კატეგორიის გარეშე

უეცარი კარდიული სიკვდილი – პრობლემა, რომელსაც ვერ ვხედავთ

13 ივნისი, 2021 • 3348
უეცარი კარდიული სიკვდილი – პრობლემა, რომელსაც ვერ ვხედავთ
12 ივნისს დანიელი ფეხბურთელი, კრისტიან ერიკსენი ფინეთთან საფეხბურთო მატჩისას, შეუძლოდ გახდა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მწვრთნელი და სამედიცინო გუნდი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, გულის ამუშავებას. როგორც Reuters წერს ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ნეტგაზეთი გთავაზობთ კარდიოლოგის, რითმოლოგის და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის გამგეობის წევრის გიორგი პაპიაშვილის სტატიას, რომელიც ამ თემას ეხება და რომელიც მან 2017 წელს Facebook-ზე გამოაქვეყნა. ამ კუთხით საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ნეტგაზეთი უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ მასთან ინტერვიუს.

ცოტა ხნის წინ რამდენიმე, ბევრისთვის ძვირფასი ადამიანის უეცარმა სიკვდილმა მაიძულა ამ წერილის დაწერა. უეცარი სიკვდილი არის პრობლემა, რომელიც არსებობს, აქვეა, ჩვენს გვერდით, მაგრამ მას რატომღაც ჯიუტად არ ვიმჩნევთ. არათუ მოსახლეობა, თვით სამედიცინო საზოგადოებაც ხშირად მას სწორ სახელს არ არქმევს. არაერთი ადამიანი კვდება უეცრად და ჩვენ გვესმის სრულიად გაუგებარი, შინაარსს და გააზრებას მოკლებული, მითიური დასკვნები, რომ თრომბი დაემართა, გული გაუსკდა, “გაჟონვა” მოუვიდა და ა.შ. მაშინ, როდესაც ადამიანის უეცარ გარდაცვალებას აქვს სახელი, რომელიც სამედიცინო ტერმინია და მართლაც ასე ეწოდება: უეცარი სიკვდილი და მას აქვს ზუსტი დეფინიცია.
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრობლემა სწორი სახელით მოვიხსენიოთ? იმიტომ, რომ პრობლემის დანახვიდან და სწორი სახელდებიდან იწყება მისი გადაჭრა. დღეს საქართველოში უეცარი სიკვდილის სტატისტიკაც კი არ არსებობს, რადგან თვით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩანაწერებშიც კი ეს დიაგნოზი პრაქტიკულად არ გვხვდება.
რა იწვევს უეცარ სიკვდილს? უეცარი სიკვდილის შემთხვევების 95% გამოწვეულია გულის უეცარი გაჩერებით ამა თუ იმ მექანიზმით და მას უეცარი კარდიული სიკვდილი ეწოდება. აქ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გულის უეცარი გაჩერება არის უშუალო მიზეზი სიკვდილის, თორემ რა თქმა უნდა, ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევაშიც ბოლოს გული ჩერდება და აქ ამაზე არ გვაქვს საუბარი.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გულის უეცარი გაჩერება იშვიათად გულისხმობს პირდაპირი მნიშვნელობით გაჩერებას, ძირითადად გულის “გაჩერება” გამოწვეულია იმით, რომ გულში ვითარდება ძალიან სწრაფი და განსაკუთრებული არითმია (პარკუჭების ფიბრილაცია), რომელიც კოორდინირებული შეკუმშვის ნაცვლად იწვევს გულის კუნთის ქაოსურ, არაკოორდინირებულ “ციმციმს”, რაც გულს აკარგვინებს სისხლის გადაქაჩვის უნარს და პრაქტიკულად გაჩერების ტოლფასია. ამ შემთხვევაში გულის მუშაობის აღდგენის ერთადერთი გზა კონტროლირებული ელექტრული “შოკის” განხორციელებაა, რომელსაც შეუძლია არითმიის შეწყვეტა და გულის კოორდინირებული შეკუმშვების აღდგენა.

გულის უეცარი გაჩერებით გამოწვეული უეცარი კარდიული სიკვდილი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და ერთი შეხედვით თითქოს სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც. ბევრი დაავადება განაპირობებს უეცარი სიკვდილის რისკს. მათგან ყველაზე ხშირი გულის იშემიური დაავადება და გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტია, თუმცა როგორც აღვნიშნე, არსებობს არაერთი დაავადება, რომლის დროსაც გული სტრუქტურულად სრულიად ჯანმრთელია, ხილული დაავადების ნიშნები არ არის, მაგრამ გენეტიკურად განპირობებული სხვადასხვა არითმოგენური დარღვევა იწვევს უეცარ სიკვდილს. მაგ. გრძელი QT-ინტერვალის სინდრომი, რომელიც ბავშვთა ასაკში უეცარი სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, რომელიც სპორტსმენთა უეცარი კარდიული სიკვდილის ერთ-ერთი უხშირესი გამომწვევია.

უნგრელი ფეხბურთელი მიკლოშ ფეჰერი 2004 წელს პირდაპირ მოედანზე გარდაიცვალა 24 წლის ასაკში. იტალიელი ფეხბურთელი პიერმარიო მოროზინი 2012 წელს ასევე მოედანზე გარდაიცვალა უეცრად 25 წლის ასაკში. ჩვენ გვასხოვს კიდევ არაერთი სპორტსმენის და არა მარტო სპორტსმენის უეცარი სიკვდილის შემთხვევა.

სამწუხაროდ, უეცარი კარდიული სიკვდილი არც ისე იშვიათია. როგორც აღვნიშნე, საქართველოში შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან დიაგნოზად არც კი გამოდის ხშირად სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ.
საერთაშორისო სტატისტიკით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველწლიურად იღუპება დაახლოებით 17 მილიონი ადამიანი და აქედან 25% უეცარ სიკვდილზე მოდის. უეცარი სიკვდილით იღუპება საერთო მოსახლეობის 0,1-0,2%, საიდანაც მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში მინიმუმ 3500 ადამიანი იღუპება უეცარი სიკვდილით ყოველწლიურად.
როგორც აღვნიშნე, გულის უეცარი გაჩერებისას გადარჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს დაუყოვნებელი ელექტრული შოკი (დეფიბრილაცია), რომელიც ეფექტურია, თუ გულის გაჩერებიდან 1-2 წთ-ის განმავლობაში ჩატარდება. ყოველი წუთის გასვლის შემდეგ გადარჩენის შანსები მნიშვნელოვნად კლებულობს და 5-6 წუთში ნულამდე ჩამოდის. აქედან გამომდინარე, საავადმყოფოს გარეთ განვითარებული გულის გაჩერება ძალიან დიდი სიკვდილობით ხასიათდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველასთვის ხილულ და გამოსაჩენ ადგილებზე მონტაჟდება ე.წ. გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორები, რომელიც ძალიან ადვილი მოსახმარია ნებისმიერი ადამიანისთვის. ეწყობა სერიოზული საინფორმაციო კამპანია უეცარი სიკვდილის, როგორც პრობლემის ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტარდება ტრენინგები პირველადი დახმარების აღმოჩენის და გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორების მოხმარების მხრივ.

ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი საკმაოდ მარტივი მოსახმარია. ჩვენგან მოითხოვს მხოლოდ დაზარალებულის გულმკერდზე წებოვანი ელექტროდების მოთავსებას, რაც ძალიან კარგად არის ვიზუალურად ილუსტრირებული აპარატზე და აპარატი სიტყვიერადაც იძლევა რეკომენდაციებს, სად უნდა იქნას დაკრული ელექტროდები. ამის შემდეგ აპარატი თვითონ აანალიზებს პაციენტის გულის რიტმს და თვითონ წყვეტს, საჭიროა “შოკის” განხორციელება თუ არა. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში ნაჩვენებია ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის მოხმარება.

ქვემოთ კი ჩემი ფოტოა, რომელიც რომში გადავიღე ავტომატურ გარეგან დეფიბრილატორთან. როგორც ხედავთ, ეს აპარატები ყველასთვის კარგად ხილულ ადგილებშია განთავსებული კარგად აღსაქმელი წარწერით.

ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორების კარგი ქსელით და კარგი საინფორმაციო კამპანიით არაერთი ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი. მაგალითად ბარსელონაში ცოტა ხნის წინ წამოიწყეს პროექტი Barcelona – Ciudad Cardioprotegida, რაც ითარგმნება, როგორც “ბარსელონა – გულის მხრივ დაცული ქალაქი”. პროექტი, რომლის ინიციატორია ჩემი მასწავლებელი, პროფესორი ჯოზეფ ბრუგადა, გულისხმობს ქალაქის ყველა აფთიაქის აღჭურვას ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორით, რაც აფთიაქების ფართო გავრცელების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორების ხელმისაწვდომობას ქალაქის პრაქტიკულად ნებისმიერ წერტილში.
აუცილებელია საქართველოშიც ამაღლდეს ამ მხრივ ცნობადობა და სახელმწიფომ გამოიჩინოს ნება, რომ მსხვილი ქალაქების ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში მაინც განთავსდეს ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორები და მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება მათი გამოყენების წესების შესახებ.
მეორეს მხრივ ლოგიკურია, რომ უკეთესია, ადამიანს არ დაჭირდეს ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენება და მოვახდინოთ უეცარი სიკვდილის პრევენცია, მით უმეტეს, რომ ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი ყველგან ჩვენს სიახლოვეს ვერ იქნება, ვთქვათ სოფლად ან შედარებით ნაკლებად დასახლებულ ადგილებში. დღეისათვის მედიცინას გააჩნია საკმარისი საშუალებები იმისთვის, რომ გამოავლინოს ის პირები, რომელთაც აღენიშნებათ უეცარი სიკვდილის გაზრდილი რისკი. ასეთ ადამიანებს ერთის მხრივ მიეკუთვნებიან უეცარ სიკვდილს ერთხელ უკვე გადარჩენილი ადამიანები, თუმცა მანამდეც მედიცინას აქვს კარგად გაწერილი კრიტერიუმები, თუ ვინ საჭიროებს უეცარი სიკვდილის აქტიურ პრევენციას. უპირველესად ესენი არიან გადატანილი ინფარქტის მქონე ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვნად დაქვეითებული აქვთ გულის კუმშვადობა. ესენი არიან აგრეთვე გულის კუნთის სხვადასხვა დაავადების (კარდიომიოპათიის) მქონე ადამიანები. ესენი არიან სხვადასხვა გენეტიკური არითმოგენური დაავადების, მაგ. გრძელი QT-ინტერვალის სინდრომი, ბრუგადას სინდრომი და სხვ. მქონე პირები (ხშირად ბავშვები). ამ დაავადებების გამოვლენა მარტივი ელექტროკარდიოგრაფიით და ექოკარდიოგრაფიითაა შესაძლებელი.
ადამიანებს, რომელთაც უეცარი კარდიული სიკვდილის გაზრდილი რისკი აქვთ, ესაჭიროებათ იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ჩანერგვა ორგანიზმში. ეს მცირე ზომის აპარატია, რომელიც ორგანიზმში, კანქვეშ დგება და სრულიად ავტონომიურად მუშაობს. მას შეუძლია დამოუკიდებლად ამოიცნოს, როდესაც ადამიანს განუვითარდება ისეთი არითმია (პარკუჭთა ფიბრილაცია), რომელსაც მოსდევს უეცარი სიკვდილი და ასევე დამოუკიდებლად განახორციელოს ელექტრული შოკი (დეფიბრილაცია), რაც იმის გათვალისწინებით, რომ შოკი არითმიის აღმოცენებიდან რამდენიმე წამის დაყოვნებით ხორციელდება, გადარჩენის პრაქტიკულად 100%-იან შანსს უტოვებს პაციენტს.

იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც არსებობს და უკვე რუტინულ მკურნალობადაა ქცეული მთელ მსოფლიოში. საქართველოშიც პირველი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჯერ კიდევ 2003 წელს ჩააყენა ჩემმა კოლეგამ ხათუნა ჯალაბაძემ, მას შემდეგ კი სულ უფრო მეტი აპარატი ენერგება უამრავ პაციენტს და არაერთი სიცოცხლე აქვს გადარჩენილი.

 ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე ნაჩვენებია კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც გულის გაჩერების გამო უგონოდ ეცემა მინდორზე, თუმცა მას ერთი წლით ადრე იმპლანტირებული აქვს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, რომელიც ელექტრული “შოკის” შედეგად ახერხებს გულის კვლავ ამუშავებას. აქ თვალნათლივ ჩანს, რომ ეს პატარა აპარატი ქმნის სწორედ განსხვავებას სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.

მიუხედავად კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების იმპლანტაციის რაოდენობის აშკარა ზრდისა, ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს. მაგალითად გერმანიაში მილიონ მოსახლეზე ყოველწლიურად დგება 444 კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, მაშინ როდესაც საქართველოში 2015 წლის მონაცემებით მილიონ მოსახლეზე იმპლანტირებული იკდ-ის რაოდენობა მხოლოდ 42 იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი