გართობა

+23 ▶ როდის გაიგეთ, რომ თოვლის პაპა არ არსებობს? – დიდების მოგონებები

31 დეკემბერი, 2018 • 5605
+23 ▶ როდის გაიგეთ, რომ თოვლის პაპა არ არსებობს? – დიდების მოგონებები

გაფრთხილება  ამ მასალაში საუბარია ისეთ საკითხზე, რომლის წაკითხვაც არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის! თუ პატარები სასწრაფოდ არ დატოვებთ ამ ბმულს, ან უფროსები ხმამაღლა დაიწყებთ სახლში სტატიის კითხვას, რედაქცია გაფრთხილებთ, რომ შესაძლოა, ახალი წლის ღამეს არც სანტა კლაუსი გესტუმროთ და არც თოვლის პაპა.

როდის გაიგეთ, რომ პიროვნება ინიციალებით ს.კ. (იგივე თ.პ./ბ.) არ არსებობს და რა რეაქცია გქონდათ? – გთავაზობთ ნეტგაზეთის მეგობრების საინტერესო და სევდიან ბავშვობის მოგონებებს:

მანჩო
ეჰჰ, მე 1 დღეც არ მიცხოვრია ტყუილში – ყველა საჩუქარს “მაყვედირდნენ” მშობლები, ჩვენ გიყიდეთო…
თინა
როდიდან, არ მახსოვს… დაახლოებით, როდესაც ვითომ თოვლის ბაბუა დავინახე, ანუ გადაცმული ადამიანი… მაგრამ გადავწყვიტე, რომ ეს უფროსების მოგონილია და ნამდვილი სადღაც სხვაგან არის. მერე 7-8 წლისას ჩემმა ნათლიამ მითხრა – რისიც გჯერა, ის არსებობს და იარსებებს სანამ გეჯერებაო. ხოდა დღემდე ვიცი, რომ სადღაც არის კეთილი წმინდა ნიკოლოზი, თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი თუ ვინც გინდა… ვისაც უნდა ბავშვების გახარება და ჩვენ ამ სურვილის მატერიალიზაციაში ვეხმარებით…
ნატა
ძალიან დიდი ვიყავი უკვე, 11-12 წლის, ალბათ. ახალი წლის წინა დღეები იყო და შემთხვევით დავინახე, რომ დედაჩემმა თავის კარადაში მოზრდილი პარკი შეკუჭა. მთელი ღამე ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა დაემალა… დილით გადმოვქექე და ორი საჩუქარი ვნახე, მაგრამ ხმა არ ამომიღია. თან, ჩემს ძმასაც ხომ არ ჩავამწარებდი ახალ წელს – ის პატარა იყო. ჰოდა, იმ წელსაც გავჩუმდი და მომდევნო წელსაც – თუ ვიტყვი, ვაიდა აღარაფერი არ მაჩუქონ-მეთქი, ამიტომ. ძალიან მეწყინა, საშინელი გრძნობა იყო… ააა, სიცრუეში მაცხოვრებდით, არა?! – ეგრე ვუყურებდი მშობლებს.
ნანკა
ჩემი მეზობელი თავისი შვილებისთვის ნაყიდ საჩუქრებს ჩემს სახლში მალავდა და ახალი წლის ღამეს მიჰქონდა უკან. პირველ იანვარს ეს ბავშვები სანტას მოტანილ საჩუქრებს გამოფენდნენ ხოლმე. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია მივხვედრილიყავი, რა ტყუილშიც მაცხოვრებდნენ მანამდე
ელისაბედი
ამ ბოლო დროს ვცდილობდი გამეხსენებინა, როდის მჯეროდა და საერთოდ თუ მჯერობა თოვლის ბაბუის (სანტა კლაუსი თუნდაც). ვერ გავიხსენე. არასოდეს მჯეროდა და იმიტომ… თუმცა, მახსოვს განცდა, რომ მინდოდა დამეჯერებინა… ვფიქრობ, იმიტომ არ მჯეროდა, რომ ახალი წლის საჩუქრები, თუნდაც შობაზე და ეს შობის ზღაპარი ჩემს ბავშვობაში არ იყო “მოდაში” ან ვის რა ესაჩუქრებოდა 90-იანებში. სულ ესაა.
გვანცა
5 წლის ასაკში ჩემმა უფროსმა ძმამ დამინგრია ბავშვობა.

გვანცას წერილი თოვლის პაპას, 2001 წელი

ქეთი
ახლა დავფიქრდი, რა ასაკში გავიგე, რომ თოვლის ბაბუ/პაპა არ არსებოდა?! სიმართლე გითხრათ, ძალიან შორეული წარსულიდანაც მახსოვს, რომ საჩუქარი, რომელიც ახლა გაღვიძებულს მხვდებოდა, ჩემი მშობლების ან ბებიის დამსახურება იყო. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს მოსწონთ მსგავსი რაღაცები და, ალბათ, ადამიანებს ბავშვებივით სულ გვსურს, არსებობდეს მსგავსი სასწაულები, 5 წლამდე თავს “ვარწმუნებდი”, რომ ის ნამდვილად არსებობდა და ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ჩემს სახლშიც შემოიპარებოდა და დილით ნაძვისხესთან ვნახავდი იმ საჩუქარს, რომელიც ასე ძალიან მსურდა, სანამ, სრულიად შემთხვევით, დედაჩემი არ დავინახე საჩუქრებით ხელში. მან სცადა გადავერწმუნებინე, მაგრამ ჯიუტად განვაცდახე, რომ ვიცოდი ყველაფერი და მოტყუებას აზრი არ ჰქონდა.
ანა
არასდროს მჯეროდა. 3 წლის ასაკში რომ მომიყვანეს, ვეცი და წვერი მოვაგლიჯე “ეს ხომ ჩვენი მეზობელია” ფრაზით.
ანუკი
14-ის ვიქნებოდი (საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ გჯეროდეს), შემთხვევით გავიგე და ძალიან გული დამწყდა. მამაჩემმა გადმომცა საჩუქარი პირადად. ვკითხე, თოვლის ბაბუა სად არის მეთქი, მითხრა, მე გამომატანაო. იქ დამემსხვრა ოცნება და დაიწყო რეალობა, მაგრამ მადლობა მშობლებს, რომ ამდენი ხანი მჯეროდა.
თამარა
ვხედავდი, ბაბუაჩემი რომ დადებდა საჩუქარს და გარბოდა. შესაბამისად, ვიცოდი, რომ არ არსებობდა თოვლის ბაბუა, მაგრამ არ ვამჟღავნებდი… ვითომ მჯეროდა.
თამთა
ბებიამ მითხრა, 9 წლის რომ ვიყავი. გაოცებული ვუყვებოდი. ბუბასთან კი არ მისულათქო და გამახარა. ცხოვრების სტრესი იყო. მერე ვცდილობდი, ჩემს ძმას დროზე ადრე არ გაეგო. რომ გაიზარდა, ვუთხარით, გავიზარდეთ და ახლა მშობლები გვაჩუქებენ, თოვლის პაპა უფრო პატარებს დაასაჩუქრებთქო.
ლოლა
ვიცოდი, რომ არ არსებობდა. თავიდანვე ჭკვიანი ბავშვი ვიყავი.
ია
როცა საქმეში ბოროტი უფროსი ძმა ჩაერთო, მაშინ გავიგე, რომ არ არსებობდა.
სოფია
– ბაბუშკა, ა ეტო პრავდა ძედ მოროზ პრინიოს პოდარკი ილი ტი კუპილა?

-კონეჩნო ძედ მოროზ ვნუჩენკა.

(2 minutes later)

– ბაბუშკა, ა ეტო პრავდა ძედ მოროზ პრინიოს პოდარკი ილი ტი კუპილა?

– კონეჩნო ძედ მოროზ ვნუჩენკა.

(ბევრჯერ ბევრჯერ ბევრჯერ)

– ბაბუშკა, ა ეტო პრავდა ძედ მოროზ პრინიოს პოდარკი ილი ტი კუპილა?

– და ია კუპილა, იააააააა ტი ტოლკო ზამალჩიიიიიიიიიიიი!!!

შვიდი წლის უკვე ზანოზა ვ ზადნიცე ვიყავი კი <3 :დ

ანა
5 წლის ვიყავი და ბავშვებმა მითხრეს, მგონი. დიდად ტრაგიკულად არ აღმიქვამს. უბრალოდ, მეშინოდა, დედა არ მიმხვდარიყო, რომ ვიცოდი და არ შეეწყვიტა თოვლის ბაბუობა.
თამო
დედაჩემი დავინახე, საჩუქრებს რომ დებდა კართან. მგონი, 7-8 წლის ვიყავი.
ანი
4-5 წლის ვიქნებოდი. ჩემით მივხვდი და არანაირი რეაქცია არ მქონია.
მარიამი
დავფიქრდი, დავფიქრდი და არასდროს არ მჯეროდა მისი არსებობის. ერთადერთი, ახალი წლის ღამეს, ძილის წინ ჩაფიქრებული სურვილის მჯეროდა, მაგრამ სულ მავიწყდებოდა – ისე ვიძინებდი… როცა მეღვიძებოდა, მერე მახსენდებოდა, რომ დამავიწყდა სურვილის ჩაფიქრება და ძალიან ვნანობდი. ველოდები შემდეგ წელს იგივე სურვილით, მაგრამ სულ მცირე 3 “ახალი წელი “მაინც ისე გამეპარა, უსურვილოდ ვიძინებდი… მერე კი საერთოდ აღარ მჯეროდა აღარც სურვილის ახდენის.
ნათია
მეექვსე კლასში მითხრა კლასელმა – ნათ, კაი რა, ამხელა გოგოს როგორ გჯერა, აბა, კითხე კარგად დედასო და თვალი ჩამიკრა… დედაჩემი მსახიობობდა საოცრად, აივნიდან ნაძვის ხემდე წყლის წვეთებს აშხეფებდა ხოლმე, რომ გვეფიქრა თოვლის ბაბუის დაფერთხილი თოვლი დადნა, როცა ნაძვთან საჩუქრები დატოვა.
თეკლა
ბუშტით ვთამაშობდი და ამივარდა კარადის თავზე. ავძვერი ჩამოსატანად და დავინახე სათამაშოები. მეორე დღეს ზუსტად იგივე მომიტანა თოვლის ბაბუამაც.

გაგვიზიარეთ თქვენი მოგონებებიც

მასალების გადაბეჭდვის წესი