კატეგორიის გარეშე •

წერილი გინდათ თუ სიხარული? – გახარიას ხუმრობა ჟურნალისტებს [ვიდეო]

6 მარტი, 2019 • 2059
წერილი გინდათ თუ სიხარული? – გახარიას ხუმრობა ჟურნალისტებს [ვიდეო]

“თქვენ წერილი გინდათ თუ სიხარული?” – ასე ეხუმრა შს მინისტრი გიორგი გახარია პრაიმტაიმის ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის მიერ მუქარის წერილზე გავრცელებული ინფორმციის თაობაზე.

გახარიას თქმით, ის მზად არის, თიბისის საქმის ობიექტურ გარემოებებზე ყველა ფორმატში ისაუბროს, იქნება ეს პარლამენტი თუ პროკურატურა.

“პარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისთვის”, – თქვა გახარიამ.

იგი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გამოსვლას გულისხმობდა.

გახარიამ ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და თქვა, რომ არავის ექნება უფლება, “ჭორაობითა და შეთქმულების თეორიებით” თავი აარიდოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შსს-ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, შს მინისტრის მუქარის წერილზე დაკითხვაზე ისაუბრა, შესაბამისად, პროკურატურას და სასამართლოს წერილზე ინფორმაცია ამ დრომდეც მიღებული ჰქონდათ.

“მე ამ წერილის შესახებ დაკითხვაზე ვთქვი. ამ საკითხზე გამოძიება არ დაწყებულა, არც მოსამართლემ და არც საქმის პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვეს, როცა ვუთხარი, რომ ჩემზე იყო შემოტევა-მუქარა… ეს არის ჩაწერილი და არავინ არათუ დაინტერესდა, არამედ 9 იანვარს პროკურატურამ ჩემზე პირველი საშინელი განცხადება გააკეთა, რამაც ჩვენს ინვესტორებს 90 მლნ ლარი დააკარგვინა. მე ამ წერილზე დაკითხვაზე ვისაუბრე, რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს?!” – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

გახარია უარყოფს მუქარის ფაქტს, ხოლო პროკურატურა იმას, რომ ხაზარაძემ დაკითხვისას გახარიას წერილზე ისაუბრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი