მიიღებს თვეში 10-10 ლარს. რატომ ვერ მოხერხდა ამ დახმარების მიწოდება დღემდე? - კანონში ასეა გაწერილი, პარლამენტმა დაადგინა და ჩვენ ვერ შევცვლიდით. ეს ოჯახი ყოველი თვის 20 რიცხვში ბავშვებისთვის გამოყოფილ 30 ლარს მიიღებს. მეტს ვერაფერს გეტყვით.

რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად

გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის 2013 წლის კვლევით საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. როგორ უპასუხა ამ კვლევას სახელმწიფომ და შეამცირა თუ არა გადადგმულმა ნაბიჯებმა ბავშვთა სიღარიბე?

პროექტის "უხილავების ზეპირი ისტორიები და დისკუსია" ფარგლებში ბავშვთა სიღარიბის საკითხებზე ნეტგაზეთის სტუდიის სტუმრები არიან თინა ბაუმი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი და ნუცი ოდიშარია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პროექტი "უჩინარები", ნეტგაზეთი, 2016

Leave a Reply

Your email address will not be published.