კატეგორიის გარეშე •

ძიუდოს ფედერაცია ხელმძღვანელის გადადგომის ნაცვლად სპორტსმენებს ყრილობაზე იწვევს

5 მაისი, 2018 • 3468
ძიუდოს ფედერაცია ხელმძღვანელის გადადგომის ნაცვლად სპორტსმენებს ყრილობაზე იწვევს

დღეს დილიდან ძისუდოისტთა ერთმა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა. მათი ერთადერთი ძირითადი მოთხოვნაა გადადგეს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სპორტსმენების ამ განცხადებას ახლახან ბრიფინგით გამოეხმაურა ფედერაცია და სპორტსმენებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„10 მაისს, „რედისონში, 12 საათზე გადაწყდა ჩატარდეს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა. ეს ღია ყრილობა იქნება. ყველას შეუძლია, მსურველს, მოყვარულს, მოვიდეს, დაესწროს. მე ქუჩიდან არ გავმართავ პოლემიკას, არ დავუწყებ არავის საუბარს. მობრძანდნენ, იგივე ჩვენი შვილები არიან, ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი ახალგაზრდა თაობაა. მოვიდნენ, ერთად დავჯდეთ, აუღელვებლად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მოიტანონ არგუმენტები, მოიტანონ ფაქტები, თუ რა დააშავა ძიუდოს ფედერაციამ, კერძოდ მისმა თავკაცმა ქევხიშვილმა და დავჯდეთ ოჯახურად განვიხილოთ ყველაფერი, გადავწყვიტოთ და გავაგრძელოთ მუშაობა. ასე არ გამოვა, წაგებული გამოვა ძიუდო პირველ რიგში, შემდეგ- მთელი ქართველი ხალხი“, – განაცხადა შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე ბერდია გუგავამ, ვეტერანმა ძიუდოისტმა.

ბრიფინგზე ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ რა გააკეთა დავით ქევხიშვილმა ძიუდოს საკეთილდღეოდ – „შენობა, რომელიც სულ იყო საჯილდაო ქვა, ვისი იქნებოდა, დავით ქევხიშვილის დიდი რუდუნებით ჩვენ გადმოგვეცა. რეგიონებში ყოველთვის მწვრთნელის პრობლემა იყო გადასაწყვეტი, ეს პრობლემა გადაწყვეტილია. საპრიზო ფონდი 600 ათასია და პატარა ბავშვსაც კი გაუჩნდა სარჩო-საბადებელი, გაიხსნა 30-მდე ახალი დარბაზი. გაკეთდა პროექტი ტოკიო-2020, სადაც სპორტსმენები ვარჯიშობენ.

დავით ქევხიშვილმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ „უსაფუძვლო ბრალდებების გამო რაღაც ნაბიჯებს უკან ვერ გადადგამს“. ფედერაციის ხელმძღვანელი თვლის, რომ მისი მოწინააღმდეგებისგან დღემდე ვერ მოისმინა არგუმენტი, თუ რატომ უნდა გადადგეს.

ძიუდოს ფედერაციის თავმჯდომარე ამავდროულად ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც არის.

ამავე თემაზე:

ძიუდოისტები ქევხიშვილს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი