კატეგორიის გარეშე •

თალაკვაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე: საქართველოში მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია

24 აპრილი, 2018 • 1567
თალაკვაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე: საქართველოში მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია

„საქართველოში არცერთი ჟურნალისტი არ არის დაპატიმრებული,“ – განაცხადა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოში არსებულ მედიაგარემოს შესახებ საუბრისას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ბათუმში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როსის სემინარის ერთ-ერთი სპიკერი იყო. დღევანდელი სესია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე  საუბარს დაეთმო.

თალაკვაძემ ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ და განაცხადა, რომ მომავალი პარლამენტი უფრო დაბალანსებული იქნება, ვიდრე დღესაა. თავისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი უმრავლესობის ლიდერმა მედიაგარემოზე საუბარს დაუთმო.

„მინდა ვუპასუხო კრიტიკას, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ვერც შევადარებ სიტუაციას, რაც გვქონდა ადრე, რამდენიმე წლის წინ.

რასაკვირველია, უნდა ვაღიაროთ წვლილი, რომელიც ყველამ შეიტანა- სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციამ, საქართველოს პარტნიორებმა, რომ გაგვეუმჯობესებინა მედიაგარემო საქართველოში. როგორ შეგვიძლია განვსაჯოთ, არის თუ არა მედია თავისუფალი? არის მკაფიო კრიტერიუმები, რომელიც შეიძლება მოვარგოთ საქართველოს რეალობას.  ჩვენი მმართველობის დროს, პროცედურულად, რეგისტრაცია ახალი მედიასაშუალებების გამარტივებულია. ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისთვის. ინდიკატორი არის კრიტიკული შინაარსის მოცულობა, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ მედიაში. დღევანდელი მედიის შინაარსი, გუშინდელი, ერთი წლის წინანდელი კონტენტი მედიის შეიცავს არსებითად დიდ კრიტიკულ მოცულობას მთავრობის მიმართ. ეს ადასტურებს მედიაგამოცემების დამოუკიდებლობას, რომ კონტროლისგან არიან თავისუფლები, აკრიტიკონ მთავრობა და მმართველი პარტია. დაბოლოს, ჟურნალისტები როგორ გრძნობენ თავს მათ პროფესიულ საქმიანობაში? ვიტყოდი, რომ საქართველომ გადალახა ის დრო, როდესაც ჟურნალისტებს აპატიმრებდნენ მათი დამოუკიდებელი პროფესიული აქტივობისათვის. არცერთი ჟურნალისტი [ვიცი, რომ ეს არის ძალიან ფუნდამენტური და არსებითი რამ იმ დემოკრატიებისთვის, საიდანაც თქვენ ხართ], ჟურნალისტი ამჟამად არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილი მთავრობის კრიტიკის ან მსგავსი შინაარსის რეპორტაჟის გამო. ფრთხილად უნდა ვიმუშაოთ, რომ მოვახდინოთ მდგრადობა და გაუმჯობესება მომავალში არსებული სიტუაციის,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერს გამოსვლის დროს არ უხსენებია არც რუსთავი 2-თან დაკავშირებული დავა  და არც „საზოგადოებრივ მაუწყებელში აშკარა პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა“. მას არც აფგან მუხთარლის გატაცების საქმე უხსენებია და არც რამდენიმე ნაციონალური მაუწყებლის ერთ მედიაჰოლდინგში გაერთიანება. Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ეს ის ფაქტორებია, რამაც 2017 წელს ქვეყანა მედიის დამოუკიდებლობის კუთხით უკან დახია.

ამავე სესიაზე მოხსენებით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. მათი პოზიციები მედიაგარემოსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული იყო იმ პოზიციისგან, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ჰქონდა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეია გუშინ, 23 აპრილს, გაიხსნა ბათუმში და ხვალ სრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი