რასიზმი საქართველოში და სიყვარულის დამალული ისტორია

ელენე ხაჭაპურიძე, დათო ქოქოშვილი, კონსტანტინე სტალინსკი, ფოტო: EPA, netgazeti.ge

19.09.2016

პროექტი "უხილავების ზეპირი ისტორიები და დისკუსია"

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფოტოებიც გადაუღიათ და მოუძახებიათ- შე ბოზო.. ნახე, ვისთან ერთად არის”, - ამბობს თბილისში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი გოგო, რომელსაც ერაყელი შეყვარებული ჰყავს. 21 წლის ერაყელი სტუდენტი ყვება, რომ საქართველოში რასიზმს ყველაზე მძაფრად მაშინ წააწყდა, როცა ქართველი გოგო შეუყვარდა.

ისინი ნეტგაზეთთან თავიანთ ისტორიას ანონიმურად ყვებიან, ნეტგაზეთის სტუდიაში კი რასიზმზე საუბრობენ რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი სალომე ასათიანი და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა ჭითანავა.

ცხოვრება ერაყში

ფოტო: ერაყი, 2016

ერაყიდან ვარ, ბაღდადიდან. ოჯახში ყველაზე პატარა ვარ და 3 ძმა და და მყავს. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, სულ ბაღდადში ვცხოვრობდი.

დედაჩემი მათემატიკისა და ინგლისურის მასწავლებელია, თუმცა სამსახურიდან შვილების გამო წამოვიდა, ჩემი ძმა ინგლისურს კარგად ფლობს, თუმცა სამსახურის პოვნა იოლი არ იყო, მთავრობაში ვინმე უნდა გყოლოდა, ვინც დაგასაქმებდა. ერთი წელი უმუშევარი იყო სახლში და ბოლოს ამერიკულ არმიაში ჯარისკაცებისთვის მთარგმნელად დაიწყო მუშაობა. ძალიან კარგად უხდიდნენ და მისი ფულით ვცხოვრობდით.

სკოლის პერიოდი ნორმალურად მახსენდება, მაგრამ ასევე მახსოვს შიში, რომ შეიძლება რაღაც ცუდი დამემართოს. არასდროს იცი, როდის ან სად შეიძლება ჩამოვარდეს ბომბი, შეიძლება სეირნობდე და რამე აფეთქდეს.

2007 წელს სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირებამ რადიკალური სახე მიიღო. ჩვენი საცხოვრებელი ადგილის დატოვებაც კი მოგვიხდა. ზოგადად მშვიდ დასახლებაში ვცხოვრობდით, სადაც ძირითადად ბიზნესმენები, მასწავლებლები და ექიმები ცხოვრობდნენ. გარემო ძალიან მრავალფეროვანი გვქონდა. სუნიტებიც, შიიტებიც, ქრისტიანებიც ერთად ვცხოვრობდით. ჩემი საუკეთესო მეგობარი ქრისტიანი იყო. სკოლაში ერთად დავდიოდით. დაპირისპირების დაწყებიდან მესიჯების გავრცელება დაიწყეს, რომ თუ მშობლიურ სახლს არ დავტოვებდით, დაგვხოცავდნენ. გადასვლამდე სკოლის გამოცდები უნდა ჩამებარებინა. ჩვენს დასახლებაში უკვე თითქმის აღარავინ ცხოვრობდა. სკოლამდე საკმაოდ დიდი მანძილის გავლა მიწევდა. მახსოვს ცარიელი სახლები, სხვა პლანეტა იყო - მხოლოდ ძაღლები და ცარიელი სახლები ღია კარით.

საბოლოოდ ჩვენი სახლი დავტოვეთ. შიიტების უბანში გადავედით და თითქოს ისევ ნორმალურად დავიწყეთ ცხოვრება, რა თქმა უნდა, სროლა კვლავ იყო, აფეთქებებიც. ერთხელ ჩემი ველოსიპედით სკოლაში მივდიოდი, ქუჩაში სამხედრო მანქანები იდგა, პირველ მანქანასთან ბომბი აფეთდა, მეორე მანქანიდან კი უცებ სროლა დაიწყეს, მათ შორის მეც მესროდნენ, რადგან ქუჩაში ბევრი ხალხი არ იყო. ველოსიპედი დავაგდე და სახლის მიმართულებით გავიქეცი, რომ დავმალულიყავი. ისეთი სიტუაცია იყო, გვამები ქუჩაში ეყარა და ყოველდღე, როცა სკოლაში დავდიოდით, ამას ვხედავდით, შევეჩვიეთ კიდევაც.

ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე

ფოტო: აფეთქება ბაღდადში

მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი სკოლიდან ვბრუნდებოდით. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღეა. ჩემს მეგობარს მარკეტში რაღაცის ყიდვა მოუნდა, ჩვენი მარკეტის მოპირდაპირე მხარეს ვიდექით, იქვე მანქანა იდგა, რომელშიც ბომბი იყო დამონტაჟებული. მთხოვდა, წამოდი, ვიყიდოთ რამეო, მაგრამ უარი ვუთხარი, არ ვიცი, რატომ. ვუთხარი, რომ დაველოდებოდი. უცებ აფეთქების ხმა გაისმა, ყურებს ვეღარ ვგრძნობდი, ძირს დავვარდი, ირგვლივ სულ ფერფლი იყო, ჩემს ირგვლივ მანქანის და სხვადასხვა საგნების ნაწილები ეყარა. რამდენიმე ნაწილი მომხვდა კიდეც, სახე დამეწვა, სისხლი მდიოდა, უბრალოდ, შოკირებული ვიყავი. შემდეგ საავადმყოფოში გადამიყვანეს, ჩემი მეგობარი კი დაიღუპა. ჩემს მშობლებსაც დაღუპული ვეგონე, შემდეგ სავადმყოფოდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ცოცხალი ვარ. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე იყო, ამის შემდეგ სკოლაში 2 თვე ვერ დავდიოდი. ჩვენ მართლა საუკეთესო მგობრები ვიყავით, სულ ერთად ვატარებდით დროს…

2010 წელს ჩვენს სახლში დავუბრუნდით. 2013 წელს სკოლა დავამთავრე და საქართველოში ჩამოვედი სწავლის გასაგრძელებლად.

საქართველო ევროპული ქვეყანა მეგონა

ფოტო: წარწერა თბილისის ერთ-ერთ გადასასვლეში

დედაჩემმა მითხრა, რომ საქართველოში უნდა წავსულიყავი. რადგან უკვე ISIS-ის გამო ერაყში სიტუაცია კვლავ გაუარესდა. ეს მაინცდამაინც ბაღდადში არ ხდება, მაგრამ ისინი ქალაქ მუსოს აკონტროლებენ. მკითხეს, რომელ ქვეყანაში მინდოდა, რომ მესწავლა, ევროპა ავირჩიე.

საქართველო მამაჩემმა აარჩია. ის ბევრს მოგზაურობდა, რუსეთში, აზერბაიჯანში ნამყოფია და ეს რეგიონი შეარჩია. 2013 წლამდე საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი, თავიდან, როცა ეს ქვეყანა შემომთავაზეს, მეგონა, ამერიკას გულისხმობდნენ. შემდეგ მითხრეს, რომ ეს ქვეყანა ევროპაშია.

ჩემი ლეპტოპი მოვიტანე და გუგლის მეშვეობით თბილისი და ბათუმი ვნახე. ვნახე ისიც, თუ რა მშვენიერი ბუნებაა აქ. და ვთქვი, რომ წავიდოდი, რომ მომეწონა. ძალიან მიხაროდა აქ ჩამოსვლა. ვფიქრობდი, რომ ევროპულ ქვეყანაში ჩამოვდიოდი.

თავიდან თავს კარგად ვგრძნობდი. ერთი ბიჭი გავიცანი, გუგა. ერთად დავდიოდით, ვმეგობრობდით, ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ შეიცვალა. ყოველთვის ფულს მთხოვდა, მეუბნებოდა, რომ ბაბუამისი ავადაა და 100 ლარი სჭირდება, ვეუბნებოდი, რომ სიამოვნებით დავეხმარებოდი, მაგრამ როცა ვთავაზობდი, ბაბუას ვინახულებ-მეთქი, მეუბნებოდა, რომ ვერ შევძლებდი. უბრალოდ, ფული მომეციო, მთხოვდა. როდესაც ფული მივეცი, შემდეგ აღარ გამოჩენილა, არც დაურეკავს, ფეისბუქიდან წამშალა. შემდეგ სხვა ქართველებმა მითხრეს, რომ ასეთი ტიპები უბრალოდ სარგებელს ეძებენ. ფიქრობენ, რომ რადგან არაბი ხარ, აუცილებლად მდიდარი ხარ.

თავიდან ჩავთვალე, რომ ეს მხოლოდ ერთი ადამიანია, რომ ყველა ასეთი არაა. თუმცა შემდეგ უნივერსიტეტში გოგონები გავიცანი. მათ მითხრეს, რომ სათანადოდ არ ვიცნობდი საქართველოს, რომ ფრთხილად უნდა ვიყო, ყველა კეთილგანწყობილი არაა. ისინი დამეხმარნენ, ბევრი რამ მასწავლეს. საქართველო ევროპული ქვეყანა მეგონა, მაგრამ აქაც რასიზმს წავაწყდი.

რასიზმი

თავიდან ქართული არ ვიცოდი, ახლა ბევრი რამე მესმის, მაგრამ საუბარი არ შემიძლია. ძირითადად გოგონებთან ვმეგობრობთ, ქართველი ბიჭები უცხოელებით მაინცდამაინც არ ინტერესდებიან. როცა სამეგობრო ვიკრიბებით, არაბები და ქართველი გოგონები და, ვთქვათ, სადმე რესტორანში ვვახშმობთ, გვესმის ხოლმე ქართველი ბიჭების საუბარი. რატომ სხედან ქართველი ქალები არაბებთან ერთად. ბოზები…

ერთხელ ბანკში შევედი, უნივერსიტეტში სწავლის საფასური უნდა გადამეხადა, ვიღაც ტიპი მოვიდა და განაცხადა, რომ ჩემ უკან არ დადგებოდა, წინ ჩამიდგა და რიგი დაარღვია. როცა ვუთხარი, რას აკეთებთ-მეთქი, დაახვიეო. ბანკის თანამშრომლებს მივმართე, მაგრამ ვერ ჩავერევითო.

ერთი ისტორია მე და ჩემს მეგობარს შეგვემთხვა ერთად. ვიღაც ტიპმა ფეხზე დააფურთხა, გავიგონეთ, სიტყვა არაბი ახსენა. შევატყვეთ, რომ ჩვენთან ჩხუბი უნდოდა, მაგრამ შევძელი და ჩემი მეგობარი შევაკავე და სასწრაფოდ გავეცალეთ ამ ტიპს. ასეთი ამბები ყოველდღე ხდება.

პეკინზე ვცხოვრობთ მე და ჩემი ორი მეგობარი. მეზობლები არ გვეკონტაქტებიან, გამარჯობას არ გვეუბნებიან. მაინც ვფიქრობ, რომ ეს კანის ფერის და რელიგიური განსხვავებულობის გამოა. ქართველები თვლიან, რომ ისინი უპირტესი არიან სხვა ერებთან შედარებით. აქ ადამიანებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა ენახათ, როგორ ცხოვრობენ სხვა კულტურის ადამინები და ეს ამის გამოცაა.

ერთხელ ჩემი მეგობარი კაფეტერიაში იჯდა. როცა თეფშს დებდა, კაფეტერიის თანამშრომელს გამოელაპარაკა, საუბარში ვაიმე დედაო- თქვა, ამ ბიჭებს კი ეგონათ, რომ შეაგინა და საშინელი ჩხუბი დაიწყო. სკამებით სცემდნენ. პოლიცია არ ჩარეულა, მაგრამ ეს ტიპები გარიცხეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ უნივერსიტეტში.

ერთ-ერთმა ბანკმა უარი განმიცხადა, ჩემთვის გამოგზავნილი ფული მოეცა. ერთხელ, როდესაც ბინის დასაქირავებლად ფული გამომიგზავნეს, ბანკში გვითხრეს, რომ ამ თანხას ვერ მოგვცემდნენ. როცა მიზეზი ვკითხეთ, არ გვიპასუხეს. შემდეგ ფორმის შევსება გვთხოვეს. ვუთხარი, მენეჯერს დამალაპარაკეთ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს. შემდეგ დავადგინე ისეთი საფინანსო კომპანია, რომელიც არ შემიქმნიდა ამგვარ პრობლემას და ახლა იქ ვიღებ ფულს.

ადამიანის არჩევანი არაა მისი კანის ფერი - დამალული სიყვარული

ფოტოზე: უცნობი ფრანგი არტისტის ნამუშევარი, მექსიკაში, რასიზმი წინააღმდეგ გამართულ გამოფენა

მე ქართველი შეყვარებული მყავს - მარი. სანამ გამიცნობდა, ისიც სტერეოტიპულად ფიქრობდა, რომ არაბები ცუდები ან ძალიან რელიგიურები არიან. როდესაც შეხვედრები დავიწყეთ, მის მეგობრებს არ სურდათ, რომ ჩემთან ერთად სადმე წამოსულიყო. ეუბნებოდნენ, რომ რამეს დავუშავებდი. მარიმ თანდათან დაინახა, რომ ჩვენ უფრო ვგავართ ერთმანეთს, ვიდრე განვსხვავდებით, რომ ჩვენც ვიცინით, ერთ ჰაერს ვსუნთქავთ. ვსაუბრობდით, რომ რასიზმი ყველაგანაა, ადამიანის არჩევანი არაა მისი კანის ფერი. შენ ასეთი იბადები და სხვა ადამიანებმა ეს უნდა მიიღონ, ასე შეგვიყვარდა ერთმანეთი და 2 წელია ერთად ვართ.

მის ოჯახის წევრებს არასდროს შევხვედრივარ რასისტული დამოკიდებულების გამო. მარის ძმა პოლიციაში მუშაობს. თვითონ ამბობს, რომ მისი ძმა ძალიან “ქართველია”. ჩვენ ახლაც საიდუმლოდ ვხვდებით ერთმანეთს. მარი დარწმუნებულია, რომ მის მშობლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ.

მართლა არ ვიცი, როგორ აპირებს ამ საკითხის მოგვარებას. მე არ მგონია, რომ მისი ძმის და მშობლების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით ოდესმე შეიცვლება. თვითონ ამბობს, რომ რამდენჯერაც სცადა საუბრის წამოწყება, დედა ყოველთვის კატეგორიულია.

მარი [სახელი შეცვლილია]

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფოტოებიც გადაუღიათ, მოუძახებიათ- შე ბოზო, ნახე, ვისთან ერთად არის. არავის საქმე არაა, ვის ჩავეხუტები, მაგრამ ისეთი ვითარებაც არ ყოფილა, მაინცდამაინც შეყვარებულები ვგონებოდით. უბრალოდ, ვიდექით და ვსაუბრობდით, ვაგზლის მოედანზე ჩავდიოდით. ვიღაც ბიჭი მეორეს ეუბნება, ისე დაეცნენ ქართველები, უყურე, ეს ბოზი გოგო ვისთან დგას, ფუ, ჩემიო. ეს პირველი შემთხვევა იყო, მაშინ ახალი გაცნობილი მყავდა და ჯერ მხოლოდ მეგობრები ვიყავით. მაშინ შევეჯახე ასეთ სიტუაციას პირველად, მანამდე არც ვიცოდი, რა ხდებოდა.

უკვე ვამჩნევ, რომ გარეთ გასვლა არ უნდა. ხალხის დამოკიდებულება აკომპლექსებს, მეუბნება, რომ თავს თავისუფლად ვერ გრძნობს, არ შემიძლია ხელი ჩაგკიდო და შენთან ერთად ვისეირნოო.

მგონია, რომ ეს ყველაფერი კანის ფერს უკავშირდება. უნივერსიტეტში ბევრი უცხოელი სწავლობს, მაგრამ მხოლოდ არაბების და ნიგერიელების მიმართ ვლინდება ასეთი დამოკიდებულება. ჩემი დეიდაშვილი საერთოდ ამერიკელის ცოლია, მაგრამ ამერიკელი და ევროპელი არ ქმნის პრობლემას.

რასისტული ენა საჯარო სივრცეში

ფრანგი ფოტოგრაფის ფოტონამუშევარი "ადგილობრივი/არა ადგილობრივი" , მექსიკაში, რასიზმი წინააღმდეგ გამართულ გამოფენა, 2016

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, არ არსებობს ოფიციალური მონაცემები საქართველოში რასისტული ენის გამოყენების შესახებ. თუმცა ანგარიშში მოყვანილია რამდენიმე გახმაურებული მაგალითი, რომელიც რასისტული რიტორიკით გამოირჩევა:

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ ავდალიანმა 2014 წლის მარტში განაცხადა, რომ აფრიკელებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის განსხვავებული კრიტერიუმები უნდა არსებობდეს, „რადგან ჩვენ ვვითარდებით და ნამდვილად არ გვჭირდება დამატებითი მუქთამჭამელები“ ;

2012 წლის ოქტომბერში ასევე საჯაროდ გავრცელდა ვიდეო, სადაც დავით დარახველიძე შემდგომში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, რასისტული შინაარსის განცხადებას აკეთებს. ამბობს, რომ „ყველა ზანგი, რომელსაც თბილისში შეხვდებით, მოქალაქეა. ასე არიან ინდოელები და ჩინელებიც“, „საქართველო ქართველებისთვის უნდა იყოს“;

2010 წლის ივლისში ფინანსთა მინისტრთან საუბრისას მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რასისტული კომენტარი გააკეთა შავკანიანი ადამიანების მიმართ: „ჩვენ ზანგები ვართ თუ რა? აბა, ამიხსენით, რატომ ვიქცევით ასე ველურებივით?“

რასიზმთან სამართლებრივი ბრძოლა

საქართველოს კანონმდებლობით რასიზმის გამოვლენა და მასზე რეაგირება ორი კანონის ფარგლებშია შესაძლებელი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომელის 53-ე მუხლში 2012 წელს ცვლილებები შევიდა და დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს რასობრივ, რელიგიურ, ეროვნულ, ეთნიკურ, ჰომოფობიურ თუ ტრანსფობიურ შეუწყნარებლობას. ამ ცვლილებით შესრულდა ECRI-ის 2010 წლის რეკომენდაცია.

2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. დისკრიმინაციის საფუძვლებს შორისაა რასა, კანის ფერი, ენა, მოქალაქეობა, წარმოშობა, რელიგია ან რწმენა, ეროვნება, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობა, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა.


რეკომენდაციები საქართველოსთვის:

რასობრივი შეურაცხყოფა, რასიზმის ან რასობრივი იდეოლოგიის ნიშნით საჯარო გამოსვლა, რომელიც აღიარებს რასობრივ უპირატესობას, რასიზმის ნიშნის მატარებელი გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ან ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა საჯარო უარყოფა, გაბიაბრუება, გამართლება ან შეგუება და რასობრივი დისკრიმინაციის გამოვლენა სახელმწიფო მოხელეთა მიერ მათი საქმიანობის განხორციელებისას სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადოს;

კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ დაუმატოს სეგრეგაცია, საჯარო სამსახურების ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა დაიცვან მხარეებმაც, რომლებიც მათგან იღებენ კონტრაქტს, სესხებს, გრანტებს ან რაიმე სხვა სარგებელს, დისკრიმინაციის შემთხვევებზე სასამართლოსთვის მიმართვისას დაჩქარებული პროცედურის შესაძლებლობა;

რასიზმის ხელშემწყობი ნებისმიერი ორგანიზაციისათვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის ან მათი დახურვის, ან გაუქმების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებას;

კერძო პირებსა და ორგანიზაციებს ჰქონდეთ ვალდებულება, სახალხო დამცველს წარუდგინონ საჭირო მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს უფლება, მიმართოს სასამართლოს კონკრეტული მსხვერპლის მითითების გარეშე, ზოგადი ინტერესის საფუძველზე;

შექმნას რასისტული შინაარსისა და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენის მონიტორინგის ქმედითი სისტემა;

ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს კონვენციის დამატებით ოქმს, რომელიც ეხება რასისტულ და ქსენოფობიურ ქმედებათა კრიმინალიზაციას, ჩადენილს კომპიუტერული სისტემების საშუალებით, და მისი რატიფიცირება მოახდინოს;

იძლევა რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შექმნას პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც საგანგებოდ იმუშავებს რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულებზე.

დისკუსია - როგორ უნდა ვებრძოლოთ რასიზმს?

რა აღვივებს რასიზმს საქართველოში და როგორ უნდა დაუპირისპირდეს მას საზოგადოება? ნეტგაზეთის სტუმრები არიან რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი სალომე ასათიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა ჭითანავა.

პროექტი "უჩინარები", ნეტგაზეთი, 2016

Leave a Reply

Your email address will not be published.