კატეგორიის გარეშე •

“მინსკის მოლაპარაკებისას პუტინი პოროშენკოს “საბოლოო გასრესით” დაემუქრა” – ფრანსუა ოლანდი

3 სექტემბერი, 2018 • 4614
“მინსკის მოლაპარაკებისას პუტინი პოროშენკოს “საბოლოო გასრესით” დაემუქრა” – ფრანსუა ოლანდი

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გამოაქვეყნა მემუარები სათაურით “ძალაუფლების გაკვეთილები”, სადაც წერს, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკები უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებებისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ღიად ემუქრებოდა. ინფორმაციას ფრანსუა ოლანდის მემუარების შესახებ The Business Insider ავრცელებს.

“პოროშენკო და პუტინი პერიოდულად ერთმანეთს ხმას უწევდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ისე გაცხარდა, რომ მოწინააღმდეგეს სრული განადგურებით დაემუქრა. ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალები იბრძოდნენ. პუტინმა დაუყონებლივ გაიაზრა თავისი ნათქვამი და გაჩუმდა”, – წერს ფრანსუა ოლანდი.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღებას აჭიანურებდა. ეს შეთანხმება კი აუცილებელი იყო აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლისღვრის შესაჩერებლად.

როგორც ოლანდი მემუარებში აღნიშნავს, მოლაპარაკებების პროცესში პუტინმა დრო ითხოვა, რადგან პირისპირ უნდა დალაპარაკებოდა უკრაინელ სეპარატისტებს, თუმცა მოლაპარაკებაში ჩართულმა მხარეებმა არ იცოდნენ, იყვნენ თუ არა ისინი მინსკში.

“ჩვენ ისინი არ გვინახავს”, – წერს ოლანდი.

უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო. რუსეთის ხელისუფლება ამ დრომდე ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მისი ძალები არ იბრძვიან, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არაერთხელ მოიპოვეს პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს ამარაგებს როგორც ცოცხალი სამხედრო ძალით, ისე შეიარაღებითა და ფინანსური რესურსით. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის პირველ ნახევარში უკრაინა-რუსეთს შორის გაფორმდა მინსკის ხელშეკრულება და იქ გაიწერა კონკრეტული ვალდებულებები, რუსეთს ნაკისრი ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია. ამ შეთანხმების გაფრომებაში მონაწილეობდნენ რუსეთი, უკრაინა, გერმანია და საფრანგეთი.

უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე რამდენიმეწლიან კონფლიქტს, სულ მცირე, 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც Business Insider წერს, რუსეთმა ამ ომში თავისი მხარდაჭერილი სეპარატისტების გასაძლიერებლად გამოიყენა უპრეცედენტო მასშტაბის ფინანსურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და საინფორმაციო ზეწოლა უკრაინაზე, რაც “ჰიბრიდული ომის” სახელით არის ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი