ახალგაზრდობაში შრომა, ხანდაზმულობაში სიღარიბე – დაპირებები პენსიებზე

ელენე ხაჭაპურიძე, დათო ქოქოშვილი, კონსტანტინე სტალინსკი

23.09.2016

პროექტი "უჩინარები", ნეტგაზეთი, 2016

ნონა კაჭარავა, რომელსაც ტრანსპორტის მინისტრმა “ტრანსპორტის დედოფალიც” კი შეარქვა, 35 წლის მანძილზე მძღოლად მუშაობდა. 10 წელი სატვირთო მანქანის მძღოლი იყო. ახლა, 73 წლის ასაკში, ღირსეული ცხოვრებისთვის იბრძვის, ისევე, როგორც 706 695 პენსიონერი - ჩვენი მშობლები.

ნახეთ, როგორია ეს ბრძოლა, ასევე ის, თუ რას ჰპირდებიან პენსიორებს პარტიები, რომლებიც 2016 წლის არჩევნებზე გამარჯვებისთვის იბრძვიან. რას ჰპირდებიან ისინი მომავალ პენსიონერებს? ჩვენ? თქვენ? მათ?

“ტრანსპორტის დედოფლობა” ყოველდღიური ბრძოლის ფასად

ჩხოროწყუს რაიონში დავიბადე 25 თებერვალს. პატარა ვიყავი, როდესაც დედასთან ერთად საცხოვრებლად სოხუმში გადავედი. დედა პედაგოგი იყო. 18 წლის ვიყავი, როდესაც მსახიობ ლეილა აბაშიძის მონაწილეობით ფილმი “აბეზარა” ვნახე. თუ გახსოვთ, “პაბედაზე” იჯდა. ჩემი საყვარელი მსახიობია, მან გადაწყვიტა ჩემი პროფესიული არჩევანი. შემიყვარდა ეს პროფესია, არტისტობა კი არა, მანქანა შემიყვარდა. სკოლაში, მე-9-10 კლასში გავდიოდით საგანს, სახელწოდებით “ტრანსპორტი”. იქ ვისწავლე მანქანის მართვა.

“მართვის მოწმობის” მისაღებ გამოცდებში უმაღლესი ნიშნები მივიღე, რისი
დამადასტურებელი ცნობითაც ენგურჰესის მშენებლობაზე წავედი სამსახურის სათხოვნელად. მშენებლობაზე სატვირთო მანქანების მართვა მიწევდა - Газ 51-ის, ЗИЛ 130 -ის და სხვა. სამუშაოს შესრულებისას ცემენტი გადამქონდა ქალაქ რუსთავიდან ენგურჰესამდე,

1961 წელს, როდესაც სამსახურისთვის “ენგურჰესის” მშენებლობაზე ჩავედი და ჩემი საბუთები დირექტორს დავუდე, ეგონა, ჩემი ძმისთვის ვეძებდი სამსახურს. დიდი ნაწნავები მქონდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, მკითხა - თქვენ, შვილო, მძღოლადო? ეს როგორო, ძალიან ეუხერხულა. მეორე დღეს მივედი ფარეხში, თმა უკვე შეჭრილი მქონდა, დაბალი ჩუსტები მეცვა. დირექტორს ბიჭებისთვის უკითხავს, ეს პატარა ბიჭი ვინ არისო, მათ კი უპასუხეს - პატარა ბიჭი კი არა, ის მძღოლია, თქვენ რომ სამსახურში მიიღეთო. კაჭარავა, მითხრა, ახლა კი მჯერა, რომ შენგან კარგი მძღოლი გამოვაო. შარვალი რომ ჩავიცვი, ეს იყო 1973 წელი, პირველად შარვლით რომ მნახეს, ამბობდნენ- “ფუ, შე უპატრონო, მშობლები არ გყავს, შარვალი გაცვიაო”. რომ გაიგებდნენ, მძღოლი ვიყავი, არაფერს აღარ ამბობდნენ.

“ენგურჰესში” მუშაობის დასრულების შემდეგ, 1969 წელს სამუშაოდ თბილისში გადმოვედი. საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვმართავდი- #21 ავტობუსს, რომელიც სადგურის მოედნიდან ბაგებში ადიოდა. წელიწადი და სამი თვე ვიმუშავე. მაშინდელ ტრანსპორტის მინისტრს, თეიმურაზ დავითაშვილს არ მოეწონა, რომ ავტობუსს ქალი მართავდა, ჩემი აზრით, დიდი მანქანის სამართავად ქალი ეცოდებოდა. ავტომობილი “ვოლგა” გამოუყავით და გალში გაგზავნეთო. მაშინ თბილისში მშვენიერი მუშაობა იყო, შეხვიდოდი ავტობუსში, ბიბლიოთეკა გეგონებოდა, სიმშვიდე, სიწყნარე. ლაპარაკი მძღოლთან არ შეიძლებოდა, რადიოფიცირებული იყო ეს ავტობუსი და მე თვითონ ვიძახდი - აბა,, უკანა კარიდან ავიღოთ ბილეთი, წინა კარიდან ავიღოთ ბილეთი. ეს ორი წინადადება იყო ჩემი სათქმელი, გეგმას ვასრულებდი გადაჭარბებით, 22 მადლობა მიმიღია ქაღალდზე დაწერილი, მედლებიც მიმიღია და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიით.

გალში გადავედი და იქ 5 წლის მანძილზე ვიმუშავე გალის “ტაქსომატორნი გარაჟში”, შემდეგ კი სოხუმის “ტაქსომატორნი გარაჟში” გადავედი. ეს სახელმწიფო ტაქსი იყო, სადაც 1200 ტაქსი მუშაობდა. 600 ტაქსი ერთ დღეს, 600 -მეორე დღეს.

ხელფასი- 800 მანეთი თვეში, დაკარგული დანაზოგი - 280 000 მანეთი

ფოტო: ნონა კაჭარავა ბავშვით ხელში, აფხაზეთი. პირადი აქრივი

მუშაობის 45-წლიანი სტაჟი მაქვს, ტრანსპორტის მინისტრი “ტრანსპორტის დედოფალსაც” კი მეძახდა. მთელი ამ დროის მანძილზე მაღალ ხელფასს მიხდიდნენ. როდესაც “ენგურჰესში” დავიწყე მუშაობა და 60-ტონიან მანქანას ვმართავდი, 800 მანეთს ვიღებდი. ეს დიდზე-დიდი ანაზღაურება იყო, მაშინ, როცა 75 მანეთი იყო საშუალო ხელფასი.

თბილისში გადმოვლისასაც იმავე ხელფასზე ვმუშაობდი. დღეს მძღოლს არავინ აქცევს ყურადღებას. არავითარი დაფასება არ აქვს, მადლობასაც კაციშვილი არ ეტყვის. დღევანდელი ავტობუსის მძღოლები შრომის გმირები არიან. იცი, რა რთულია დღეს გარეთ ტრანპორტზე მუშაოაბა? რამდენი მანქანაა გარეთ, ნახევარმა ტრანსპორტი არ იცი,ს რა არის. საცობებსაც ვგულისხმობ. ეს მძღოლები არ არიან იმის ღირსი, რომ ასეთი დაბალი ხელფასი ჰქონდეთ. მათ 2000 მანეთი უნდა ჰქონდეთ, ამდენი შრომის შემდეგ ნორმალურად რომ იცხოვრონ. მძღოლი როცა საჭესთანაა, მისი ყველა ორგანო მუშაობს - თვალი, ყური, ძალიან რთულია.

ტაქსზე მუშაობის დროს ხელფასი გამომუშავებასა და გეგმის შესრულებაზე იყო დამოკიდებული. ცოტა “ხალტურაც” გვქონდა, არ ვიყავით უკმაყოფილო.

სოხუმში, კომკავშირის ქუჩაზე ავიშენე სახლი, სადაც დედასთან და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობდი. ჩემი ქმარი, რომელიც “ენგურჰესის” მშენებლობაზე მუშაობისას გავიცანი, მაშინ გარდაიცვალა, როცა უფროსი ბიჭი 17 წლის იყო, ხოლო გოგონა-7 წლის. ის კომუნალურ განყოფილებას ხელმძღვანელიობდა და მისი მოვალეობა “ენგურჰესში’ ბინების განაწილება იყო. ხელფასი 120 მანეთი ჰქონდა, მე კი, 800 მანეთი. ამ ფულს ვანაწილებდი ოჯახზე, შვილებზე, წავიდოდი მოსკოვში, ჩამოვიტანდი ბავშვების ტანსამელს, ერთი თვის შემდეგ მეორედ წავიდოდი - 37 მანეთი ღირდა მაშინ გადაფრენა.

აფხაზეთში მიწის ნაკვეთიც მქონდა, სადაც 3 ტონა მანდარინი მოდიოდა. პირველი ხარისხის მანდარინს 1 მანეთად და 20 კაპიკად ვაბარებდი, მეორე ხარისხის- 98 კაპიკად, ხოლო მესამე ხარისხის მანდარინს -75 კაპიკად. მანდარინის ჩაბარების შესახებ ცნობას შემნახველ სალაროში წარვადგენდი, სადაც ჩაბარებული მანდარინის ღირებულება ფულად მენახებოდა, მაგრამ 14 წლის მანძილზე მანდარინის ფულიდან ერთი კაპიკით არ მისარგებლია. როცა ვმუშაობდი და ფული მქონდა, ეს შენახული ფული არ მჭირდებოდა. მინდოდა, რომ როდესაც ჩემი შვილი გათხოვდებოდა, რაღაც მეყიდა. წინ ვიხედებოდი, თორემ დღიური ფული მე ყოველთვის მქონდა ჩემი ტრანსპორტიდან. რომ გამენაღდებინა, 280 000 მანეთი მექნებოდა. კომუნისტების დროს ბანკში ამდენი ფული არაფრით არ შეიძლებოდა, მაგრამ რადგან ნამუშევარი და მანდარინისგან შემოსული ფული იყო, შეგეძლო მილიონი შეგენახა.

ნონა კაჭარავა შვილთან ერთად ნონა კაჭარავა, მარცხნივ
ნონა კაჭარავას პირადი არქივი

ნუთუ არ მეკუთვნის 17-18 კვადრატული მოხუცს, რომ ცალკე ვიცხოვრო?

ნონა კაჭარავას ოთახი

ომისა და შრომის ვეტერანი ვარ. აფხაზეთის ომში პირველ ბატალიონში ვიყავი განაწილებული, აეროპორტიდან და სადგურიდან ტურისტულ ბაზამდე სამხედროებისთვის სატვირთო მანქანით საკვები და პური გადამქონდა. ეს იყო ჩემი საქმიანობა, თორემ იქ ნამდვილად არ მისვრია. ბოლომდე იმ ბატალიონში ვიყავი, ბოლომდე დავრჩი. 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 3 ნოემბერს წამოვედი ავტობუსით. 2000 მანეთი გადავიხადე მაშინ, აფხაზებმა გაყიდეს ბილეთები და ხიდამდე მოგვაცილეს. მარტო წამოვედი, ჩემი უფროსი შვილი, რომელსაც აფხაზი ცოლი ჰყავდა, მასთან და შვილებთან ერთად მოსკოვში წავიდა, ხოლო გოგონა ჩემი შვილის მეგობარმა გადმოიყვანა თბილისში, რომელზეც აქ დაქორწინდა კიდეც. ახლაც თბილისში ცხოვრობენ და ორ შვილი ჰყავთ, უფროსი სტუდენტია, ხოლო უმცროსი- მეორე კლასის მოსწავლე. შვილთაშვილებიც მყავს, რომლებიც სოხუმში ცხოვრობენ. როდესაც ჩემი ბიჭი ცოლს დაშორდა, ჩემი აფხაზი რძალი და ორი შვილიშვილი მოსკოვიდან სოხუმში ჩავიდნენ. რაც ჩემმა შვილმა მეორე ცოლი მოიყვანა აქ აღარ ჩამოდიან, მაგრამ მამასთან კომპიუტერით აქვთ ურთიერთობა, 15 წელია აქ არ ყოფილან. ორივე შვილიშვილს ჰყავთ შვილები, სულ სამი შვილთაშვილი მყავს, მაგრამ ისინი არ მინახავს.

თბილისში 1994 წელს ჩამოვედი, როგორც დევნილი. გადავკეტეთ გზა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე და ეს შენობა, სადაც ვცხოვრობთ, ძალით დავიკავეთ. ადრე აქ პოლიკლინიკა იყო. დღემდე იქ ვცხოვრობ, პატარა, 8 კვადრატულ მეტრში. თავიდან ჩემი ოთახი 17-18 კვადრატული იყო, მაგრამ რაც შვილი მოსკოვიდან დაბრუნდა და კვლავ დაქორწინდა, ცალკე გამოვედი. ჩემი ოთახი ლიფტის ტერიტორიაზეა მოწყობილი. არც წყალი მაქვს, არც აბაზანა და ასეთ დროს შვილთან გავდივარ. 5 -ჯერ დავწერე განცხადება, მაგრამ ბინას არავინ მაძლევს, ყველაფრისთვის მეკუთვნის ბინა - შრომისა და ომის ვეტერანი ვარ, შვილო, უკვე მოხუცი ვარ. ნუთუ არ მეკუთვნის 17-18 კვადრატული მოხუცს, ცალკე რომ ვიცხოვრო? მე არ შემიძლია ხმაურის ატანა. იმათ, რა, თავისი ოჯახი აქვთ. არ შეიძლება ცალკე იყვნენ? ჩვენს მინისტრებს მივმართე, აფხაზეთის მთავრობას, მაგრამ ჯერ არაფერს მაძლევენ.

თბილისში გადმოსვლის შემდეგ ტროლეიბუსების პარკში დავიწყე მუშაობა ტროლეიბუსების მრეცხავად. 2006 წლამდე ვიმუშავე, სანამ ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ტროლეიბუსებმა არსებობა არ შეწყვიტეს. 40 მანეთი მქონდა ხელფასი, მძღოლებიც მინაწილებდნენ თავიანთ შემოსავალს. ამას ემატებოდა ომის ვეტერანობის პენსია, რომელსაც 50 წლის ასაკიდან ვიღებ, თავიდან 40 მანეთი იყო. ძალიან კმაყოფილი ვიყავი ტროლეიბუსის პარკში მუშაობით იმიტომ, რომ ვეცოდებოდი, რახან ლტოლვილი ვიყავი, რახან მძღოლი ვიყავი -ტროლეიბუსის მძღოლებს ვეცოდებოდი და მჩუქნიდნენ ფულს.

“ჩემი ოჯახის და კათარზისის დახმარების გარეშე საკვებისთვის ფული არ მეყოფოდა”

ფოტო: ნონა კაჭარავას ოთახი

თვალზე 4 ოპერაცია მაქვს ჩატარებული, პირველი- 90-იანი წლების ბოლოს, დანარჩენი ოპერაციების წლები აღარ მახსოვს. კიდევ სახსრების ორი ოპერაცია ჩამიტარდა და ორი თვის წინ ინფარქტი დამემართა, გულში სტენტი ჩამიდგეს. ოპერაციისა და საავადმყოფოს ხარჯები მთლიანად სახელმწიფო სადაზღვეო პაკეტით ამინაზღაურდა, ვენაცვალე “სასწრაფო დახმარების” ექიმებს, ყველაფერი გამიკეთეს. იქ არც მკურნალობაში, არც წამლებში ფული არ გადამიხდია, მაგრამ ორი წამალია, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ვსვა. 180 ლარს პენსიას ვიღებ, 60 ლარი დაბალი ქულისაა, სიღარიბის, 22 ლარი- დენისთვის, მათემატიკა კარგად არ ვიცი, თქვენ დაიანგარიშეთ, რამდენია ჩემი შემოსავალი თვეში (262 ლარი). ლტოლვილის დახმარებას არ ვიღებ- ან ლტოლვილის დახმარება უნდა აიღო, ან სოციალურად დაუცველის. ორივე, დიდი ბოდიშიო, მითხრეს.

ფულს მე განვკარგავ. წამლები მინდა, შვილო. ყოველდღე უნდა დავლიო წამლები, თვალების ოპერაციის გამოც მჭიდება წამლები, ყველაფერი იხარჯება წამლებზე. ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ 180 მანეთის წამლები მაინც მჭირდება თვეში. კომუნალური საკითხების მოგვარებაში დამეხმარა ომის ვეტერანობა, 200 მანეთის ვაუჩერი დამიმთავრდა და ალბათ კიდევ გამომიწერენ, 22 ლარი მაქვს კიდევ, ყოველთვე მაძლევენ. იმ პატარა ოთახში ზამთარში კი მიჭირს გადახდა, ადის სადღაც 45-47 ლარამდე. ახლა, როცა ზაფხულია 4 ლარი მყოფნის სინათლის გადასახადისთვის. მე წყალი შიგნით არ მაქვს, მგზავრობის გადასახადიდან გათავისუფლებული ვარ.

მე რომ საკვებიც საკუთარ თავზე ამეღო, ჩემი პენსია ნამდვილად არ მეყოფოდა საჭმლისათვის, “კათარზისი” და ჩემი შვილები რომ არ დამხმარებოდნენ. კათარზისში კვება სრულფასოვანია, ჩვენი რაციონი ხორციანი წვნიანია, კომპოტი, კისელი, სალათები, ხილი.

კითხვა მიყვარს, გაზეთები ჩემი საყვარელი საკითხავია. თუ გაზეთი არ მაქვს, ღამე ვერ დავიძინებ. დამავიწყდა მეთქვა, რომ ფულის ნახევარზე მეტი მიდის გაზეთებში.

სანამ ინფარქტი დამემართებოდა, ბაღებში და პარკებში დავდიოდი. ისე, როდესაც ჯოხი მიკავია და ქუჩაში გადავდივარ, მძღოლები მითმობენ გზას, მაგრამ ავტობუსში რომ შევდივარ, ახალგაზრდების ქცევა არ მომწონს. ზოგი იქით მიიხედავს, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, მიუბრუნებია სახე და ვითომ ვერ მხედავს. აი, ასეთი რაღაცები არ მომწონს.

ყველგან დავდიოდი, შვილო, ეს საკითხი ჩემგან ისწავლა ახალგაზრდობამ. “პივა” იყო ჩემი პირველი დასალევი, მიყვარს ძალიან. ბარებში ჩემს დაქალებთან და ჩემს ძმაკაცთან, სოხუმელ რენოსთან ერთად დავდიოდი. მომღიმარი სახეებით გვხდებოდნენ, “პივას” მოხუცი ქალი რომ დალევს, ბევრს ეუხერხულება, მაგრამ მე არა. დღეს უკვე დავამთავრე ბარებში სიარული. ინფარქტის შემდეგ ვეღარ ვაზროვნებ იმდენად კარგად, მავიწყდება ბევრი რამ.

“მეორე სახლიდან” მიღებული ადამიანური სითბო

ნონა კაჭარავა კათარზისში, პირველ რიგში მარცხნიდან პირველი

მე რომ კარგად, მშვენივრად ვიყო, ბევრს არ ვითხოვ. კომუნისტების დროს 125 მანეთი იყო პენსია და ყველაფრისთვის ყოფნიდათ, ახლანდელ დროში რომ ვიანგარიშოთ, ძალიან კარგად ვიმყოფინებდი 500 ლარს.

მინდა ასეთი “კათარზისი” ბევრი გააკეთოს საქართველომ, რომ მოხუცებს სიკვდილამდე ჰონდეს ის ცოტა სითბო, აქ რომ ვღებულობთ. ეს ნამდვილად მინდა. ძალიან გული მწყდება, ყველას რომ ვერ იღებენ. მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც მინდა ურთიერთობა და აქ მოვდივარ. ამ ოჯახში სითბოა. სიტყვა “კათარზისს” იმდენად თბილად აღვიქვამ, ეს ჩემი მეორე სახლი მგონია. დილით როგორც კი გავიღვიძებ, “კათარზისში” მოვდივარ. ძალიან კარგად ვატარებ დროს -კონცერტები იმართება, თვითონ გვპატიჟებენ სხვაგანაც, ბილეთებს იღებენ, იდეალურადაა ყველაფერი. აქ მეორადებიცაა და მჩუქნიან ტანსაცმელს. ეს კოსტუმი, რაც მაცვია, მეორადისაა. მშვენიერია. ჩემებიც მყიდულობენ - შვილი და რძალი.

ძალიან მწყდება გული, რომ 50 წლის არ ვარ. ცხვირით მოვხნავდი მიწას, ვიმუშავებდი, ვიშრომებდი. იმხელა მიშრომია ქალს, წარმოუდგენელია. ერთმა ქალმა კი არა, მილიონმა ქალმა არ თქვას, ჩემზე უფრო მეტი თუ უშრომია, არ მგონია. ახლა რომ 50 წლის ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რაც შესაძლებელია. ახლა ვაჭრობაშია ფული, ავიღებდი ცოცხს, ქუჩას დავხვეტდი ერთ ადგილას, მეორე ადგილას, ყველგან ვიმუშავებდი. 73 წლის ვარ, მაგრამ ძლიერი ქალი ვარ, შევძლებდი მანქანაზე მუშაობასაც, მაგრამ მძღოლისთვის მთავარი თვალებია, თვალმა მიღალატა.

პენსიების წილი 2016 წლის ბიუჯეტში

პარტიების დაპირებები ამჟამინდელ და მომავალ პენსიონერებს

გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება და აქტიური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, “უჩინარების პროექტის ფარგლებში გთავაზობთ არა ტრადიციულ ერთ დისკუსიას ორი სტუმრის მონაწილოებით, არამედ რამდენიმე პარტიის მოსაზრებას ქვეყნის საპენსიო უზრნველყოფის განვითარებასთან დაკავშირებით. ნახეთ ქვემოთ მოყვანილი ვიდეოები და გაეცანით, რის გაკეთებას ჰპირდებიან პარტიები დღევანდელ და მომავალ პენსიონერებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს, რომ ბიუჯეტში დღესვეა შესაძლებელი სახსრების მოძიება იმისათვის, რომ პენსია გაიზრდოს, ამიტომ ისინი მოსახლეობას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენსიის ზრდას სწორედ 50 ლარით ჰპირდებიან შემდეგ კი - ეკნომიკური ზრდის შესაბამისად. პენსიის 50-ლარიანი ზრდა საპენსიო უზრუნველყოფის ბიუჯეტის 1 953 276 840 ლარამდე გაზრდას გამოიწვევს.

პაატა ბურჭლაძე სახელმწიფო ხალხისთვის

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ხანდაზმულებს საჭიროების შემთხვევაში პენსიის 250 ლარამდე გაზრდას სთავაზობს და ფიქრობს, რომ ამ სერვისით არ ისარგებელებენ ის პენსიონერები, რომლებსაც სახელმწიფოსაგან დახმარება არ სჭირდებათ. გარდა ამისა,ბურჭულაძის გუნდი ფიქრობს, რომ 300 მილიონი ლარით გაზრდის სოციალური დახმარების მიმართულებით გათვალისიწნებულ ბიუჯეტს.

ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა

ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება ამბობს, რომ აპირებს გადახედოს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიას და კანონში ჩაწეროს, რომ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ პენსიას სახელმწიფო ხანდაზმულს არ გადაუხდის. ბურჯანაძის პარტიის გამოანგარიშებით დღეისათვის საარსებო მინიმუმი 250 ლარს შეადგენს და ისინიც ხანდაზმულებს პენსიის გაზრდას სწორედ ამ ნიშნულამდე ჰპირდებიან. ბურჯანაძის ბლოკი ასევე აცხადებს, რომ პენსია “სტაჟისა და დამსახურების მიხედვით” უნდა დაანგარიშდეს. თუ სტაჟის კომპონენტს გამოვაკლებთ, რადგან ამ საკითხზე პარტიას ჯერ კონკრეტულად ჩამოყალიბებული რიცხვები არ აქვს, პენსიის მხოლოდ 250 ლარამდე გაზრდა საპენსიო უზრუნველყოფაზე გათვალისწინებულ ბიუჯეტს 2 123 127 000 ლარამდე გაზრდის:

უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

რესპუბლიკელები მოსახლეობას არ ჰპირდებიან პენსიის მყისიერ, არსებით ზრდას. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განახორციელებენ დაგროვებით საპენსიო რეფორმას.

ქართული ოცნება

მმართველი პარტია პენსიის მყისიერი ზრდის დაპირებით არ გამოდის, თუმცა ამბობს, რომ ამას ეკონომიკური ზრდის მიხედვით გააკეთებს ეტაპობრივად. ქართული ოცნება მოსახლეობას დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელებას ჰპირდება, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარე 4-წლიან საარჩევნო ციკლში საუბრობდა, თუმცა ბოლომდე ვერ მიიყვანა. საუბარია პენსიის კერძო დაგროვებით მოდელზე, როდესაც მოქალაქე საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, დამსაქმებელი და სახელმწიფო კი ვალდებულები იქნებიან დამატებით კიდევ 2-2% გადაურიცხონ.

ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტები ამბობენ, რომ ისინი ამომრჩეველს პენსიის ზრდას არა, თუმცა 4-პუნქტიან საპენსიო რეფორმას სთავაზობენ, რომელის მიხედვითაც 5 წლით უნდა შემცირდეს საპენსიო ასაკი და მოქალაქეებმა პენსია “სტაჟისა და დამსახურების” მიხედვით მიიღონ. ლეიბორისტები აცხადებენ, რომ 80 წლის ზევით თითოეული პენსიონერის პენსიას ყოველ ერთ წელზე 100 ლარი დაემატება. ასევე ლეიბორისტების დაპირებით პენსიონერებმა წლის განმავლობაში ერთხელ უნდა მიიღონ “მე-13 პენსია”. მართალია ლეიბორისტული პარტია პენსიის გაზრდის დაპირებით არ გამოდის, თუმცა საპენსიო ასაკის 5 წლით დაწევა (2014 წლის აღწერის შედეგების მონაცემების მიხედვით) სისტემაში 200 ათასზე მეტ ახალ პენსიონერს შემოიყვანს, რაც დამატებით მილიონობით ლარია. რაც შეეხება 80 წლის ზემოთ ყოველ წელზე 100 ლარიან დანამატებს, ამავე აღწერის მონაცემებით, 80 წელს ზემოთ 100 000 ადამიანზე მეტი ცხოვრობს, რაც ასევე დამატებით ასეულობით მილიონ ლარს ნიშნავს. ლეიბორისტების განმარტებით, საპენსიო ასაკის დაწევა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოხდება.

თავისუფალი დემოკრატები

“პენსია გახდება 300 ლარი და ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება ყოველწლიურად”, - ეს თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო დაპირებაა. თავისუფალი დემოკრატები ასევე აცხადებენ, რომ განახორციელებენ საპენსიო რეფორმას და გადახედავენ საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესს. თუ თავისუფალი დემოკრატების დაპირება შესრულდება ეს იმას ნიშნავს, რომ საპენსიო უზრუნველყოფაზე ბიუჯეტი დაახლოებით 1 მილიარდი ლარით გაიზრდება.

პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსი გამოდის 5 წლით საპენსიო ასაკის დაწევის ინიციატივით, რაც საპენსიო უზრუნველყოფის (2014 წლის აღწერის შედეგების მონაცემების მიხედვით) სისტემაში 200 ათასზე მეტ ახალ პენსიონერს შემოიყვანს და რაც დამატებით ასობით მილიონი ლარია.

პროექტი "უჩინართა ზეპირი ისტორიები და დისკუსია", ნეტგაზეთი, 2016

Leave a Reply

Your email address will not be published.