კატეგორიის გარეშე

აფეთქებით დაზიანებული კორპუსიდან ოჯახების ნაწილი სასტუმროში გადაიყვანეს

28 ოქტომბერი, 2019 • 1234
აფეთქებით დაზიანებული კორპუსიდან ოჯახების ნაწილი სასტუმროში გადაიყვანეს

დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები 5 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს, დარჩენილი 10 ოჯახის თქმით კი, ღამის გასათევი ადგილი აქვთ.

“პირველ სადარბაზოში, სადაც მოხდა აფეთქება, 15 მოსახლე ცხოვრობს და შიგნით არცერთს არ შევუშვებთ. კომუნიკაციები, მათ შორის, ელ. ენერგია და წყალი გათიშულია. ამ ოჯახების ნაწილს – 5 ოჯახს გადავიყვანთ სასტუმროში, დანარჩენის თქმით, მათ ალტერნატიული ფართი აქვთ”, – ამბობს ირმა ზავრადაშვილი.

რაც შეეხება მეორე სადრბაზოს, გამგებლის თქმით, აქ მოსახლეების შესვლა უსაფრთხოა, თუმცა, რადგან მთავარი შესასვლელით სარგებლობა შეუძლებელია, მოსახლეობისთვის ალტერნატიული შესასვლელი გაკეთდება.

“ინფრასტრუქტურის სამსახური და მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლები იქ [მეორე სადარბაზოში] შევიდნენ და აღმოჩნდა, რომ იქ დაზიანება არაა”, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე კორპუსის მცხოვრებლები უსაფრთხოების სამსახურის წამრომადგენლებთან ერთად დღესვე შევლენ თავიანთ სახლებში.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. ამჟამად მოწმდება საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობა. მოსახლეობა ევაკურიებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი