იეჰოვას მოწმეები გლდანში თავდასხმიდან 17 წლის შემდეგ

ელენე ხაჭაპურიძე, დათო ქოქოშვილი, კონსტანტინე სტალინსკი, ფოტო: პირადი არქივი, epa

20.09.2016


1999 წელს თბილისში იეჰოვას მოწმეებზე ყველაზე მასშტაბური და ძალადობრივი თავდასხმის ორი მონაწილე ამბობს, რომ დღეს მათ აღარ ავიწროებენ და დევნიან. ისინი 17 წლის წინ დაშავდნენ, თუმცა არ შედიან „გლდანის კონგრეგაციის” იმ 97 წევრში, რომლებმაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2007 წელს გამოიტანა.

გააუმჯობესა თუ არა სამართლებრივმა ბრძოლამ იეჰოვას მოწმეების უფლებები საქართველოში? და როგორ გახდნენ იეჰოვას მოწმეების მაშინ, როცა ეს რელიგიური უმცირესობა განსაკუთრებული დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, ნეტგაზეთს დედა-შვილი, ფატი და ოთარ მოსულიშვილები ესაუბრნენ:

როგორ გავხდი იეჰოვას მოწმე

-ფატი მოსულიშვილი

უკვე დაქორწინებული ვიყავი და შვილები მყავდა, როცა იეჰოვას მოწმე გავხდი. მართლმადიდებელ ოჯახში გავიზარდე, მეც მონათლული ვიყავი. ქმარი და ორი შვილი მყავს. ჩემი მეუღლე მართლმადიდებელია, შვილები იეჰოვას მოწმეები არიან.

კომუნისტურ პერიოდში გავიზარდე და ვერ გეტყვით, რომ ჩემი ოჯახი რელიგიური იყო, დანარჩენებივით ვიყავით. მოძღვარი პირადად არ მყოლია მაგრამ ლოცვებზე დავდიოდი. ღმერთს ჩემი ოჯახის, შვილების კარგად ყოფნას ვთოხვდი, ეს იყო ჩემი ლოცვა.

რელიგიური ხასიათის კითხვები ყოველთვის მაწუხებდა, ამ კითხვებს ფურცელზე ვიწერდი. მაინტერესებდა, რა ხდებოდა სიკვდილი შემდეგ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი. რატომ იყო ამდენი ტანჯვა და უბედურება. იცით, მე ასეთი უცნაური კითხვაც მქონდა. მსოფლიო სიყვარული რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო?! რატომ ხდებოდა ამდენი ომი ქვეყნებს შორის და რატომ არ შეიძლებოდა მსოფლიოს ხალხებს შორის სიყვარული ყოფილიყო?! ჩემს შეკითხვებზე ვერანაირ პასუხს ვერ ვღებულობდი, ვეკითხებოდი სასულიერო პირებს. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ეს არ არის ჩემი საქმე, ზოგჯერ მეუბნებოდნენ, რომ ეს საიდუმლოა. საბოლოოდ ეს კითხვები ფურცელზე პასუხგაუცემელი რჩებოდა.

პირველად, როდესაც ჩემს კარზე იეჰოვას მოწმეებმა დააკაკუნეს, მათზე სწორ ინფორმაციას არ ვფლობდი. ისიც კი არ ვიცოდი, ქრისტიანები თუ იყვნენ. ამიტომ ბოდიშის მოხდით ვუთხარი, რომ ვერ მივიღებდი. მოგვიანებით ჩემმა პასუხმა და იმან, რომ კარს მიღმა დავტოვე ძალიან მომღიმარი, სათნო, სიყვარულით სავსე ადამიანები, ძალიან შემაწუხა. მომინდა ბოდიში მომეხადა, ვეძებდი კიდეც ამ ადამიანებს. რამდენიმე დღის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემს მეზობელთან იყვნენ მისული. ვთხოვე, ჩემთანაც ამოსულიყვნენ. დამთანხმდენენ და ძალიან ბევრი, თითქმის 3 საათის განმავლობაში ვისაუბრეთ. ჩემს შეკითხვებს ბიბლიის მიხედვით პასუხობდნენ. ვუთხარი, თქვენ ძალიან კარგად იცით ბიბლია და მე სრულიად უმეცარი ვარ ამ საკითხში, ნეტა თქვენსავით ვიცოდე ბიბლია-მეთქი. მითხრეს, რომ ეს შესაძლებელია. პირველად რაც ვიკითხე, რა უნდა გადავიხადო-მეთქი. არაფერიო. ესეც გამიკვირდა, ერთ სიტყვას არავინ გეტყვის დღეს უფასოდ. მომინდა, გამეგო, რა ეწერა იმ ძვირფას წიგნში. პირველ რიგში, საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ მინდოდა იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი. ამის შემდეგ მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.

ქმარი და მეგობრები

მეუღლეს ჩემი მრწამსის შეცვლის გადაწყვეტილების შესახებ უარყოფითი რეაქცია არ ჰქონია. ჩემი მეუღლე ძალიან კარგი პიროვნება, არაჩვეულებრივი მეუღლე და მამაა. ერთად ძალიან კარგად ვცხოვრობთ, აღმსარებლობაში სხვაობა არანაირ ბარიერს არ გვიქმნის. იმ რელიგიურ დღესასწაულებში, რასაც ჩემი მეუღლე აღნიშნავს, არ ვმონაწილეობ, მაგრამ, ცხადია, მას ამის უფლება აქვს. აღდგომას პასქას არ გამოვაცხობ, მაგრამ მეუღლეს თუ პასქა ენდომება, პასქების მეტი რა არის?! შეიძენს. მას ამით პრობლემა არ ექმნება. არავითარი კამათი არ გვაქვს ამგვარ საკითხებზე. ძალიან მშვიდი, მყუდრო, სიყვარულით სავსე ურთიერთობა გვაქვს.

არც ჩემი დედამთილისგან და მამამთილისგან მიგრძვნია უარყოფითი დამოკიდებულება. ჩემი დედამთილი ჩვენს შეხვედრას რამდენჯერმე დაესწრო კიდეც.

პირველ ნეგატიურ დამოკიდებულებას მეგობრების წრეში გადავაწყდი. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ჩემი გადაწყვეტილება უმტკივნეულოდ მიიღეს. რა დავაშავე, პრინციპში?! მითხრეს, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩემს რელიგიურ აღმსარებლობას და თუკი ბიბლია შეისწავლე, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოსო. სამმა ადამიანმა კი ჩემთან მეგობრობაზე უარი თქვა. ვცადე მათთვის ჩემი დამოკიდებულების ახსნა, მაგრამ არ მომისმინეს. მახსოვს, ერთ-ერთი მათგანი იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დავპატიჟე და განაწყენდა. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა შეწყდა.

იმ დროს, 90-იანი წლების დასაწყისში იეჰოვას მოწმეებს საქართველოში მაინცდამაინც კარგად არ იცნობდნენ, ბევრი მოარული ჭორი დადიოდა - თითქოს არ იყვნენ ქრისტიანები. დღეს ასე აღარაა. დღეს ამ ღიმილიან, მშვიდობიან და მოსიყვარულე ხალხს ბევრი იცნობს. ჩემი აზრით, ცნობადობის ნაკლებობა განაპირობებდა ამგვარ დამოკიდებულებას. თუ არც მოუსმენდი და არც არაფერს წაიკითხავდი, რა უნდა გაგეგო? დამოკიდებულება როგორ უნდა შეგცვლოდა?!

დიდი დარბევა

1999 წელს ბასილ მკალავლიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა დაგვარბიეს. ეს ყველაზე მასშტაბური დარბევა იყო. ჩვენი რელიგიური შეხვედრის დროს მოულოდნელად თავს დაგვესხნენ და იქ მყოფი ადამიანების უმეტესობა ძალადობის მსხვერპლი გავხდით. ხელკეტებით, ჯვრებით გვცემდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ.

თითქმის ყველას სცემეს. ერთ ადამიანს ჯვრით ცხვირის ნესტო აუხიეს, თავი გაუტეხეს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ბავშვებიც და დიდებიც ნაცემები იყვნენ, ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველას სცემდნენ. რამდენჯერმე გამოძახებული პოლიცია მანამდე არ მოვიდა, სანამ ყველაფერი არ დასრულდა. ღირსები ხართ, მეტი უნდა მოგსვლოდათ- პოლიციისგან ეს პასუხი მივიღეთ. პირადად მე ქალებმა თავში ჩამარტყეს, ხოლო ერთმა კაცმა მუშტი მომიქნია. მხედველობის ცენტრი გამისკდა და მხედველობა დავკარგე.

მახსოვს. სისხლიანი ვცდილობდი შენობიდან გამომეღწია. სისხლი ჩამოდიოდა, მაგრამ ადამიანების ჯგუფმა შუაში მომიქცია და სისხლიანს მირტყამდნენ. გული მიმდიოდა, თუმცა ვფიქრობდი, თუ არ გავაღწიე, აქ მოვკვდები-მეთქი, ფეხებს შუა გავუძვერი ამ ქალებს და გარეთ გამოვედი დასისხლიანებული. კარში ვინც იდგა, ვინც აკონტროლებდა, რომ არავინ გასულიყო, რომ დამინახა, გამომიშვა. გარეთ გული შემიწუხდა. შემდეგ მომხედეს და საავადმყოფოში წამიყვანეს.

მახსოვს, ერთ-ერთ ჩვენს ძმას სცემდნენ, ხუთ კაცი სცემდა, მაგრამ ის ხელს არ უბრუნებდა, მხოლოდ ხელებს იფარებდა და თავს იცავდა. თავდამსხმელს ხელი მოვკიდე და რას აკეთებთ-მეთქი, ვუთხარი. ერთ ადამინს ხუთი სცემთ, წაქცეულს სცემთ-მეთქი. ამ დროს ერთი მომიბრუნდა და დამარტყა. ამ შემთხვევამ დამანახა რეალურად, ვის მხარეს ვიდექი - მაშინ მოხდა ყველაზე დიდი გარდატეხა ჩემს ცნობიერებაში. მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი. ვიყავი იქ, სადაც სიყვარული სუფევს და არა სიძულვილი. ჩვენმა თანაქრისტიანმა ხელიც არ შეუბრუნა, უბრალოდ, თავს იცავდა ხელებაფარებული. ეს ჩემთვის უცხო იყო, ასეთი რამ არასდროს მინახავს. ეს იყო სიყვარული, რომელიც შეგიძლია გამოხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც გემტერება და გცემს. გაითვალისწინო იესოს რჩევა და ზიანი არ მიაყენო სხვა ადამიანს. მე ვიდექი ყველაზე თბილ, მოსიყვარულე ხალხთან. ამ შემთხვევამ განაპირობა ჩემი აქ დგომა. მერჩია, ამ ხალხთან ერთად მეცოცხლა თუნდაც ცოტა ხანს.

საერთოდ ძალიან შევიცვალე მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გავხდი. ადრე ამაყი, ნაკლებად თავშეკავებული ვიყავი. ეროვნული სიამაყე მახასიათებდა, სხვა ეროვნების ადამიანები არ მძულდა არასდროს, მაგრამ ჩემი ქართველობით თავს მასზე მაღლა ვაყენებდი. დღეს ასე აღარაა. ყველა ეროვნების ადამიანი მიყვარს უზომოდ და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ამგავრ ნიშნებს. უფრო თავმდაბალი გავხდი. ამაში მეხმარება ჩემი რელიგია და რწმენა.

დარბევასთან დაკავშირებით არ მიჩივლია. ჩემი ქმრის აზრი გავითვალისწინე, ასე ცალსახად არ უთქვამს, არ იჩივლოო, უბრალოდ, ეს დამოკიდებულება ვიგრძენი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მას და ეს საკმარისი იყო.

დარბევის დროს იეჰოვას მოწმე არ ვიყავი

ფოტოზე: ოთარ მოსულიშვილი ცოლთან ერთად, ფოტო: პირადი არქივი

ამ დარბევის დროს იეჰოვას მოწმე არ ვიყავი, თუმცა შეკრებებზე დავდიოდი და ბიბლიას ვსწავლობდი. მაშინ 12 წლის ვიქნებოდი. თავდასხმის ადგილიდან მალე გამოვაღწიე, პატარა ვიყავი და მოვახერხე. ვხედავდი, რომ ადამიანები დასისხლიანდნენ და ერთადერთი, რაც ჩემი ბავშვური გონებით მომაფიქრდა, პოლიციის მოყვანა დავაპირე. მაშინ გლდანში პოლიციის ერთი განყოფილება იყო და იმ შენობისკენ გავიქეცი. დაახლოებით 3 კილომეტრი ვირბინე. ახლაც მახსოვს მათი დამცინავი რეაქცია - მეტის ღირსები ხართო.

მართალი გითხრათ, იმაზე ფიქრი არ დამიწყია, რატომ ძალადობდა ეს ხალხი ჩვენზე. ბავშვურად კი ვფიქრობდი, რომ ეს არასწორი იყო იმიტომ, რომ ძალადობა არც მანამდე მისწავლია, როცა მართლმადიდებელი იყო ჩემი ორივე მშობელი, არც მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გავხდი. ეს ჩემში პროტესტს იწვევდა. არ შემშინებია, არ დამიშვია იმაზე ფიქრი, რომ სადმე ჩემი აღმსარებლობის შესახებ დამემალა იმის შიშით, რომ თავდასხმის მსხვერპლი არ გავმხდარიყავი.

სკოლა და უნივერსიტეტი

ოთარ მოსულიშვილი მეგობრებთან ერთად ფოტო: პირადი არქივი

რელიგია სკოლის ასაკიდან მაინტერესებდა, საგანსაც კი ვსწავლობდით. შემდეგ თავადვე გადავწყვიტე, ბიბლია საფუძვლიანად შემესწავლა. და გავხდი იეჰოვას მოწმე. ძალიან კარგი კლასი მყავდა, უმეტესობასთან დღემდე ვმეგობრობ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ჩემი გადაწყვეტილება არ ესიამოვნათ და ჩემგან თავი შორს დაიჭირეს. ძალადობა ან შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, რადგან ერთმანეთს პატივს ვცემდით. უბრალოდ, ჩემთან ისე ახლოს აღარ იყვნენ.

იმ ადამიანებს შორის, ვინც ჩემგან თავი შორს დაიჭირა, იყვნენ ისეთები, ვისთანაც ძალიან ახლოს ვიყავი, ერთად ვიზრდებოდით პირველი კლასიდან. მაშინ ბევრი არასწორი ჭორი ვრცელდებოდა. ამანაც განაპირობა მათი დამოკიდებულება, მით უმეტეს, ბავშვები ყველაფერს ისრუტავენ. დიდებიც, სამწუხაროდ. ბევრმა ამის გამო ნელ-ნელა შეწყიტა ურთიერთობა. შეამცირა მაინც, თუ არ შეწყვიტა. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მშვიდობიანად დავასრულე.

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, კურსელებმაც თავიდანვე არ იცოდნენ, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. ქალაგარეთ დავდიოდით, რომ ერთმანეთი უკეთესად გაგვეცნო, საბოლოოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მოგვიანებით, როდესაც თემამ მოიტანა და რელიგიურ აღმსარებლობაზე დავიწყეთ საუბარი, გაიგეს, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. სკოლის მსგავსად ბევრთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე, ნაწილმა კი ურთიერთობების გაღრმავება არ მოისურვა. ჩვეულებრივი სტუდენტური ურთიერთობები გვქონდა, რასაც ეს წლები მოიცავს. უფრო მეტი სიახლოვე, ვთქვათ, ოჯახებში მისვლა, სადმე ერთად წასვლა, გართობა და ა.შ. არ გვქონდა.

ზოგიერთ ჩემს კურსელს ის მეგობრებიც გავაცანი, ვინც ჩემსავით იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ხშირად ვთამაშობდით ერთად ფეხბურთს, თუმცა ბევრი უარს ამბობდა - ფიქრობდნენ, თავს არ მომეხვია ჩემი რწმენა. უარს ცალსახად არ მეუბნებოდნენ, მაგრამ რამდენჯერმე რომ თავს აარიდებს ადამიანი, გასაგებია.

სტერეოტიპები და დამოკიდებულება

ფოტო: იეჰოვას მოწმეები მასობრივი ნათლობის ცერემონიაზე პოლონეთში. epa

დედა, დედა, ფატი მოსულიშვილი:
ერთი მსახურების დროს ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ ფულს გიხდიანო - 200 დოლარს. წახვალთ, აბა, რას იზამთო?! მერე თქვენ არ გინდათ 200 დოლარი-მეთქი? მე თუ მაძლევენ, თქვენც მოგცემენ-მეთქი. არაფერსაც არ მომცემენო. მათ კარგად იციან, რომ ჩვენ ფულს არ გვიხდიან. ამას იმიტომ ამბობენ, რომ გული გვატკინონ.

შვილი, ოთარ მოსულიშვილი:

მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი გაჭირვებაა და დროის დეფიციტია, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანები უსასყიდლოდ ასწავლიან ბიბლიას სხვებს. ჩვენ გვაქვს პროფესია, ვმუშაობთ, ოჯახებს ვარჩენთ, მაგრამ მაინც ვპოულობთ დროს, რომ ხალხთან მივიდეთ, რადგან ესეც ჩვენი მრწამსის ნაწილია. ხდება ხოლმე, რომ გვაძახებენ სხვადასხვა ფრაზებს. იეჰოვას მოწმეებთან აიგივებენ, არ იციან, რომ იეჰოვა ღმერთის სახელია. ამის გამო იეჰოვას სახელს არასასიამოვნო კონტექსტში ახსენებენ. არაკორექტულად ხუმრობენ და საბოლოოდ იეჰოვას უფრო აყენებენ შეურაცხყოფას, ვიდრე იეჰოვას მომწმეებს. ასეთ ადამიანებს ყურადღებას არ ვაქცევ. კარდაკარ როცა დადიხარ, შეიძლება იმ მომენტში გაღიზიანებული იყოს ვინმე, უთქვამთ, რატომ მოდიხართ? აქ აღარ დაგინახოთ! მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ.

დედა, დედა, ფატი მოსულიშვილი:

მსახურებისას ერთ ოჯახში მივედით. კაცი გამოვიდა. რომ დავიწყეთ საუბარი, არ დაინტერესდა. დავემშვიდობეთ და წამოვედით. სანამ ეზოში ჩამოვიდოდით, ცოლი გამოვიდა, როდესაც გაიგო, იეჰოვას მოწმეები ვიყავით, ცოცხი გვესროლა. მთლად არ გაგვიმეტა. ისე გვესროლა, რომ არ მოგვხვედროდა. მახსოვს, ავიღეთ ეს ცოცხი და უკან ავუტანეთ. ვუთხარით, ძვირი ღირს და საყიდელი არ გაგიხდეთ-თქო. შერცხვა.

დღეს ეს საბედნიეროდ აღარ ხდება. ასეთ რეაქციებს აღარ ვაწყდებით. ჩვენ მიმართ ცნობადობა გაიზარდა. ადრე ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ ქრისტიანები ვართ და აგრესიულები იყვნენ. ეს აგრესია იმის გამო არ იყო, რომ ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვიყავით, არამედ იმიტომ, რომ ქრისტიანები არ ვეგონეთ, თუმცა ეს წარსულს ჩაბარდა. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ვინმე გვებრძვის და გვავიწროებს.
შვილი, ოთარ მოსულიშვილი :

ძალიან დიდ სხვაობას ვხედავ დაცულობის თვალსაზრისითაც, თუნდაც პატრული ამგვარ საკითხებზე დაუყოვნებლივ რეაგირებს. ძველი დრო რაც წავიდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმე შეურაცხყოფას მომაყენებს, დამაზიანებს და პასუხს არ აგებს.

დედა, ფატი მოსულიშვილი:

მეც დაცულად ვგრძნობ თავს. რელიგიის თავისუფლება ეს კონსტიტუციური უფლებაა, მაშინაც იყო, მაგრამ მაინც გვდევნიდნენ, მაგრამ დღეს ნამდვილად ვგრძნობ, რომ ეს ჩემი უფლებაა.

იეჰოვას მოწმეების უფლებები საქართველოში

ფოტო: წარწერა გლდანში ერთ-ერთ შენებობაზე. 2007. ფოტო სერიიდან "წარწერები კედლებზე -თბილისი", ნესტან ცეცხლაძე

- იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია საქართველოში:

- 1969 წელს საქართველოში იეჰოვას მოწმეების პირველმა ჯგუფმა დაიწყო მოღვაწეობა

- 1998 წლის 17 აპრილის რეგისტრაციაში გატარდა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი: „იეჰოვას მოწმეთა კავშირი“

- 1998 წლის 11 ივნისს რეგისტრაციაში გატარდა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი: „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტარების საზოგადოების ფილიალი საქართველოში“

- 1999 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო იეჰოვას მოწმეების დევნა. პირველი შემთხვევა მოხდა გლდანში, როცა ადამიანთ ჯგუფი მღვდელ ბასილ მკალავლიშვილის მეთაურობით თავს დაესხა იეჰოვას მოწმეებს. მსგავსი სახის დევნები მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდა

- 2001 წლის 22 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების რეგისტრაციის გაუქმება, რის შემდეგაც მათმა დევნამ იმატა.

- 2003 წლის 28 ნოემბერს ხელახლა დარეგისტრირდა პენსილვანიის „საგუშაგო კოშკის“, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალი საქართველოში.

- 2007 წლის 3 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გლდანში განხორციელებული თავდასხმის დროს დაზარალებული იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება (გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ)

- 2014 წლის 7 ოქტომბერს დამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ სათანადოდ არ იმოქმედა იეჰოვას მოწმეების დასაცავად თავდასხმების დროს. (ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ)

- 2014 წლის 10 დეკემბერს „იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული კრება საქართველოში“ დარეგისტრირდა როგორც რელიგიური ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, რამაც გააუმჯობესა იეჰოვას მოწმეთა სამართლებრივი მდგომარეობა

სამართლებრივი დავები:

„გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ“

სარჩელის მიხედვით, მომჩივანები ჩივიან, რომ მათ თავს დაესხა ექსტრემისტ მართლმადიდებელ მორწმუნეთა ჯგუფი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის ბასილ მკალავიშვილის მეთაურობით, მომჩივნები სცემეს, ზოგიერთი დაჭრეს კიდეც. ისინი მიუთითებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა და თავდასხმის არც ერთი მონაწილე არ დასჯილა. მოლაპარაკებები საქმეზე მეგობრული მორიგების შესახებ 2005 წლის 20 ივლისიდან 9 ნოემბრამდე აწარმოებდნენ,მაგრამ უშედეგოდ. 2007 წლის იანვარში მთავრობამ არ მისცა მსვლელობა მომჩივნების ბოლო მცდელობას მორიგების თაობაზე. საბოლოოდ ევროსასამართლომ იეჰოვას მოწმეთა მიერ წარდგენილ, კოლექტიურ სარჩელზე ერთხმად დაადგინა სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-9 (რელიგიის თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა. საქართველოს მომჩივანი მხარის წევრების მიმართ სხვადასხვა ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. განაჩენი 2007 წელს გამოცხადდა.

“ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

2014 წლის 7 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება განაცხადზე ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ რომელიც სასამართლოში 2002 წელს გაიგზავნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა მიერ წარდგენილ, კოლექტიურ სარჩელზე ერთხმად დაადგინა სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-9 (რელიგიის თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა, მთლიანობაში 88 განმცხადებლის მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონვენციის დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობას, მთლიანობაში, 45 000 ევროს გადახდა დაეკისრა, რომელიც მოიცავს თითოეული განმცხადებლისთვის 350 ევროს, საქმის წარმოებისთვის გაწეული ხარჯებისთვის კი 15 000 ევროს გადახდას.

"უხილავების" პროექტის ფარგლებში ვსაუბრობთ იეჰოვას მოწმეების პრობლემებზე საქართველოში.

შევეცდებით გავიგოთ ვინ და რატომ ლახავს დღემდე იეჰოვას მოწმეების უფლებებს საქართველოში და როგორც იცავს სახელწმიფო. ჩვენი დღევანდელი დისკუსიის მონაწილეები არიან ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

პროექტი "უჩინარები", ნეტგაზეთი, 2016

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს

Leave a Reply

Your email address will not be published.