კატეგორიის გარეშე •

მუსლიმი გოგონები თავსაფრით და უთავსაფროდ

15 მაისი, 2018 • 7036
მუსლიმი გოგონები თავსაფრით და უთავსაფროდ

„ვატარო თავსაფარი, ჩემი არჩევანია“- გვეუბნება 19 წლის მუსლიმი გოგო. საკუთარ არჩევანზე საუბრობს მეორე მუსლიმიც, რომელიც თავსაფარს არ ატარებს. „მე მჯერა რომ ღმერთს ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ“, – მიაჩნია მას.

21-ე საუკუნეში საქართველოში მცხოვრები მუსლიმები გვიყვებიან რომ მათი თავისა თუ სხეულის დაფარვა ან არდაფარვა, მათი არჩევანია. ეს არჩევანი კი მათსავე რელიგიურ მრწამსს ემყარება. თავსაფრიანი გოგონების აზრით, ატარო თავსაფარი საკმაოდ რთულია, რადგან  ამ ხილვადობის გამო ისინი ადვილად ხდებიან აგრესიის სამიზნე. უთავსაფრო მუსლიმები კი ამ აგრესიას მათი რელიგიური კუთვნილების გაცხადების შემთხვევაში აწყდებიან. როგორ ცხოვრობდნენ მუსლიმი ქალები წლების წინ და რა შეიცვალა მუსლიმი ქალების, გოგონების ცხოვრებაში დღეს?

მუსლიმმა ქალებმა აჭარაში თავისდაფარვა ბოლო წლებში უფრო აქტიურად დაიწყეს. ბევრი ამ ფაქტს ე.წ. რადიკალური ისლამის გავრცელებას უკავშირებს.

მომავალი ფარმაცევტი – ჯილდა თავსაფრით

ჯილდა ხოზრევანიძე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

„ხშირად მეუბნებიან, შენ ისტორია არ იცი? არ იცი რა გაუკეთეს მუსლიმებმა საქართველოს? ვიცი ისტორია და არანაკლებ მიყვარს ჩემი ქვეყანა“, – გვიყვება 19 წლის ჯილდა, რომელსაც თავსაფრის ტარების გამო არაერთხელ მოუსმენია მისი მისამართით ნათქვამი – „ტერორისტი“, „თურქი“, „რას ჰგავს“.

ჯილდა გვიყვება, რომ არის შემთხვევები, როცა თავად მუსლიმებიც კი ნეგატიურად რეაგირებენ ქალების თავდახურვაზე. „იცით რამდენს უთქვამს ჩემი მშობლებისთვის, „რაში გჭირდებათ“, „მოხსენით“, – გვეუბნება ჯილდა.

ჯილდა გვესაუბრება მუსლიმ ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზეც: „მცდარი წარმოდგენაა თითქოს მუსლიმ ქალებს განათლების უფლება არ აქვთ. მე მყავდა მამიდა, რომელსაც თავის სამ ძმაზე მეტი განათლება აქვს. ბაბუაჩემმა იცოდა სწავლის ფასი და მისი ფასი იცის მამაჩემმაც, ამიტომ ყველანაირად გვიწყობს ხელს, რომ ვისწავლოთ მე და ჩემმა დებმაც“.

ჯილდას თქმით, ხშირად საზოგადოება უფროა დამაბრკოლებელი, ვიდრე ოჯახი: „მამაჩემს სულ ეუბნებიან, რომ ტყუილად ფლანგავს ფულს ჩვენს სწავლაზე, რადგან თავსაფრიან გოგონებს საქართველოში მომავალი არ აქვთ“.

ჯილდას დებიც თავსაფრიანი სტუდენტები არიან. სანათესაოში მხოლოდ ჯილდა მისი დები ატარებენ თავსაფარს.

თავსაფარს არ ატარებს ჯილდას დედა. „დედა მასწავლებელია, თავსაფრიანი მასწავლებელი კი სამცხე-ჯავახეთში წარმოუდგენელია“, – ამბობს ჯილდა. – „ჩემთვის დედა იყო სტიმული, მან მასწავლა რა იქნებოდა ჩემთვის უკეთესი. დედაჩემს ოთხი შვილი ჰყავდა, როცა უნივერსიტეტში ჩააბარა. რთული იყო, მაგრამ სწავლაზე უარი არ უთქვამს“.

ჯილდა ამბობს, რომ არ არის მარტივი მუდმივად დისკრიმინაციულ გარემოში ცხოვრება: „საავადმყოფოში ხარ თუ სხვაგან, პირველი რასაც გეკითხებიან არის – „ქართული იცი?“, შემდეგ მოდის კითხვები: „თურქზე ხარ გათხოვილი?“, „თურქეთში სწავლობ?“ სულ მიწევს იმის ახსნა, რომ ქართველი ვარ“.

ჯილდა ფარმაცევტობას აპირებს, მან იცის, რომ თავსაფრიანს დასაქმებაც გაუჭირდება, მაგრამ იმედი აქვს, რომ ვიდრე უნივერსიტეტს დაამთავრებს, გაუქმდება მათ წინააღმდეგ დაწესებული ეს დაუწერელი ცენზურა.

მოსწავლე გოგონა – თეა თავსაფრით

თეა სურმანიძე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

თეა 17 წლისაა, ჯერ სკოლაც კი არ დაუსრულებია, თუმცა არჩევანი გააკეთა და თავზე დაიფარა. ის ამბობს, რომ თავსაფარი მისთვის თავისუფლებაა. მას მიაჩნია, რომ სხეულის დაფარვით მის სხეულზე თვითონ ამყარებს კონტროლს და არა სხვა. თეა ბათუმში ცხოვრობს და თავის გამოცდილებაზე ყვება:

ხულოდან ამერიკაში სასწავლებლად წასული ლია

ჯილდასა და თეასგან განსხვავებით, ლია დეკანაძე თავსაფარს არ ატარებს. ისიც გვეუბნება რომ არ ატაროს თავსაფარი, მისი არჩევანია. ლიას აზრით, „ღმერთი მას ისეთს იღებს, როგორიც არის“.

თავსაფრის ტარებასთან დაკავშირებით მუსლიმ გოგონებს განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა ლია, ისე როგორც სხვა მუსლიმი გოგონები, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოში და, ზოგადად, პატრიარქალურ გარემოში, ქალებს მუდმივად უხდებათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.

„ქალის ჩაგვრა, ეს არ არის რელიგიასთან კავშირში. ვფიქრობ, ეს არის კულტურული გარემოს ბრალი, რადგან ქალები, ზოგადად, იჩაგრებიან პატრიარქალურ გარემოში“, – გვეუბნება ლია. – „სქესის გამო ბარიერებს ქმნის საზოგადოება. ამიტომ, ჩვენ გოგონები ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ ისევე შეგვიძლია სწავლა, კარიერის გაკეთება და წარმატების მიღწევა, როგორც ბიჭებს“.

ლია ხულოში გაიზარდა, მაგრამ მოახერხა ის, რაც, ჯერჯერობით, ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ვერც ერთმა ბიჭმა ვერ შეძლო: მე-12 კლასში როდესაც გადავიდა, ერთ-ერთი პროგრამის რჩეული გახდა და ამერიკაში წავიდა. ლიამ სკოლა იქ დაამთავრა, ერთი წლის შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა და ახლა თბილისში, თსუ-ში პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს.

ლია ამბობს, რომ მის განათლებაზე განსაკუთრებით დედა ზრუნავდა. „15 წლის ასაკში გაათხოვეს დედა, მას არჩევანი არ ჰქონია. მართალია, ჩემს მშობლებს ბედნიერი ოჯახი აქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ თვითონ ვერ ისწავლა, ახლა ცდილობს ჩვენ, გოგოებს მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რაც მას არ ჰქონია“.

ლია დეკანაძე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

ლია ფიქრობს, რომ დღეს, აჭარაში მცხოვრები მუსლიმები – ქალები და გოგონები არ არიან ჩაგვრის ობიექტები იმაზე მეტად, ვიდრე არამუსლიმი ქალები და მათ აქვთ როგორც განათლების მიღების, ასევე სხვა თავისუფალი არჩევანის უფლება.

მომავალი იურისტი – ნესტანი 

მე არ ვატარებ თავსაფარს და ეს არის ჩემი არჩევანი“, –  ამას 19 წლის ნესტანი გვეუბნება. გოგონას თქმით, „ისლამში მნიშვნელოვანია ადამიანი ძალდატანებით აკეთებს ამას თუ საკუთარი არჩევანით“.

ნესტან ანანიძეც თსუ-ს სტუდენტია და იურისტის კარიერაზე ფიქრობს. მისი თქმით, რომ არა მშობლების მხარდაჭერა, მას ძალიან გაუჭირდებოდა განათლების მიღება. „ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ განათლება მივიღო და კარიერა მქონდეს. დედა 16 წლის გათხოვდა და ახლა უფრო კარგად ესმის განათლების მნიშვნელობა“, -გვეუბნება ის.

ნესტანი გვიყვება, რომ დედა ცდილობს ოთხივე გოგონას მისცეს დამოუკიდებელი ცხოვრების შანსი. „მას უნდა, რომ არ ვიყოთ სხვებზე დამოკიდებული, მათ შორის ფინანსურადაც“.

ნესტან ანანიძე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

მუსლიმი ქალების ხილვადობა იზრდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გვანცა ლომაია მიიჩნევს, რომ წინა წლებთან შედარებით მუსლიმ ქალებს დღეს უფრო მეტად აქვთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა გარკვეულ საკითხებში, მათ შორის განათლებაშიც. მაგრამ, მისი აზრით, აუცილებლად უნდა შეფასდეს არა ის, ინდივიდუალურად რამდენი გოგოს ცხოვრება შეიცვალა, არამედ ტენდენცია როგორია.

გვანცას აზრით, დღეს ეკონომიკური მდგომარეობა ბევრ გოგოს უზღუდავს  განათლების მიღების შესაძლებლობას ან ნაადრევი გათხოვებისკენ უბიძგებს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ მუსლიმ თემში არსებული პრობლემა.

„განათლების აუცილებლობა, ვფიქრობ, უკავშირდება იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი გასცდა თავიანთ ოჯახებს, დაბადების ადგილებს და მათ დაინახეს ბევრი რამის საჭიროება. ზოგ შემთხვევაში, სწორედ ბებიები, დედები გახდნენ გოგონების განათლების მოტივატორები, რადგან ისინი გულდაწყვეტილები არიან იმის გამო, რისი შესაძლებლობაც მათ არ მიეცათ“, – გვეუბნება გვანცა.

გვანცას აზრით, დღეს მუსლიმი ქალები უფრო მეტად ხილვადები არიან, მაგრამ მათი სამოქალაქო აქტივიზმი მაინც დაბალია. „მაგალითად, ჩვენ ვერ ვხედავთ მუსლიმ გოგონებს, ქალებს, იმ მუსლიმ კაცებს შორის, რომლებიც მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ ბათუმში. მათი ხმა იქ არ ისმის“, – ამბობს გვანცა.

ვინ და რატომ ვერ იტანს თავდახურულ ქალს საქართველოში

რელიგიური დოგმების გამო საქართველოში და სხვაგანაც თავს იხურავენ არამუსლიმი ქალებიც –  მაგალითად, მონაზვნები. მუსლიმებისგან განსხვავებით, საქართველოში ამ ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობა არსებობს. ხოლო იმ ქალების მიმართ, ვინც ისლამის გავლენით ატარებს თავსაბურავს, საპირისპირო. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ ქალების „ქართველობაც“.

ისლამის მიმართ სიძულვილი საქართველოში მის მეზობლებთან ისტორიულ კონფლიქტებს  – დაპყრობით ომებს, მათ შორის ოსმალეთის იმპერიის მიერ მე-16 საუკუნეში 300 წლით აჭარის ოკუპაციის ფაქტს უკავშირდება.

მოსაზრებას – ყველა აჭარელი „წინაპრების რელიგიას“ უნდა დაუბრუნდეს, დღემდე აქტიური მხარდამჭერები ჰყავს.

„დღეს აქ რომ ისლამზე ქადაგება მიდის, იმ ქვეყნის ინტერესში შედის, რომელსაც სურს, რომ შეინარჩუნოს გავლენა აჭარაზე. ეს არის ისტორიულად ნაცადი ხერხი. ამიტომ ჩვენ ქართველები ვართ და უნდა ვიყოთ მართლმადიდებლები“, – ამბობდა ერთ-ერთი მოქალაქე შეხვედრაზე, რომელიც „ბათუმის ამერიკულ კუთხეში“ გაიმართა და სადაც საუბარი იყო ქართველი მუსლიმების, კონკრეტულად კი ქალების უფლებებზე.

რელიგიის მიმართ მტრულ განწყობებს ქმნიდნენ კომუნისტები. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ისინი ხალხში რელიგიის მიმართ სიძულვილსა და აგრესიას აღვივებდნენ. ამკვიდრებდნენ სტიგმებს მორწმუნე ადამიანების მიმართ და ამბობდნენ, რომ ღმერთი მხოლოდ გაუნათლებელ, ჩამორჩენილ ადამიანს შეიძლება სწამდეს.

წყაროების მიხედვით, მაგალითად, როცა ხულოელმა ქალმა – ფემბე ხოზრევანიძემ ჩადრი სახალხოდ მოიხადა, მან თქვა: „ამ განათლებულ ქვეყანაში ჩადრი რად მინდა“.

ასევე წყაროების მიხედვით, 1929 წლის თებერვალში ქართველმა მუსლიმმა ქალებმა პირველ ყრილობაზე როცა ჩადრი დემონსტრაციულად მოიხადეს, გაიძახოდნენ: „გაუმარჯოს ქალთა თავისუფლებას, ძირს ჩადრი“.

ამ ქალებმა იატაკზე დაყრილ ჩადრებს ცეცხლი წაუკიდეს.

რელიგიური სტერეოტიპების გავრცელების პარალელურად, კომუნისტები აქტიურად ებრძოდნენ როგორც ქრისტიანობას, ასევე ყველა სხვა რელიგიას ქვეყანაში. შესაბამისად, იკრძალებოდა როგორ რელიგიური რიტუალები, ასევე რელიგიური სიმბოლოებისა და ატრიბუტიკის გამოყენებაც.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის პირველ წლებში, ათეისტობით ცნობილი საზოგადოება საქართველოში აქტიურად მიუბრუნდა ეკლესიას, ღვთისმსახურებას და დაიწყო ე.წ. „სულიერი გამოღვიძება“. ხილვადი გახდა მუსლიმების რელიგიური იდენტობაც.

ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი

პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი შოთა ფევაძე ამბობს, რომ მუსლიმებისა და, ზოგადად, ისლამის მიმართ შეუწყნარებლობა და სიძულვილი, დასავლეთში 11 სექტემბრის ტერორისტული აქტისა და რადიკალური ისლამის გააქტიურების შედეგად არის გამოწვეული.

„ისლამის დემონიზებას  განაპირობებდა მე-20 საუკუნეში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, რომელსაც დასავლური მედია ცალსახად პროებრაული ჭრილით აშუქებდა, უფრო ადრე კი, ისლამის მიმართ სიძულვილს ხელი შეუწყო ისეთმა ისტორიულმა მოვლენებმა, როგორიცაა კონსტანტინეპოლის აღება ოსმალების მიერ.

„წმინდა მიწის“ მუსლიმების ხელში აღმოჩენაში, ევროპულ საზოგადოებებში განაპირობა  ისლამის როგორც სისხლითა და მახვილით მზარდი რელიგიის შესახებ წარმოდგენის გაჩენა“.

შოთა ფევაძის თქმით, არის თუ არა რომელიმე რელიგია ძალადობრივი, რთულია ამის თქმა, რადგან მნიშვნელოვანია, როგორ ინტერპრეტირებას გავაკეთებთ.

„ნებისმიერ რელიგიას შეიძლება მივაბათ ძალადობრივი ნიუანსები და გამოვიყენოთ ის ომის ლეგიტიმაციისთვის. იგივე ხდება ისლამთან დაკავშირებითაც. „მაგალითად, ISIS-ის აქვს პოლიტიკური მიზნები და ამის მისაღწევად ის იყენებს ამოგლეჯილ ფრაზებს ყურანიდან. თვით მუსლიმ მოსახლეობაშიც კი დიდი გაუგებრობაა ამ ფრაზებთან დაკავშირებით“, – გვეუბნება ის.

ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა ისიც, რომ ისლამი სხვადასხვა კონტინენტზე, განსხვავებული ენისა და კულტურის ხალხშია გავრცელებული, რაც ყურანის სწორად წაკითხვის პრობლემას ქმნის.

რაც შეეხება საქართველოს, შოთა ფევაძის აზრით, საქართველოში ისლამის მიმართ სიძულვილს პოლიტიკური მოტივები განაპირობებს.

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა მუსლიმები კი იმედოვნებენ რომ წინააღმდეგობებისა და სიძულვილის ენის მიუხედავად, საზოგადოება მიეჩვევა განსხვავებულის მიღებას და ადამიანებზე მენტალური ძალადობის ფაქტებიც შემცირდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი