მე მუსლიმი ვარ და არა ტერორისტი

ელენე ხაჭაპურიძე, დათო ქოქოშვილი, კონსტანტინე სტალინსკი

13.09.2016

პროექტი "უჩინარები", ნეტგაზეთი, 2016

2014 წლის ივნისიდან, მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ ხალიფატი გამოაცხადა, მსოფლიოს 29 ქვეყანაში, სირიისა და ერაყის გარდა, 140 ტერორისტული თავდასხმა მოაწყო. ტერორისტული აქტების ზრდასთან ერთად, ევროპაში ისლამოფობიაც გაძლიერდა. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? როგორ ცხოვრობენ და რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება ქართველ მუსლიმებს?

21 წლის მაია რიჟვაძე ამბობს, რომ ისლამი მისთვის თავისუფლებაა, ირგვლივ მყოფებს კი მუდმივად არწმუნებს, რომ მუსლიმი და ტერორისტი ერთი და იგივე არაა. ისლამის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას განსაკუთრებულდ თბილისში წააწყდა, როცა 17 წლის ხულოდან დედაქალაქში სასწავლებლად წამოვიდა. „თვითმკვლელ ღვთისმშობელზე“, „შარლი ებდოზე“ „ისლამურ სახელმწიფოზე“ შარჟსა და კრიტიკაზე მაია თავისი გამოცდილების საფუძველზე გვესაუბრება.

“მაია, უკვე სწორ გზას დაადექი?”

მუსლიმი ადამიანების გარემოში ვიზრდებოდი, და ბავშვობიდან მესმოდა, რომ მუსლიმი ვარ. 5 წლიდან უკვე რელიგიურ რიტუალებზე დავდიოდი და ბებიასთან ერთად ვლოცულობდი თუ პატარა ხარ და ლოცვა არ იცი, კონკრეტული ფრაზა არსებობს და მისი დახმარებით ლოცულობ.

1995 წელს მაღალმთიან აჭარაში, ხულოში დავიბადე. დედა და მამა ახლაც იქ ცხოვრობენ. დედა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, მამას კერძო ბიზნესი აქვს, ტექნიკის მაღაზია ხულოში. მყავს უცროსი ძმა და ბიძაშვილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა გაზარდა. ბიძაჩემს და ბიცოლაჩემს მუსლიმურ-ქრისტიანული ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ დაშორდნენ, ერთი შვილი დედამ წაიყვანა, მეორე კი მამასთან დარჩა. ჩემი ბიძაშვილის დედა და ძმაც ქრისტიანია, ჩემი ბიძაშვილი მუსლიმია, მაგრამ აპირებს, რომ ქრისტიანად მოინათლოს. ზოგადად, ისლამის თანახმად, ქალს არ აქვს უფლება ქრისტიანზე დაქორწინდეს, კაცს ეს შეუძლია, თუმცა იმ პირობით, თუ ცოლიც მიიღებს ისლამს. მე პრობლემას ვერ ვხედავ მუსლიმისა და ქრისტიანის თანაცხოვრებაში. თუ შემიყვარდება ქრისტიანი ბიჭი, ცოლად გავყვები, ოღონდ იმ პირობით, თუ პატივს სცემს ჩემს რელიგიას და რიტუალებს,- მარხვა, ლოცვა და ასე შემდეგ, მეც გამოვაცხობ პასქას აღდგომას და პატივს ვცემ მის მრწამსს.

ყიბლე არის მიმართულება რომლისკენაც უნდა გასწორდე ნამაზის (ლოცვის) შესრულების დროს. ნამაზი ისლამში სავადებულო ლოცვის სახელწოდება, რომელიც დღეში ხუთჯერ (საბახნამაზი, ევლა , იქინდი, ახშანამაზი და იასი) უნდაა შეასრულოს მუსლიმმა, ჩვენთვის , ისლამის მიმდევრებისთვის ნამაზი არის ღვთისა და მლოცველს შორის პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალება .დროის გამო ყველა ლოცვას ვერ ვასრულებ, მაგრამ მყავს მეგობრები, რომლებსაც ქუჩაშიც კი ულოცავთ, იმიტომ რომ ნამაზის დრო იყო. ისლამში ლოცვა მუხლების მიხედვითაა - ფარძი და სუნეთი.

ლოცვამდე აუცილებელია აბდესი, იგივე განწმენდა, ნებისმიერ მუსლიმი, რომელიც სალოცავად უნდა დადგეს, აბდესიანი უნდა იყოს, რადგან ისლამში სისუფთავე არ არის მხოლოდ ფიზიკური ჭუჭყისგან გასუფთავება, არამედ იგი სულიერი მდგომარეობის სისუფთავესაც გულისხმობს. რიტუალის თანახმად, თანმიმდევრობით უნდა დაიბანო, სახე, ხელები და ა.შ. არსებობს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც შლის აბდესს - ბილწსიტყვაობა, ტუალეტში შესვლა, ასეთ შემთხვევაში აბდესი უნდა განაახლო.

ლოცვის მოსვლას ეზანი გვაუწყებს, ეზანი განსაკუთრებული სიტყვებით ნამაზის დროებში იკითხება, რომლის მიზანია ხალხს ლოცვის დროის დადგომა ამცნოს. მე ძალიან მიყვარს დღის ის პერიოდი , როცა მინარაში მოლლას მიერ წაკითხული, ლოცვა ისმის. ეს ბედნიერება ძირითადად მაშინ მაქვს, ხოლმე, როცა სოფლად ვარ.

ხულოს საჯარო სკოლა დავამთავრე, ქრისტიანი მეგობრებიც მყავდა, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ, თუმცა 90 % მუსლიმი იყო. ჩვენი სკოლის გვერდით არის სკოლა-გიმნაზია, იქ პირიქითაა. სკოლის პერიოდში მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანურ დონეზე ვაფასებდით ერთმანეთს, თან ხულო პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს. ამიტომ რელიგიის გამო უარყოფითი დამოკიდებულება არ მიგრძვნია. ბოლოს რაც მახსენდება, გერმანულის მასწავლბელს უკავშირდება. სკოლას რომ ვამთავრებდით, ქრისტიან მეგობრებთან ერთად ეკლესიის მოსალოცად წავედი. ფოტო რომ დავდე ფეისბუქზე, ჩემმა მასწავლებელმა დაწერა - მაია, უკვე სწორ გზას დაადექიო? ეს ადამიანი თავადაც მუსლიმი იყო, მაგრამ ქრისტიანი გახდა ბოლო რამდენიმე წელია. უბრალოდ, ვუპასუხე, რომ ეკლესიის მოსალოცად ვიყავი. საჯაროდ რელიგიურ თემაზე კონფლიქტი საჭიროდ არ ჩავთვალე.

ჩვენ სკოლაში ლოცვას არ ასრულებდნენ. ჩემი მეგობარი გიორგი მუსლიმია და ის ჩვენ გვერდით მდებარე გიმნაზიაში სწავლობდა. ამ სკოლას მეუფე სპირიდონი მართავს, შესაბამისად, იქ ყოვედღე ქრისტიანულად ლოცულობდნენ და გიორგიც მათთან ერთად ლოცულობდა. ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე და მეუბნება, რომ თავიდან პროტესტი ხშირად უჩნდებოდა, მაგრამ გაუცნობიერებლად და ინერციით ვაკეთებდიო.

პირველი დაპირისპირება რელიგიის გამო

2007 წელს დებატების საგანმანათლებლო ასოციაციამ დუშეთში “დებატ-ბანაკი” მოაწყო. მერვეკლასელი ვიყავი, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, და არც საკუთარი რელიგიის საჯაროდ დაცვა შემეძლო. თან ასეთ განხვავებულ გარემოში მანამდე არც ვყოფილვარ. მოკლედ, არ მეგონა, თუ ადამიანები რელიგიის გამო ასე დამიპირსპირდებოდნენ და გამრიყავდნენ.

“დებატ-ბანაკში” პირველად მოიწია ხმამაღლა თქმა, რომ მუსლიმი ვარ. რელიგიაზე ვსაუბრობდით. ერთ-ერთმა ბიჭმა თქვა - არ მესმის, მუსლიმები რატომ არიან ამ რელიგიის მიმდევრები, თავადაც არ ესმით, რას ლოცულობენო, რადგან ჩვენ არაბულად ვლოცულობთ. იქაურობა დავტოვე და ვიტირე. შემდეგ ბანაკის უფროსი შემოვიდა და მკითხა, რა ხდებოდა. რომ მოვუყეევი, მთელი ბანაკი შეკრიბა, სადაც საჯაროდ თქვა, რომ მე მუსლიმი ვარ და მაგარი გოგო ვარ, რადგან 40 ადამიანში სადაც 39 ქრისტიანია, ხმამაღლა ვთქვი ჩემი რელიგიური მრწამსის შესახებ.

მოგვიანებით მე და იმ ბიჭმაც ვისაუბრეთ, ახლაც ხშირად ამბობს, რომ მისთვის მე ვიყავი პირველი რევოლუცია, მანამდე სულ ქრისტიანების გარემოცვაში ვიყავი და განსხვავებული რელიგიის წარმომადგენელთან შეხება არ მქონიაო. შეიცვალა-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ასეთ კომენტარებს აღარ აკეთებს.

დედაჩემიც ჩემთან ერთად იყო, მაგრამ ამ შემთხვევას არ შესწრებია. შემდეგ, როდესაც ტრენერებმა, დედაჩემიც ერთ-ერთი მათგანი იყო, ეს შემთხვევა განიხილეს, მითხრა, რომ ამ საკითხზე სახლში უფრო ვრცლად მესუბრებოდა. მაშინაც და შემდეგაც მე და დედას ხშირად გვისაუბრია რელიგიის შესახებ. ხშირად უთქვამს, რომ თუ სრულწლოვანების შემდეგ გაქრისტიანება მომინდებოდა, წინააღმდეგი არ იქნებოდა. ოღონდ შეისწავლე, გაიგე, რა გინდა და რატომ გინდაო. დედაჩემი თავისუფალი ადამიანია და მე ამას რელიგიას ვუკავშირებ . ხშირად უთქვამს, რომ ისლამი თავისუფლებაა მისთვის, ამიტომ ვიღაცის ხათრით, ან ძალით მუსლიმობა მისთვის მიუღებელია.

რატომ ვარ მუსლიმი

ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ საზაფხულო გოგონათა პანსიონატში წავედი, ბეშუმში აგარაკზე იყო მოწყობილი და ლოცვას ასწავლიდნენ. ბანაკში მომხდარმა გადამაწყვეტინა თეოლოგიური ცოდნის გამყარება. სიმართლე გითხრათ, დიდი ცოდნა არ მიმიღია, მაგრამ ლოცვა ვისწავლე. 15 წლის ვიყავი, როცა ერთი თვით ისევ წავედი გოგონათა პანსიონში, ამჯერად, ხულოში. იქ ვრჩებოდი. გოგონები დილით ადრე ვდგებოდით, ვლოცულობდით 6 საათზე, მარხვის პერიოდი დაემთხვა და ვმარხულობდით.. ლოცვის შემდეგ ისევ ვიძინებდით 8 საათამდე, 9 საათიდან კი გაკვეთილები იწყებოდა. ქალი ხოჯა მასწავლებლები იყვნენ. ვსწავლობდით ისლამის ისტორიას, არაბულ ანბანს, მუჰამედის ცხოვრებას, იესოს ისლამში და ა.შ. მაშინ მოხდა რეფორმები ჩემში. უკვე თამამად შემეძლო მეთქვა, რატომ ვარ მუსლიმი... ჩემნაირ ადამიანებს ვხედავდი, რომლებშიც ძალიან ბევრი მუხტი იყო. აქამდე ასეთ გარემოში არ ვყოფილვარ, ხშირად ვამბობდი დედაჩემთან, რომ ჩემი რეფორმირება მაშინ მოხდა. 20 გოგონა ვცხოვრობდით ერთად, ერთი ცხოვრებით ვცხოვრობდით, ერთად ვიღვიძებდით, როცა ისლამის შესახებ რაღაცებს ვსწავლობდით.

მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობაში ვარ რელიგიის გამო, დისკომფორტს არ განვიცდი. უფრო საზოგადოება მიქმნის დისკომფორტს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვარ მუსლიმი, პირველ რიგში, ეს გარემომ განაპირობა. თბილისში რომ დავბადებულიყავი, 90% იყო იმის შანსი, რომ მუსლიმი არ ვყოფილიყავი. შეიძლებოდა მართლმადიდებელი ვყოფილიყავი, ან კათოლიკე, ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი - ბუდისტი, მაგალითად, ან ათეისტი. თბილისში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან, აჭარაში კი, მხოლოდ მუსლიმები და ქრისტიანები.

ისლამი ჩემთვის თავისუფლებაა, არ მზღუდავს. მართალია, ქალებისთვის არსებობს შეზღუდვები - თავდაუფარავი სიარული ცოდვაა, ფრჩხილებზე ლაქის წასმა გვეკრძალება, მუსლიმ ქალს მოკლემკლავიანი სამოსი არ უნდა ეცვას, არც შარვალი. როდესაც თავზე გაფარია, მამაკაცისთვის მხოლოდ ხელის ჩამორთმევა შეგიძლია, გადაკოცნა არა. ისლამისთვის არ არსებობს არც აღსარება და არც ზიარება. მოლასთან არ მივდივართ და არ ვეუბნებით, რომ ეს ცოდვა ჩავიდინეთ და მონანიება გვსურს. ცოდვების გამოსყიდვა ლოცვითაა შესაძლებელი. შეზღუდვების მიუხედავად, ამ რელიგიის ქვეშ თავს კომფორტულად ვგრძნობ და, სიმართლე გითხრათ, კონკრეტული პასუხი არ მაქვს შეკითხვაზე, რატომ? ალბათ სულიერ თავისუფლებას ვპოულობ.

იმისთვის, რომ ეს შეზღუდვები მკაცრად დაიცვა, სხვა ძალა გჭირდება. თავდაფარული იმიტომ არ დავდივარ, რომ სათანადო ძალა არ მაქვს. მართალი გითხრათ, ისიც მგონია, რომ შესაძლოა ასე სიარულმა პრობლემები შემიქმნას, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ხშირად მითქვამს , რომ მუსლიმი ვარ და ამას არ ვმალავ, ქუჩაში როცა მივდივარ, ბუნებრივია, ამას გამვლელებს არ ვეუბნები. თავდაფარული თუ ვივლი, ჩემი რელიგიური აღმსარებლობა ყველასთვის ხილული გახდება. მაინც ვფიქრობ, რომ სხვა ძალაა ამისთვის საჭირო. მინახავს ადამიანები, რომლებსაც დაუფარავთ და მერე მოუხდიათ. მე კი მინდა, რომ ჩემი არჩევანი მყარი იყოს, ჯერ მზად არ ვარ, შეიძლება არც არასდროს ვიყო.

ისლამი ტერორიზმთან ასოცირდებაო

ჩემმა კურსელმა უარი თქვა ისლამის შესახებ პრეზენტაციისთვის მოესმინა

თბილისში მეგობრებთან ერთად ვიქირავე ბინა სადგურის მოედანზე - 3 გოგო ვხოვრობდით. ხშირად ერთადაც ვლოცულობდით. ერთ-ერთ მათგანს ლოცვაც ვასწავლე.

უნივერსიტეტის პირველ კურსზე არავისთან ვმეგობრობდი. არავინ იცოდა, რომ მუსლიმი ვარ. ერთ-ერთ სალექციო კურსზე რელიგიასთან დაკავშირებული პრეზენტაციები უნდა მოგვემზადებინა. ერთ-ერთი თანაკურსელი წამოდგა და თქვა, რომ ისლამის შესახებ პრეზენტაციას არ მოისმენდა იმ მიზეზით, რომ მისთვის ისლამი ტერორიზმთან ასოცირდებოდა. ამის შემდეგ 3-4 დღე საერთოდ არ მივსულვარ უნივერსიტეტში. ერთი ბიჭი სწავლობდა ილიაში, რომელიც ხულოდან იყო და იმას მოვუყევი მომხდარის შესახებ. ამიხსნა, რომ მსგავსი სიტუაციები ხშირად შეიძლებოდა ყოფილიყო, მზრუნველი მშობელივით დამარიგა, ჩემებისთვის არც მითქვამს, არ მინდოდა ენერვიულათ. დაახლოებით ვიცოდი ასეთი დამოკიდბულების შესახებ, მაგრამ აჭარაში ამაზე ასე ხმამაღლა არ საუბრობენ. იქ მუსლიმები და ქრისტიანები იმდენად ბუნებრივად და შეთანხმებულად ცხოვრობენ, გამორიცხულია, გვერდით მყოფი ტერორისტად აღიქვან.

ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ ექსკურსიაზე წავედით და ჩემს კურსელს დაველაპარაკე. მცხეთაში ვიყავით. პიკნიკის მსგავსი მოვაწყვეთ და მის გვერდით დავჯექი. არც მქონდა გადაწყვეტილი, რომ დავლაპარაკებოდი. ბუნებრივად მოხდა. მითხრა, რომ სტიქაროსანი იყო და დიდ დროს ატარებდა ეკლესიაში. ვუთხარი - შენი განცხადება ისლამთან დაკავშირებით კარგად მახსოვს და ასე რატომ ფიქრობ-მეთქი. მითხრა, დაუფიქრებლად ვთქვიო. არ მეგონა, თუ მართლმადიდებელი გააკეთებდა ისლამის შესახებ პრეზენტაციას, პროტესტის ნიშნად ავდექი, არ მსურდა მომესმინაო. სიმართლე გითხრა, დღესაც ტერორიზმთან ასოცირდებაო. მაშინ ახსენა შარლი ებდოც. მე კიდევ ვეუბნებოდი, რომ ისლამი თავისუფლებაა, სიყვარულია, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რაც ხდება. ფაქტია, რომ ისინი ისლამის სახელით ჩადიან ამ ყველაფერსო. მაშინ გავბედე და ვუთხარი, რომ მეც მუსლიმი ვარ. არ სჯეროდა. იმ დღეს ამ თემაზე არ გვისაუბრია. ერთი თვის შემდეგ დამელაპარაკა, ისლამის შესახებ კითხვებს მისვამდა. ბევრი რამ არასწორად იცოდა, დღეს ხშირად მეუბნება, რომ ადამიანები არ ვფიქრდებით იმაზე, რომ ისლამის სახელს ტერორიზმისთვის იყენებენო. მოკლედ, შევთანმდით, რომ არსებობენ რადიკალი და ჩვეულებრივი მუსლიმები. მიხარია, რომ ამ ადამიანის წარმოდგენა შეიცვალა. ამბობს, რომ ტერმინი რადიკალი მუსლიმი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ასეთ ადამიანებს ნუ უწოდებთ მუსლიმებსო.

უნივერსიტეტში ერთ გოგოსთან საქმიანი შეხვედრები მქონდა, ვმეგობრობდით კიდეც. როდესაც გაიგო, რომ მუსლიმი ვარ, ნელ-ნელა ჩამომშორდა. მართალია, მიზეზი არ უთქვამს, მაგრამ ვიცი, რომ რელიგიური აღმსარებლობის გამო დისტანცირდა ჩემგან. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს. ერთი ბიჭია კიდევ, სხვადასხვა პროექტებში ვიყავით ერთად, სტიქაროსანია. ჩემი თანდასწრებით ისლამზე ცუდს არ ამბობს, მაგრამ ფეისბუქის გვერდზე ხშირად ლანძღავს მუსლიმებს - ეს ტერორისტები და ამდენი კვლა აღარ შეიძლება, როგორ შეიძლება რელიგია ტერორიზმს ახალისებდესო.

ტერაქტების გავლენა საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე

შარლი ებდოს მოვლენების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მიცნობდნენ, კურსელები ჩემგან დისტანცირდნენ. პარიზის ტერაქტის და ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული მუქარის შემდეგაც იყო ასეთი პაუზები ურთიერთობებში. ლექციაზე მივდიოდი, ვუსმენდი და მოვდიოდი. ასეთი პერიოდები ერთი კვირა გაგრძელდა, და მერე თავისთავად გაქრა. ჩემი კურსელებიც მიხვდნენ, რომ მეწყინა. ერთ-ერთმა მომიბოდიშა კიდეც. მითხრა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ტერორიზმთან ასოცირდება ისლამი, ყველფერი ისლამის სახელით კეთდებაო.

ტერორისტების გარდა ისლამთან დაკავშირებით სხვა ასოციაციებიც არსებობს. რომ მუსლიმები მაინცდამაინც რეტროგრადები არიან და აუცილებლაც ჩადრით დადიან. ადრე ექსპერიმენტიც კი ჩავატარე, საზოგადოების რეაქცია მაინტერესებდა. გრძელი კაბა მეცვა, მუსლიმი ქალივით გამოვიყურებოდი. მაშინ მეთორმეტე კლასში ვიყავი, მხოლოდ ერთი დღით მეფარა თავზე. ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად მიცნობდნენ, ვერ მცნობდნენ ასე ჩაცმულს. რომ მივესალმებოდი, მეუბნებოდნენ - ვაიმე, მაია, მართლა შენ ხარ? ერთმა მუსლიმმა ისიც მითხრა, არ გცხელა, როგორ გაფარიაო. საკმაოდ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, ახალგაზრდულ პრობლემებზე ხმამაღლა ხშირად ვსაუბრობდი, ამიტომ ყველას ქრისტიანი ვეგონე, რადგან ასეთი მუსლიმი ვერ წარმოუდგენიათ. არასამთავრობო ორგანიზაციაც დავაარსე- „არსიანი“, სხვადასხვა პროექტებს ვკურირებდი, ძირითადად სოციალურ პროექტებს.

აღმსარებლობის შესახებ რომ მკითხავს ვინმე და როცა ვპასუხობ, რომ მუსლიმი ვარ - უი, დღესაც? მეკითხებიან. კიდევ თუ არსებობდნენ, არ გვეგონაო, ჩვენ ირგვლივ თუ იყვნენ, არ გვეგონაო, ამბობენ. ერთ-ერთმა კურსელმა ისიც კი მითხა, მუსლიმები მოხუცი ადამიანები არიან, ვერ წარმოვიდგენდით, ახალგაზრდა თინეიჯერი გოგონა თუ მუსლიმი იქნებოდაო.

„თვითმკვლელი ღვთისმშობლის“ და „შარლი ებდოს“ სხვაობაზე

ლია უკლებას ნამუშევრების გამოფენაზე მე და ჩემი მეგობარი ერთად ვიყავით. ლიას ნამუშევარი „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ რომ დაინახა, ჩემი მეგობარი ძალიან გაბრაზდა. ასეთი უკონტროლო მანამდე არ მინახავს. ამბობდა, რომ ასეთი ნახატის დახატვა არ შეიძლება. ლიას ნახატთან დაკავშირებით “ფეიბუქის’ პირად გვერდზეც დავწერე. ჩემი აზრით, ლიას ქრისტიანების შეურაცხყოფა არ ჰქონია განზრახული, პირიქით, მას დღევანდელი რეალობის რეფლექსია სურდა. ავტორმა გულისტკივილი გამოხატა, რომ ადამიანებმა რელიგია საკუთარი მიზნების მისაღწევად არ უნდა მოირგონ. როდესაც მღვდელს შეუძლია ჯიპზე დაჯდეს, მანქანა იქ დააყენოს, სადაც პარკირების ადგილი არაა და იმის გამო, რომ მღვდელია, არ დააჯარიმონ. ვინმე რომ მონასტერში წასვლას გადაწყვეტს და მანამდე ერთ კვირა სვამს, რადგან ბარემ მონასტერში მიდის და მოინანიებს - ამგვარი დამოკიდებულებისადმი ჰქონდა პროტესტი და ეს ამ სახით თქვა. ლიას ნახატი არ ეხება მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ ყველა რელიგიას ეხება. ჩემმა მეგობარმა კი მითხრა, უკლებას ნამუშევარი იმიტომ მოგწონს, რომ სხვა აღმსარებლობის ხარო, შენი წმინდანი რომ გააშარჟეს, მაგისთვის ადამიანები მოკლესო. ვუთხარი, რომ ეს ნახატი შარჟი არაა. ეს კრიტიკაა, მაგრამ დღემდე არ მეთანხმება და აღარ ვკამათობ.

შარჟი არც მე მომწონს, მაგრამ კრიტიკა სხვა რამეა. თუ ვინმე მუჰამედს დახატავს, ოღონდ რეალობის ამსახველი გარემოებებით და ეს ნახატი ქმედების პასუხი იქნება და არა დაცინვა, მე მივიღებ ამ კრიტიკას, ასეთ ნახატს. შეიძლება თავიდან გავბრაზებულიყავი, მწყენოდა კიდეც, მაგრამ დავფიქრდებოდი და საბოლოოდ მაინც მივიღებდი. ჩემთვის წარმოუდგენელია ისლამის სახელით მკვლელობა, ვინმეს ხელშეუხებლობის და თავისუფლების შეზღუდვა.

შარჟი განსხვავდება ასეთი რამისგან. თუ ვინმე დახატავს მუჰამედს- ოღონდ ეს უნდა იყოს რეალობის ამსახველი, ქმედებაზე პასუხი და არა დაცინვა- მე მივიღებდი ასეთ ნახატს. შეიძლება თავიდან გავბრაზებულიყავი, მწყენოდა კიდეც, მაგრამ დავფიქრდებოდი და მივიღებდი. ისლამის სახელით მკვლელობა, ტერორიზმი, ნებისმიერი ადამიანის ხელშეუხებლობის დარღვევა და თავისუფლების შეზღუდვა არ შემიძლია გავამართლო.

სახელმწიფო & მართლმადიდებელი ეკლესია Vs რელიგიური უმცირესობა

ხელისუფლების დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობის, კონკრეტულად კი მუსლიმი თემის მიმართ, საკმაოდ მძიმეა. მთავრობა თუ ხარ, როგორც უმრვლესობაზე, ისე უმცირესობაზე უნდა იზრუნო. ჩვენთვის, მუსლიმებისთვის, მეჩეთზე მინარეთის მოხსნა ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო. თუმცა იდეის ავტორებს არგუმენტად ქრისტიანი მრევლის შეწუხება მოჰყავს. ვფიქრობ ანალოგიური პრეტენზია შეიძლება მუსლიმ თემსაც გაუჩნდეს, მაგალითად, მაშინ, როცა ხულო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ იქ ორი ეკლესია იყოს. არც არავისთვის უკითხავთ ეკლესიის აშენების შესახებ აზრი. ეს ეკლესია ჩემი ეზოს გვერდითა და ყოველ დილით, 10 საათზე, 5 წუთის განმავლობაში ზარებს რეკავენ. არც მე და არც ჩემ მეზობლებს ღიად არ გამოგვიხატავს პრეტენზია, რომ ზარის ხმა გვაწუხებს.

რელიგიაში პირდაპირ ერევა მთავრობა, თავად ნიშნავენ მუფთს, ხოჯას, რათა უფრო იოლად აკონტროლონ მუსლიმი თემი, ნაკლები პრეტენზია ჰქონდეთ და ა.შ. აზიზიეს მეჩეთის ირგვლივ რომ იყო დისკუსია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დანიშნულმა ხოჯამ - გამოვიდა და თქვა, რომ სულაც არ არის საჭირო ახალი მეჩეთის აშენება, ძველს მივაშენოთო. არადა, წვიმაში, თოვლში, ხალხს უწევს გარეთ ლოცვა. არალოგიკურია, როდესაც მუსლიმი ამბობს, მეჩეთი რად გვინდა, ძველს მივაშენოთ და იქ ვილოცოთო. ეს საზოგადობაში თავისთავად აჩენს აზრს, რომ თუ ასე ლოცვა შესაძლებელია, მეჩეთს რატომ აშენებ?! რატომ არ შეიძლება აჭარელ მუსლიმებს ჰქონდეთ ერთი დამატებითი მეჩეთი?

ვფიქრობ, რომ პატრიარქს და ზოგადად მართლმადიდებელ ეკლესიას დიდი როლის შესრულება შეუძლია დღევანდელი საზოგადოეების აზრის ფორმირებაში. ილია მეორეს შეუძლია მრევლის დამოკიდებულება შეცვალოს. გამიხარდება, თუ ამას შეეცდება, რადგან ქართველ ერს რელიგიური უმცირესობის მიმართ სიძულვილის ამოძირკვა ნამდვილად სჭირდება.

ტერაქტები და ისლამოფობია ევროპაში

CNN-ის ცნობით, 2014 წლის ივნისიდან, მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ ხალიფატი გამოაცხადა, მსოფლიოს 29 ქვეყანაში, სირიისა და ერაყის გარდა, 140 ტერორისტული თავდასხმა მოაწყო. ამ თავდასხმების დროს 2043 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

ამ წლების მანძილზე ევროპაში 18 თავდასხმა მოხდა, თუმცა საერთაშორისო ყურადღება საფრანგეთში და ბელგიაში განხორციელებულმა ტერაქტებმა მიიპყრო.

ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმა 2015 წლის 7 იანვარს, სარედაქციო თათბირის დროს განხორციელდა. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ შორის, გაზეთის მთავარი რედაქტორი და ოთხი კარიკატურისტი..

2015 წლის ნოემბერში ტერორისტული თავდასხმების სერიამ პარიზში, საერთო ჯამში, 130 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 350 დაიჭრა. თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყვნენ აღჭურვილი. სამიზნედ 6 ლოკაცია ჰქონდათ არჩეული ქალაქის მასშტაბით, მათ შორის საფეხბურთო მოედანი, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ასევე, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზი, სადაც ყველაზე დრამატულად განვითარდა მოვლენები. ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, თავდასხმების ეს სერია "ყველასზე სრულყოფილი იყო შესრულების თვალსაზრისით" და მას "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ძალადობა” უწოდეს

2016 წლის მარტში ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის აეროპორტში და ერთიც- მეტროსადგურში. თავდასხმას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2016 14 ივლისს ნიცის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები საფრანგეთის ნაციონალურ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღიშნავდნენ. სწორედ ხალხით სავსე ქუჩაში გაიარა სატვირთო ავტომობილმა, რასაც 86 ადამიანი შეეწირა.

2016 წლის18 ივლისს გერმანიის ქალაქ ვურცბურგში მიმავალ მატარებელზე თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

ტერორისტული აქტების ზრდასთან ერთად, ევროპაში ისლამოფობიაც ძლიერდება. 23 იანვარს ლემონდმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ერთი თვის განმავლობაში იმდენივე იყო, რაც 2014 წელს ჯამურად. მუსლიმების სამართლებრივ დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ტერაქტებიდან პირველი 6 თვის მანძილზე მუსლიმებთან ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები 50% -ით, ხოლო ვერბალური შეურაცხყოფის ფაქტები 100%-ით გაიზარდა.

ღია საზოგადოების ფონდებმა იკვლიეს, თუ როგორ ვლინდება ისლამოფობია ევროპის მასშტაბით და ის ასე გამოიყურება:

- კერძო საკუთრებაზე, ღვთისმსახურების ადგილებზე და ადამიანებზე ფიზიკური და ვერბალური თავდასხმებით, განსაკუთრრებით მათზე, ვინც ისეთ სიმბოლოებს ატარებს, რაც მათ რელიგიურ იდენტობაზე მიანიშნებს, მაგალითად, ჰიჯაბს ან ნიქაბს.

- სიტყვიერი ან ონლაინ ძალადობა მუქარით, კრიტიკითა და შეურაცხყოფით.

- ისეთი პოლიტიკის ან კანონმდებლობის მიღებით, რომლის სამიზნე ჯგუფიც მუსლიმები არიან და ცვლილებები ზღუდავს მათი რელიგიის თავისუფლებას. მაგალითად, რელიგიური ან კულტურული სიმბოლოების საჯაროდ ტარების აკრძალვა, მეჩეთებისა და მინარეთების მშენებლობის აკრძალვა.

- განათლების, დასაქმების, საცხოვრებლის, საქონლის და სერვისის ხელმისაწვდომობის შეზღუდვით. ზოგიერთი ჟურნალისტის, პოლიტიკოსის ან პოლიტიკოსთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც მუსლიმების, როგორც ჯგუფის, სტიგმატიზაციას ემსახურება და უგულებელყოფს მუსლიმების პოზიტიურ წვლილს იმ საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის, სადაც ისინი ცხოვრობენ.

ისლამოფობია საქართველოში

Year
2012-2013 სოფელ ნიგვზიანში (გურია), წინწყაროსა (თეთრიწყარო) და სამთაწყაროში (დედოფლისწყარო) მუსლიმებს დაემუქრნენ და რელიგიური რიტუალის ჩატარებაში ხელი შეუშალეს
2013 აგვისტოში სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი
2014 ოქტომბერში სოფელ მოხეში, ყოფილი მეჩეთის ტერიტორიაზე, გამგეობის გადაწყვეტილებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მუშები გამოჩნდნენ შენობის დემონტაჟისა და მისი კულტურის სახლად გადასაკეთებლად. ამან 22 ოქტომბერს ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგაც პოლიციამ 14 პირი დააკავა. ადგილობრივები პოლიციის მიერ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდნენ
2014 ოქტომბერში სოფელ ფლატეში ისტორიული მეჩეთი განზრახ დააზიანეს
2014 სექტემბერში ქობულეთში მუსლიმი პანსიონის კარებს ადგილობრივებმა ღორის თავი ნიაჭედეს

რატომ ეშინიათ ჰიჯაბის ქუჩაში და როგორ იცავს საქართველო მუსლიმთა უფლებებს?

რამდენად ღრმაა ისლამოფობია საქართველოში, რატომ ხდება, რომ ქუჩაში ჰიჯაბის დანახვა ქართული საზოაგდოების ნაწილში შიშს იწვევს და რა გავლენას ახდენს ამ პროცესზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული აქტივობები მსოფლიოს მასშტაბით - ამ თემაზე “ნეტგაზეთმა” პროექტ უჩინარების ფარგლებში ჩაწერა დისკუსია, რომლის მონაწილეები არიან აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ბექა ყორშია, რომელიც ერთი წელი ქუვეითში ცხოვრობდა, და სახალხო დამცველის ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ხელმძღვანელი, იურისტი ქეთი შუბაშვილი.

მასალა მომზადებულია პროექტ "უჩინარების" ფარგლებში საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

—ნეტგაზეთი, 2016

Share Article

Leave a Reply

Your email address will not be published.