კატეგორიის გარეშე •

„გერმანიაში 2017-ში იცოდნენ, რომ ხანგოშვილი საფრთხეში იყო“ – „შპიგელი“

6 დეკემბერი, 2019 • 1666
„გერმანიაში 2017-ში იცოდნენ, რომ ხანგოშვილი საფრთხეში იყო“ – „შპიგელი“

გერმანული გამოცემა „შპიგელი“ (SPIEGEL) წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გერმანიის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ჯერ კიდევ 2017 წელს იცოდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის სიცოცხლე შესაძლოა საფრთხეში ყოფილიყო.

6 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ეს ინფორმაცია გერმანიის უსაფრთხოების სამსახურს 2017 წელს წელს ჩატარებული მოკვლევების საფუძველზე ჰქონდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ „შპიგელის“ ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ კიდევ მაშინ გააფრთხილა ბერლინისა და ბრანდერბურგის მთავრობები, რომ ხანგოშვილის იქ ყოფნა თუ ცნობილი გახდებოდა, შესაძლოა,მას საფრთხე დამუქროებოდა „პრორუსული აქტორებისგან“ ან ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიმდევრებისგან.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მოკლეს.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

 

ამ თემაზე გირჩევთ:

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

მასალების გადაბეჭდვის წესი